ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტისა და გლობალური პოლიტიკის მაგისტრანტის მარიამ ბიწაძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

შიდასახელმწიფოებრივ დონეზე, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა მთავარი გამოწვევა საქართველოსათვის. საკითხი ძალიან კომპლექსურია და ჩემი აზრით, გადაჭრის გზებიც ასევე მოითხოვს კომპლექსურ ნაბიჯებს როგორც შიდა პოლიტაკაში, ასევე საგარეო პარტნიორების სტრატეგიულ შერჩევაში. დღევანდელ რეალობაში, რუსეთი და საქართველოში მისი გავლენებია დიდი გამოწვევა. ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმისას ეს უნდა გვახსოვდეს და ტერიტორიული მთლიანობა გახდეს პოლიტიკის წარმოების ამოსავალი წერტილი. გავლენების შემცირება შესაძლებელია მეტად ინფორმირებული და განათლებული საზოგადოების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხშირად, რუსული პროპაგანდის ობიექტები არიან.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

ნობელის პრიზის მფლობელი მშვიდობის დარგში – კოფი ანანი. მისი საქმიანობის შედეგად მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გაერომ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის საკითხებში.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

ვამაყობ, რომ ჩემთვის ფინანსურად მიუწვდომელ ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებში შევძელი სწავლა აკადემიური განვითარების სხვადასხვა საფეხურზე.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ამჟამად ვარ ამერიკის შეერთებული შტატების გაცვლითი პროგრამების ასოციაციის (EPAG) აღმასრულებელი საბჭოს წევრი და წარმოვადგენ UGRAD გაცვლით პროგრამას. ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალ ადამიანებს, რომლებმაც განათლება მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასოციაციის მთავარი მიზანია აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ასევე ცოდნის გაზირება სხვადასხვა ფორმატის პროგამებისა და აქტივობების საშუალებით.

რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?  

ჩემი პროფესიის ადამიანები მრავალი მიმართულებით მუშაობენ საჯარო თუ კერძო სფეროში. ჩვენი საქმიანობა უკავშირდება ყოლელდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს. სწორი პოლიტიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა შესაძლებელს ხდის რიგითი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, ამიტომ ვთვლი ჩემი პროფესია მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე მიზეზის გამო საპასუხისმგებლოც.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

დღევანდელი საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს გააზრებული, რომ ძალა არის ხალხში, სახელმწიფოს ლეგიტიმაციას ხალხი აძლევდეს და საზოგადოება არ უნდა იქცეს სხვადასხვა ჯგუფის მიერ მართულ ერთობად. ეს საშიშია სახელმწიფოებრიობისათვის.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში

სასიხარულო ძვრებზე ფიქრისას ავტომატურად მახსენდება 2023 წლის მარტის მოვლენები, სადაც საზოგადოებამ უპრეცედენტო წინააღმდეგობა გაუწია მათთვის არასასურველ კანონპროექტს. ჩემთვის ეს იყო სამოქალაქო აქტივიზმის ზეიმი და მისი მნიშვნელობის თვალნათლივ ჩვენება. ასევე მახსენდება აქციები აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად. ეს არის წარმატებული აქტივიზმის კარგი მაგალითები, რაც ბოლო პერიოდში ტენდენციად იქცა და უკავშირდება ახალგაზრდების მეტად გააქტიურებას.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში

1) 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკა მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო საქართველოს ისტორიაში, როგორც თანამედროვე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის გამოცდილება. 

2) 1991 წლის 9 აპრილი – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 

3) 2003 წელი – ვარდების რევოლუცია.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.