18 ოქტომბერი, ხუთშაბათი
სემინარის ყოველი დღე განსხვავებულ თემატიკაზეა აგებული. სიძულვილის ენა, ბლასფემია, კიბერბულინგი, ტერორისტების მიერ ინტერნეტის გამოყენება სხვადსხვა მიზნისათვის, პოპულიზმი, ნატივიზმი – ესაა მოკლე ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებსაც დღეს შევეხეთ.
თავდაპირველად ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი სიძულვილის ენის, კიბერბულინგისა და სხვადასხვა სახის პროპაგანდის პრევენციისთვის, მათგან ნაკლები ზიანის მიღებისგან. მსგავსად ყველა მანამდე ჩატარებული მუშაობისა, ესეც პროდუქტიული იყო. თანაც ყველაზე კარგი ისაა, რომ ყოველ სამუშაოზე ჯგუფების შემადგენლობა ცვალებადია. თითოეული მუშაობის შემდეგ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვმართავთ დისკუსიებს.
დღის მეორე მთავარი თემა იყო პოპულიზმი, რომელზედაც მუშაობის გამოდილება მაქვს. ასე რომ, მაინტერესებდა რა კუთხით წავიდოდა დისკუსია. სხვათაშორის, იმისგან ბევრად განსხვავებული იყო, რასაც ველოდი. თითოეულმა მონაწილემ ჩვენი ქვეყნების მაგალითზე ჩამოვწერეთ 3-3 საკითხი, რომელიც პოპულიზმთან, ნატივიზმთან, მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით გაგვახსენდა. შემდეგ შინაარსობრივად ყველაზე ახლოს მდგომებმა 4 ჯგუფი გამოვყავით და დავიწყეთ იმაზე საუბარი, თუ რა აქვთ ჩვენს ქვეყნებს მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით საერთო.
არგენტინა, პანამა, ჰონდურასი, ლიბანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რუმინეთი – ესენია ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლებთან ერთადაც განვიხილავდი ზემოთაღნიშნულ საკითხს. მოკლე პრეზენტაციის სახით მე და არგენტინის წარმომადგენელმა ვისაუბრეთ ზოგადი სიტუაციის შესახებ.
ხვალიდელი დღე მთლიანად ეკონომიკურ ასპექტს დაეთმობა. მთავარი შეკითხვა კი, რომელზედაც მოგვიწევს პასუხის გაცემა, იქნება – შესაძლებელია თუ არა ღია საზოგადოების არსებობა თავისუფალი ბაზრის გარეშე.