დღევანდელი დღე მთლიანად ბერლინის ტურს და დათვალიერებას დავუთმეთ. ერთი შეხედვით ბევრი დრო გვქონდა, თუმცა იმდენი რამეა აქ სანახავი (და მუზეუმებს იმდენი დრო მიაქვს), „საკმარის დროდ“ რა შეიძლება მივიჩნიოთ, გაურკვეველია. ჩვენი გიდი გერმანელი Hannelore Fobo იყო, რომელსაც სწორედ ორად გაყოფილი გერმანიის პერიოდში მოუწია ცხოვრებამ. ყოველთვის საინტერესოა ამბების მოსმენა იმ ადამიანებისაგან, რომელთაც რეალურად გამოსცდეს თავიანთ თავზე ყველანაირი დაბრკოლება (ამ შემთხვევაში გერმანიის გაყოფით გამოწვეული).
მიუხედავად წინა დღიდან გამოყოლილი დაღლილობისა და დილაადრიანი სიცივისა, ყურადღებით ვუსმენდი თითოეულ ისტორიას. ერთ-ერთი „ორმაგი კედლის“ (შინაარსიდან გამომდინარე, ასე დავარქვი) ისტორია იყო. გერმანიის ორად გაყოფის შემდეგ საინტერესო იყო ის, რომ „საზღვრიდან“ 30-50 მეტრის მოშორებით (აღმოსავლეთ ნაწილში) კიდევ ერთი კედელი იყო აღმართული. ვინმე თუ დასავლეთ ნაწილში მოინდომებდა გადასვლას, დიდი სურვილი მიუხედავად მიანც ვერ შეძლებდა ამას, რადგან წინ მეორე დაბრკოლება დახვდებოდა და პლუს, სამეთვალყურეო კოშკიდან გასროლილი ტყვია არ ასცდებოდა დიდი ალბათობით.
დღის მეორე ნაწილში რაიხსტაგში მივედით. ამ შენობის წინ ძალიან დიდი მწვანე სივრცეა, გვერდით ქალაქის ერთ-ერთი პარკი, სადაც შემოდგომა ყველაზე მეტად იგრძნობოდა; რაიხსტაგის შემდეგ ბრანდერბურგის კარიბჭისაკენ გადავინაცვლეთ, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა ხოლმე. მოკლედ, ერთ დღეში ბერლინის მთავარი სიმბოლოების დიდი ნაწილის ნახვა მოვახერხეთ.
მცირეხნიანი შესვენებისა და ლანჩის შემდეგ Stasi Museum-ში წავედით (Stasi – Secret Security Service). მუზეუმი იმ შენობაშია, სადაც თავის დროზე განთავსებული იყო ეს სამსახური. DDR მუზეუმის მსგავსად, აქაც უმეტესი ნაწილი თანამედროვე სტილში იყო წარმოდგენილი. Stasi-ს შექმნიდან მის გაუქმებამდე არსებული პერიოდი სხვადასხვა ექსპონატის, ფოტო, ვიდეო და აუდიომასალის საშუალებით იყო გადმოცემული.
როგორც ჩანს, ყველაზე დიდი ხანი მე გავჩერდი მუზეუმში, რომ გამოვედი, ჩემიანები ვერსად ვნახე. ჰოდა, რუკისა და მეტროს ნიშნების დახმარებით მივაღწიე დანიშულების ადგილამდე. სხვათაშორის, კარგი გამოცდილებაა ბერლინის მეტროში დაუხმარებლად რომ ახერხებ გზის გაკვლევას.
დღის ბოლოსკენ გადავწყვიტე, რომ სასტუმროში დაბრუნებამდე ცოტა კიდევ მევლო ფეხით. ეს ცოტა ბევრი აღმოჩნდა, გზად კი „ტერორის ტოპოგრაფიის“ მუზეუმში შევიარე. სახელიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ მუზეუმის თემატიკა ნაცისტური რეჟიმის არსებობის პერიოდსა და მათს ქმედებებს ეხებოდა. საინტერესო იყო ახალი დეტალების აღმოჩენა.
მგონი, ყველაზე დამღლელი დღე იყო, სასიამოვნოდ დამღლელი. ხვალ სამი შეხვედრა გვაქვს და იმედი მაქვს, როგორც აქამდე გამართული შეხვედრები, ესენიც საინტერესო იქნება.