ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.

 

პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტისა და „თაობათა გაძლიერების ქსელის“ (GEN) თანადამფუძნებლის მარიამ მიქიანის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:

რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა? 

ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის ნაკლებობა არის მთავარი გამოწვევა, რომელიც ნებისმიერი საზოგადოების განვითარებას აფერხებს. მაშინ, როცა ქვეყნის მთავარი მუხტი და რესურსი – ახალგაზრდული ძალა, ვერ აცნობიერებს თავის როლს უკეთესი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ქვეყანა ვერ ვითარდება, ან მეტიც – მდგომარეობა უარესობისკენ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული გამოწვევა მტკივნეულად დგას ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ მოცემულობაში, მისი გადაჭრის გზაც არსებობს და ეს ახალგაზრდების გაძლიერებაა. ღრმად მწამს და ენთუზიაზმით სავსე ვმუშაობ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს შეგვეძლოს ჩვენი უსაზღვრო პოტენციალის აღქმა და ჩვენი ჩართულობისა და აქტიურობის გზით, ქვეყნისთვის სასიკეთო ცვილებების მოტანა.

დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ

ჩემთვის დასაფასებელია ყველა ადამიანი და ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მზაობა და გამბედაობა, იმოქმედოს უკეთესი საზოგადოების შექმნისთვის.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ 

პირველ რიგში, ვინაიდან ვაფასებ ინოვაციურობას და გამოწვევების საპასუხოდ მოქმედებას, გამოვყოფდი ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ შექმნილ სამაგიდო თამაშს – ,,ევროპის გზა.” ,,ევროპის გზა” საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიის გარდამტეხ მომენტში შევქმენით, რათა მეტ ახალგაზრდამდე მიგვეტანა ინფორმაცია და ეს გაგვეკეთებინა ყველაზე ახალგაზრდული, ანუ ინოვაციური და კრეატიული გზით. მეორე, ძალიან ვამაყობ მარტის მოვლენების დროს სტუდენტების გააქტიურების საქმეში შეტანილი ჩემი წვლილით. მარტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში, კურსელებთან ერთად წამოვიწყე სტუდენტური მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდული მუხტის შესანიშნავი მაგალითია და რომელმაც რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდული ხმა მკაფიოდ გააჟღერა.

რაზე მუშაობთ ამჟამად? 

ამ ეტაპზე, ჩემს გუნდთან ერთად, აქტიურად ვმუშაობ ახალგაზრდების დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობის ნაკლებობის პრობლემის გადაჭრაზე. სწორედ ხსენებულ პრობლემასთან შეჭიდების მიზნით დავაარსეთ ორგანიზაცია ”თაობათა გაძლიერების ქსელი” ”GEN,” რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს ახალგაზრდებისთვის და ქვეყნისთვის.

მიღწევა, რომლითაც ამაყობთ

პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ როცა ახალგაზრდების გააქტიურებასა და ჩართულობის ზრდაზე მუშაობ, და თავადაც ახალგაზრდა ხარ, მნიშვნელოვანია იყო იმ ხედვების განსხეულება, რომლებზეც საუბრობ. ჩემი საქმიანობა, უპირველეს ყოვლისა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ამაში არაერთხელ დავრწმუნდი, როცა ჩემზე ახალგაზრდა ადამიანებისგან გავიგე, რომ მათთვის სამაგალითო ვიყავი. ვფიქრობ, მეტი აქტიური ახალგაზრდა – მეტი მოტივაციაა სხვა ახალგაზრდებისთვის, რომ გააქტიურდნენ.

ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე  

ქართული საზოგადოების გამოწვევებზე საუბარი ბევრი სხვადასხვა, კომპლექსური თემის განხილვას გულისხმობს, თუმცა მე გამოვყოფ ერთს, რომელიც განსაკუთრებულად მტკივნეულად მიმაჩნია – ეს არის რუსული საინფორმაციო ოპერაციების გავლენების შედეგად დამახინჯებული აღქმები ქართული იდენტობის, სახელმწიფოებრიობისა და სამომავლო განვითარების საკითხებზე. უკვე ორ საუკუნეზე მეტია, საქართველო რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი და ჰიბრიდული ომის სატესტო სარბიელია. რუსეთმა მოახერხა ქართული საზოგადოების ნაწილში, საქართველოს ევროპულობის საკითხზე ბუნდოვანების შემოტანა. თუმცაღა, მიუხედავად იმ კოლოსალური რესურსისა, რომელსაც კრემლი თავის საინფორმაციო ოპერაციებს ახარჯავს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ერს რეალურ იდენტობას რთულად თუ დაავიწყებ.

ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში 

ამ საკითხზე სასაუბროდ, ჩემი გამოცდილება უნდა მოგიყვეთ. მაქვს ბედნიერება, უშუალო შეხება მქონდეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სკოლების მოსწავლეებთან. საქართველოს მომავალ თაობასთან საუბარი არის ის, რაც არა მხოლოდ იმედით მავსებს, არამედ მარწმუნებს კიდეც, რომ მიუხედავად სირთულეებისა, არსებობს უზარმაზარი რესურსი, რომ ქართული საზოგადოება სწორი მიმართულებით განვითარდეს. მქონდა საშუალება, ახალგაზრდებთან მესაუბრა საქართველოს მომავალზე, ქვეყნის ევროინტეგრაციაზე და რუსულ წარსულზე. ამან ნათლად დამანახა, რომ მაშინაც კი, როცა სხვადასხვა ნეგატიური გავლენა დიდია, ახალგაზრდები ღია არიან მოსმენისთვის, გადააზრებისა და ცვლილებისთვის, სწორედ ამიტომ მივიჩნევ, რომ თუ მათი გაძლიერება პრიორიტეტი იქნება, კარგ შედეგამდე მივალთ.

ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 

პირველ რიგში, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა მახსენდება. ქვეყნის გათავისუფლების ეს სიმბოლური დღე, რომელიც დიდ მსხვერპლზე დგას, შესანიშნავად გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფლებისადმი სიყვარულს. მიუხედავად ამისა, კრემლის იმპერიალისტური ინტერესები კვლავაც აქტუალურია, რის გამოც ქართველი ხალხის მუდმივი სიფხიზლეა საჭირო. მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა რუსული კანონის ჩაგდებაა, რომელმაც მკაფიოდ გვაჩვენა ერთიანობის ძალა და მარტივი მოცემულობა, რომ საზოგადოების ერთიანობის შემთხვევაში, სიმართლე აუცილებლად იმარჯვებს. ბოლოს, ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმდინარე ეტაპს გამოვყოფდი. ხსენებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველას გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი აქტიური ჩართულობით, დადებითი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.