ჩემი მოკლე ბიოგრაფია

დაიბადა 2000 წლის 19 აპრილს ქ.ფოთში. 2006 წლიდან სწავლობს ქ.ფოთის #1 საჯარო სკოლაში. 2007 წელს შევიდა საჭადრაკო სკოლაში და ცხრაწლიანი სწავლის შემდგომ 2017 წლიდან მოღვაწეობა განაგრძო მწვრთნელ- მასწავლებლის სტატუსით. 2012 წელს მოიპოვა ევროპის თასის პრიზიორის ტიტული ჭადრაკში და ორგზის დასახელდა ქალაქის საუკეთესო სპორტსმენად. არის უამრავი რეგიონალური თუ რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებული. რამდენიმე წელი ქართული ცეკვების შესწავლითაც იყო დაკავებული. 2016 წელს მოხალისეობა დაიწყო ქალაქის ადგილობრივ ტელევიზიაში ჟურნალისტის პოზიციაზე. ამჟამად აბიტურიენტია. მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში წარმატებულად ერთვებოდა ეროვნულ და სასკოლო ოლიმპიადებში, კონფერენციებში, პროექტებსა და მუსიკალურ ღონისძიებებში. აგრეთვე არის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის უცვლელი წევრი. მრავალჯერ აქვს მოპოვებული გრან პრი სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალზე, ხოლო 2016-2017 წლებში იყო ახალგაზრდული ბენდის სოლისტი. არის სკოლის ოქროს მედლის კანდიდატი და 2015 წელს განათლების სამინისტროსგან დაჯილდოვდა კომპიუტერით.

ჩემთვის #ინიციატივა არის

ყოველთვის ვცდილობდი რომ ვყოფილიყავი აქტიური მოქალაქე ,მეკეთებინა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე და მეჩვენებინა ადამიანებისთვის, რომ მე ბევრი რამ შემიძლია. ყოველი ჩემი ქმედება მიზანმიმართული და გათვლილი ნაბიჯი იყო, ორიენტირებული პიროვნული განვითარებისკენ. ვფიქრობ, რომ თითოეულ ახალ იდეას, ინიციტივას , სჭირდება შემართება, მხარდაჭერა და იმედი. “ინიციატივამ” კი ჩემი მოტივაციისა და მონდომების ხარისხი კიდევ უფრო აამაღლა. დამაფიქრა იმაზე, თუ ვინ ვიყავი და რა შემეძლო გამეკეთებინა საზოგადოებისათვის. რეალურად, ყოველი ჩვენგანი უფრო დიდ რესუსრსს ფლობს, ვიდრე ეს ჩანს. “ინიციატივა” ჩემთვის ჯანსაღი იდეის მხარდაჭერაა, რომელიც თითოეულ ადამიანს ეხმარება იპოვოს საკუთარი თავი თვისივე შესაძლებლობებში.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი- ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას. პირველი შეხება ამ ინსტიტუტთან მქონდა ბაკურიანში, 2018 წლის ზამთრის სკოლაში. აქ გატარებულმა ოთხმა დღემ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი შეხედულებები რეალობაზე. დავფიქრდი არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხერხებზე, პერსპექტივებზე და საკუთარ როლზე ჩემს თემში. გარდა ამისა ვისწავლე ექსტრემალურ პირობებში პროექტების წერა, ორგნიზება და დავაფასე ჩემს გონებაში ამოტივტივებული თითოეული იდეა, რომელსაც შეიძლება ფრთები შეესხას თუ რა თქმა უნდა შედეგზე გასვლა შესაძლებელია. ეს ინსტიტუტი მოუწოდებს ახალგაზრდა თაობას მეტი ჩართულობისკენ, რადგან ჩვენი სახელმწიფო ჩვენს ხელთაა და ლომის წილი მიგვიძღვის მის მომავალ განვითარებაში. ამიტომ, სამოქალაქო აქტივიზმი უდა იყოს უმაღლეს დონეზე, რათა ვიცხოვროთ იდეალურ ქვეყანაში.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა საქართველო სადაც პირველ რიგში განათლების დონე იქნება უმაღლესი, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ყოველი უბედურება გაუნათლებლობიდან იღებს სათავეს. არ ვგულისხმობ მხოლოდ სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებას. ამათთან ერთად მთავარია არაფორმალური და კულტურული განათლება, ურთიერთპატივისცემა. ქვეყანაში, სადაც ამ მხრივ ლაფსუსები არ მოიპოვება, სხვა პრობლემები ადვილადმოგვარებადი ხდება. მინდა აგრეთვე სამართლიანი ქვეყანა, სადაც ადამიანთა დისკრიმინაცია და ჩაგვრა უცხო ხილი იქნება. მსურს უფრო ფართე გზა დაეთმოს ახალგაზრდა თაობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძვირფას საბადოს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველს მინდა უფრო მეტი სამუშაო ადგილი, მეტი დასაქმებული, ნაკლები სოციალურად დაუცველი. და მაინც, ვფიქრობ ეშველება ამ ყველაფერს, მთავარია მიეხედოს განათლების სისტემას და ვიმუშაოთ მეტი ახალგაზრდა თაობის სწორად განვითარებაზე.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მინდა გამოვიდე ადამიანის უფლებათა დამცველი. როცა ჩვენთან და არა მარტო აქ, ზოგადად ამდენ უსამართლობას და უკანონობას ვხედავ, ვხედავ როგორ იჩაგრებიან ადამიანები დისკრიმინაციის განსხვავებული ფორმებით, მიჩნდება დიდი უსამართლობის შეგრძნება, რომ უფლებები ილახება. ბავშვობიდან სასტიკად ვებრძოდი უსამართლობას და ახლა, როცა ცხოვრების უმთავრესი არჩევანის წინაშე ვდგავარ, ვარჩიე ვემსახურო სამართლიანობას და ვიყო ბოლომდე მიუკერძოებელი. მონტესკიე წერდა: „როდესაც მოვინახულებ ამა თუ იმ ქვეყანას, მე ვინტერესდები არა იმით, არის თუ არა იქ კარგი კანონები, არამედ იმით, თუ როგორ სრულდებიან ისინი, ვინაიდან კარგი კანონების ნახვა ყველგან შეიძლება“. მსურს ჩემი ქვეყანა მაქსიმალურად იცავდეს მისივე შემუშავებულ კანონებს და ადამიანებმა არ იგრძნონ თავი შევიწროებულად ან დაჩაგრულად. ეს არის ჩემი მიზანი.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობას , მე პირადად განვსაზღვრავ ჩემი ქვეყნის კულტურის და ისტორიის სიყვარულით . გათვითცნობიერება და შესისხლხორცება იმ ისტორიისა, რომელიც საქართველომ სააუკუნეების განმავლობაში შეიძინა, აუცილებელია. ჩემი და ყველა ქართველის მოვალეობაა, რომ საქართველო ისევ ამაყად იდგეს სხვა წარმატებული ქვეყნების გვერდით . ქართველობის გამოხატულება სწორედ ესაა , იბრძოდე საქართველოსთვის. დროა შევეშვათ რუსეთს, დავიბრმავოთ მისკენ მიმართული თვალი და ვაკეთოთ საქმე ფუჭი ლაპარაკის ნაცვლად. მთავარი სწორედ ისაა , დავუფიქრდეთ საკუთარ სიტყვებს, ქმედებებს ,იქნებ პრობლემა ჩვენშია, ჩვენს არასწორ მიდგომასა და შესაძლებლობების გამოუყენებლობაში.

One thought on “მარიამ დოლიძე

  1. ამაყი ვარ, საღად მოაზროვნე, ნიჭიერი თაობით და ჩემი თანაქალაქელით. იმედიანად ვუყურებ მომავალს და მჯერა მოდის თაობა, რომლიც მოქმედებს დემოკრატიული ფასეულობებით და აზროვნებს პროგრესულად. აგრეთვე მათთვის ღირებულია ეროვნული ფასეულობები,
    ვისურვებდი ასაკოვანი თაობისთვისაც იყოს სხვასდვა ტიპის ივენთების კარი ღია. თაობა რომლისთვის უცხო იყო ევროპული ფასეულობები და ჩამოყალიბდნენ, ცხოვრობდნენ რკინის ფარდის მიღმა, თუმცა ეს მათი სურვილი და არჩევანი არ იყო. მერწმუნეთ მათაც სურთ მიიღონ ამ კუთხით სათანოდო ინფორმაცია თუ განათლება. და სურთ ერთად ხელი-ხელ ჩაჭედილი ახალგაზრდებთან ერთად იარონ პროგრესული გზით. გზით რომელსაც მივყავართ განვითარებისკენ, სამართლიანობისკენ და თავისუფლებისკენ.

    წარმატებები მარიამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.