ჩემი მოკლე ბიოგრაფია

მარიამ ტაგანაშვილი დაიბადა 1999 წლის 14 დეკემბერს ქალაქ ფოთში. სწავლობს ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის N5 საჯარო სკოლაში, მე-12 კლასში. იგი 2014 წლიდან აქტიურად მონაწილეობს სასკოლო და საგნობრივ ოლიმპიადებში. 2015 წელს გახდა “ტურნირი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში” ბიოლოგიის დარგში გამარჯვებული და საგანმანათლებლო ვიზიტით გაემგზავრა ვარშავაში(პოლონეთი) კოპერნიკის ლაბორატორიასა და სამეცნიერო ცენტრში; 2016 წელს საერთაშორისო კონკურს “ალიანტეს ” ფინალისტია, 2017 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ოლიმპიადის ათეულში საპრიზო ადგილი დაიკავა. იგი აქტიური წევრია საზაფხულო და საზამთრო სკოლებისა და ბანაკების, მათ შორის: ეკობანაკი, საზაფხულო სკოლა “შენი ხმა ჩვენი მომავალია”, “ტვინების ბრძოლა”, “ინიციატივა”…მარიამი არის ახალგაზრდული ორგანიზაცია “ბილივის ” წევრი 2017 წლიდან და ყოველწლიურად აქტიურად ახორციელებს პროექტებს “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით.

ჩემთვის #ინიციატივა არის

#ქმედება ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონეა. მიუხედავად იმისა, რომ ახლახან შემოვუერთდი, ვხვდები, რომ საჭირო დროს საჭირო სივრცეში აღმოვჩნდი. იგი აერთიანებს ინოვატორებს, აქტიურ მოქალაქეებსა და მიზანსწრაფულ ახალგაზრდებს. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყველას საერთო მიზანი გვაქვს: მზად ვართ საკუთარი სამოქალაქო აქტივიზმით ჩვენს ქვეყანაში სასარგებლო ცვლილებები განვახორციელოთ. როდესაც ქმედებაზე ვსაუბრობ, ჩემი საყვარელი ფრაზა მახსენდება: “გახდი ცვლილება, რომლის ნახვაც გსურს სამყაროში.” ქმედება ამის ხორცშესხმის საუკეთესო საშუალებაა.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ევროპულ-ქართული ინსტიტუტიც სამოქალაქო აქტივიზმის დანერგვას ემსახურება საქართველოში. იგი 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს მრავალფეროვან პროექტებს არაფორმალური განათლების, სამოქალაქო აქტივიზმისა და სოციალურ სფეროებში. ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო აქტივიზმში, ასევე დასავლური ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში თითოეულ მოქალაქეს გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი როლი და აქტივიზმის მნიშვნელობა. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ერის პროგრესი, რომელიც, ჩემი აზრით, საფუძვლიან განათლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას ემყარება. მსურს, “მომავლის საქართველო” ევროპულ ღირებულებებს ეყრდნობოდეს, რა თქმა უნდა, ეროვნული ფასეულობების საფუძველზე.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

უკვე აბიტურიენტი ვარ და სამომავლო პროფესიასთან დაკავშირებით არჩევნის გაკეთება მიწევს. საბედნიეროდ, ვაცნობიერებ რომელ სფეროში ვხედავ საკუთარ თავს ყველაზე სრულფასოვნად. ეს იურიდიულია.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა, უპირველესად, დიდ პასუხისმგებლობას მოიაზრებს. დაიბადო ქართველად უკვე ნიშნავს, რომ ღირსეული წინაპრების გზა ამავე მეთოდით განაგრძო: დაიცვა სარწმუნოება, რომელსაც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე უფრთხილდებოდნენ, შეინარჩუნო ენა, რომელიც თავისი უნიკალურობით მსოფლიო ენებს შორის მნიშვნელოვნად გამორჩეულია და გაუფრთხილდე მიწა-წყალს, რომლის დასაპატრონებლად უამრავ დიდ იმპერიას შერკინებია ქართველი ერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.