17 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დღის პირველი ნაწილში, 9-დან 12 საათამდე ბონში ვიყავით, სადაც შევხვდით ორგანიზაცია MIGRApolis – Haus der Vielfalt Bonn-ის ხელმძღვანელს. ვისაუბრეთ მიგრანტთა შესახებ, რა წინააღმდეგობებს აწყდენიან ისინი გერმანიაში ჩასვლისას, როგორ ეხნარება აღნიშნული ორგანიზაცია მათ. გავეცანით მათი მუშაობის სტრუქტურას. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ბოლო ხნის განმავლობაში ბონში ათასობით მიგრანტი მიიღეს. თუმცა ამას სერიოზული პრობლემები არ მოჰყოლია. ორგანიზაცია MIGRApolis-ში თანამშრომლების ნაწილი არაგერმანელები არიან, თავად ხელმძღვანელიც თურქული ეროვნებისაა. საბოლოო ჯამში, შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა.
რაც შეეხება დღის დანარჩენ ნაწილს, ანუ ჯამში 8 საათს, მთელი ეს დრო კიოლნის დათვალიერებას დავუთმეთ. კიოლნში ჩასვლისას პირველი, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ, კიოლნის კათედრალია, რომლის შენებაც მე-12 საუკუნეში დაიწყო და დაახლოებით მე-18 საუკუნეში დამთავრდა. უდიდესი, ულამაზესი და ძალიან შთამბეჭდავია, როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ისე თავისი სახასიათო ვიტრაჟებით, საგანძურითა და ხედით მისი უმაღლესი წერტილიდან (მთელი ქალაქი ჩანს).
არ მეგონა თუ ორსაათნახევარი დასჭირდებოდა მის დათვალიერებას, თანაც ისიც სრულყოფილად ვერა, რადგან მინდოდა სხვა რაღაცებიც მენახა. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რაც კიოლნში ვნახე, იყო Wallraf-Richartz-ის მუზეუმი. ერთად თავმოყრილია შუა საუკუნეების, ბაროკოს პერიოდის, პუანტილიზმის, იმპრესიონიზმისა და სხვა მრავალი პერიოდისა თუ მიმდინარეობის მხატვრობის ნიმუშები. ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ ერთ დღეში ვან გოგს, გოგენს, რენუარს, რუბენსს, მონეს, მანეს, სეზანს, რემბრანდტს, ტინტორენტოს, უტრეხტს, დიურერს – ყველა ამ გენიოსის, სხვა უცნობი თუ ნაცნობი მხატვრის შემოქმედებას ვნახავდი. ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, ეს შესაძლებლობა რომ მომეცა.
როგორც იცით, გერმანიაში სხვადასხვა დაწესებულების უმეტესობა საღამოს 6 საათზე იკეტება. ამიტომ ბევრი რამის დათვალიერება ვეღარ მოვასწარი, თუმცა მომავალში აუცილებლად დავბრუნდები ამ ქალაქში. სხვა თუ არაფერი, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
დღე კიოლნში, Früh am Dom-ში დავასრულეთ ტრადიციული გერმანული საჭმლისა და ლუდის თანხლებით. კიოლნი არის ქალაქი, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ველოსიპედით მოძრაობს, სადაც ყველა შესაძლო თემატიკაზე არსებობს მუზეუმები (მაგ: შოკოლადის მუზეუმი). ჯერ-ჯერობით ამ კურსის საუკეთესო დღე იყო. თუმცა ბერლინი ჯერ კიდევ წინაა! ^_^