ერთადერთი დღე აღმოჩნდა, როდესაც 07:15-ზე გაღვიძებამ მომიწია, გერმანული დროის ცნება მშვენივრად შევითვისე, მატარებელზე არ უნდა დაგვეგვიანებინა. ჰაგენის რკინიგზის სადგურიდან ბერლინის ცენტრალურ სადგურამდე ზუსტად ოთხი საათი დასჭირდა მატარებლის ჩასვლას.

სასტუმროში მისვლის და ბარგის დალაგების შემდეგ პროგრამის მიხედვით ბერლინის ერთ-ერთ მთავარ DDR Museum-ში (გდრ-ს მუზეუმი) წავედით. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, ამ მუზეუმის განლაგების სტილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით სავსე ატმოსფეროა. თავისუფლად გაქვს საშუალება მოუსმინო სხვადასხვა ენაზე თარგმნილ ისტორიებს, რომლებიც პირველწყაროთა ინტერვიუებზე დაყრდნობითაა შედგენილი.

ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მუზეუმის ის ნაწილი იყო, სადაც გფრ-დან გდრ-ში შეტანილი ‘დასავლური’ პროდუქცია ჰქონდათ განთავსებული. გარდა ამისა, მაქსიმალურად დეტალურად იყო წარმოდგენილი გდრ-ს დროინდელი ოჯახების ცხოვრება, სკოლაში არსებული სიტუაცია, პროპაგანდის გამოყენების საშუალებები, სხვადასხვა სამსახურების მუშაობის პროცესი (დაკითხვის ოთახის იმიტაცია ჰქონდათ გაკეთებული) და ა.შ.

დღის ბოლოს, მუზეუმის დათვალიერების შემდეგ ტრადიციულად სავახშმოდ წავედით და ცოტა დაღლილებმა ენერგია აღვიდგინეთ. ჰოდა, ეს დღე ბერლინური ღამის ცხოვრების გაცნობით დავამთავრეთ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი – კარგი იყო! 😀

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.