ჩემი მოკლე ბიოგრაფია

მარიამ კაჭკაჭაშვილი – დაიბადა 1999 წლის 16 ივლისს ლეჩხუმში(ცაგერის რაიონში). 2017 წელს დაასრულა ცაგერის საჯარო სკოლა ოქროს მედალზე. ამავე წელს ჩააბარა თსუ-ში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კერძოდ-ჟურნალისტიკაზე 50% გრანტით. ამჟამად არის 18 წლის, პირველკურსელი. მისი ჰობია ცეკვა. 11 წელი ცეკვავდა სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში”. უყვარს კითხვა და არის კომუნიკაბელური.

ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის

ჩემთვის ინიციატივა არის ადგილი სადაც წინა პლანზე დგანან ახალგაზრდები თავიანთი მიზნებითა და სურვილებით. პირველ რიგში ინიციატივა ახალგაზრდების გაერთიანებაა, მათი მოტივირება ამა თუ იმ საკითხზე, ერთად მუშაობა, ჩართულობა, პრობლემების გადაჭრა, ინდივიდუალური უნარების გამოვლენა, საკუთარი თავის რეალიზაცია, ჯგუფურად მუშაობის გამოცდილება, სიახლეების აღმოჩენა, საზოგადოებაში თავის დამკვიდრება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, პროექტების განხორციელება და ა.შ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი შეთავსებულია გართობასთან, ახალი მეგობრების შეძენასთან, დასვენებასთან, დროის სარფიანად გამოყენებასთან და ახალი ინფორმაციების მიღებასთან.
ინიციატივა არის ადგილი სადაც თვითონ ხდები ინიციატორი შექმნა რაღაც ახალი და ღირებული. შეძლო სხვების დახმარება და აქტიურად იყო ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. ჩემთვის ინიციატივა განსაკუთრებულია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და ვთვლი, რომ მომავალშიც ბევრს ვისწავლი.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის სფეროში. ინსტიტუტი ახორციელებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე. მისი მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა სამოქალაქო აქტივიზმში. ინსტიტუტის უმთავრესი ამოცანაა ახალგაზრდებში ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღებაში ჩართვა და საჯაროდ გამოსვლის უნარების ამაღლება.
2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და ხელშეწყობით ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა განახორციელა ახალგაზრდული კამპანია “”შენი ხმა, ჩვენი მომავალია.”” კამპანიამ მთელი საქართველო მოიცვა და 500 ახალგაზრდა გააერთიანა. მეც აქტიურად ვიყავი ჩართული და ყველას მოვუწოდებდით, რომ არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა აუცილებელია, რადგან ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ კამპანიამ შედეგი ნამდვილად გამოიღო ჩვენს რეგიონში და ყველაზე მაღალი აქტივობაც აჩვენა. ჩემთვის ეს პროექტი ნამდვილად დასამახსოვრებელი გახდა.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა ისეთი საქართველო, რომელიც იქნება თავისუფალი, ერთიანი და არა ოკუპირებული. მინდა გაერთიანებული ვნახო და ჩვენი მითვისებული ტერიტორიები დაბრუნებული. მინდა ეკონომიკურად იყოს ძლიერი, რაც ნამდვილად ძლიერი ქვეყნის საწინდარია. მთავარი ისაა, რომ ყურადღება უნდა ექცეოდეს განათლებას. მთავარია ბევრი განათლებული ადამიანი გვყავდეს. მათ ვანდოთ ქვეყანა და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ სასურველი ქვეყანა მივიღოთ. ვისურვებდი, რომ ემიგრანტი ქართველები დაბრუნებულიყვნენ და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, რათა აქ შეძლონ მუშაობა და არ მოუწიოთ ოჯახებისა და ახლობლებისაგან შორს ყოფნა. ისეთი საქართველო მინდა, სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული. თავისუფალი იქნება მედია, არ იქნება პარტიებს შორის ჭიდილი და ერთმანეთის დადანაშაულება. შეკრული იქნება ქვეყანა და ერთიანი ძალით შეძლებს პრობლემების მოგვარებას. მინდა რომ სიყვარული სუფევდეს ხალხის გულში და არა ბოროტება და სიძულვილი. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და ქვეყანაც სიყვარულზე უნდა დაფუძნდეს.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

მომავალში მინდა გამოვიდე ჟურნალისტი. ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმააციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად. “ჟურნალისტები იმ ხელოვნებას ემსახურებიან, რაც გულისხმობს სხვას გააგებინონ ის, რაც თავადაც არ ესმით კარგად.” ჩემთვის ამ პროფესიის არჩევა რთული არ იყო, რადგან ვიცოდი რაც მინდოდა. მე ვიცი, რომ ” ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და ემსახურებოდეს ქვეყნის განახლების ღმერთს”. ამ ყველაფრისთვის მათ ხშირად უხდებათ ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრა, ხშირად დგას მათი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ და უფრო ხშირად თავიანთი პროფესიული მოვალეობების შესრულების დროს ისინი გააზრებულად მიდიან დიდ რისკზე. და მაინც, როგორი საშიში, სარისკო და ექსტრემალური არ უნდა იყოს, ჟურნალისტიკა მაინც რჩება ერთ-ერთ აუცილებელ პროფესიად, რომელიც საზოგადოების ყურისა და თვალის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. მე ჟურნალისტი- მიზნით გამართლებულ საშუალებას გამოვიყენებ, როდესაც საქმე მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ეხება. მე ჟურნალისტი- ვიხმაურებ, ვიტყვი, გავაკონტროლებ და რაც მთავარია შევცვლი!

ქართველობა ჩემთვის არის…

რა არის ქართველობა? ამ კითხვაზე ხშირად დაზეპირებულ პასუხებს ვისმენთ. ენა, მამული, სარწმუნოება. მე ვფიქრობ რომ ეს უფრო შედეგია ხოლო მიზეზი სხვაა. პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, განათლება. თუ ეს სამი რამ გვექნება, მაშინ გვექნება ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. ქართველობაა კულტურა, რელიგია, ანბანი.. თუმცა ჩემთის ქართველობა ჩემი მშობლებია, ჩემი ოჯახი, გარემო სადაც დავიბადე და გავიზარდე. თითოეული ჩვენგანი უნდა ეცადოს შეინარჩუნოს ქართველობა და მას ვერავინ წაგვართმევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.