ჩემი მოკლე ბიოგრაფია

მარიამი არის თბილისის თავისუფალის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი. 2014 წლიდან მოყოლებული აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის პროექტში. თავდაპირველმა ინტერესმა სამართლის სფეროს მიმართ გამოიწვია მისი ყურადღების არეალის მიმართვა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხისადმი. 2015 წლის შემდეგ აქტიურად მონაწილეობს თავისუფალის უნივერსიტეტის “მომავალ დიპლომატთა კლუბის”, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის, students for liberty და სხვა ორგანიზაციათა პროექტებში. გარდა უშუალო მონაწილეობისა, მარიამს თავადაც აქვს პროექტთა შექმნისა და ორგანიზების გამოცდილება. ახლო მომავალში სურვილი აქვს საკუთარი არსებული ცოდნა მასზე უმცროს თაობას გაუზიაროს, გამართოს შეხვედრები მისთვის საინტერესო საკითხებზე.

ჩემთვის / #ქმედება არის

“პირველ რიგში, ქმედების სკოლის შექმნაზე რომ გავიგე, მესიამოვნა ძალიან. პრინციპში, მაშინვე დავინახე განვითარების ერთგვარი ხაზი, ანუ სად დაიწყეს მისმა შემქნელებმა და სადამდე მოვიდნენ. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენთან (მათ ანტიკურ მიმდევრებთან) ერთად გაიზარდნენ.
რაც შეეხება უშუალოდ ქმედებას, ვფიქრობ, ესაა ერთგვარი პლატფორმა, რომელიც უნდა გამოიყენოს ყველამ, ვისაც სურს მეტი ინფორმაცია შეიძინოს საკუთარი ინტერესის სფეროს, პროფესიული განათლების მიმართულებით. გარდა ამისა, ინტენსიური მუშაობის შედეგად გამოიმუშავოს ან განამტკიცოს ისეთი უნარები, როგორებიცაა პრეზენტაციების კეთება ნაცნობი თუ უცნობი აუდიტორიის წინაშე, მიღებული ინფორმაციის სათანადოდ დახარისხება და მათი საშუალებით მსოფლიოში არსებული, მიმდინარე მოვლენების გაანალიზება და ა.შ.
ვიღაცისთვის შესაძლოა უცნაური იყოს, როცა ლექტორად, ასე ვთქვათ, მხოლოდ 1-2 წლით უფროსი ადამიანი გყავს. თუმცა საქმეც ისაა, რომ ეს ფაქტორი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის, თუ როგორ მოახერხებს აღნიშნული ადამიანი ამ ცოდნის გადმოცემას შენთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკუთარ ფუნქციას, ასე დავარქვათ, ძალიან კარგად ასრულებენ ეს ადამიანები. ამით კიდევ ქმედების სკოლის დონეს უფრო მაღლა წევენ.
ქმედება არის ის, რის გამოც ღირს, საღამოს 7 საათზე, დამღლელი დღის მერე უსმინო, როგორი სახით წარმოჩინდა მულტიკულტურალიზმი სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, რას ფიქრობენ რეალისტები თუ ლიბერალები სხვადასხვა საკითხების შესახებ.
ქმედება გვაძლევს საფუძველს იმისათვის, რომ მომავალში (დაწყებული დღეიდან) შევძლოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და სამოქალაქო აქტივიზმის გამოღვიძება, განვითარება, საღი აზრის შენარჩუნება.
ქმედება არის ურთიერთობა, ქმედება არის სიყვარული – დამაარსებლებიდან დაწყებული ლექტორებით დამთავრებული

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

“საიდან დავიწყო, არ ვიცი, სიმართლე რომ ვთქვა. სად და როგორ დავამთავრებ, ეგეც არ ვიცი
EGI ჩემთვის არის საშუალება იმის მიღებისა, რასაც ალბათ უნივერსიტეტში ვერ მივიღებ საფუძვლიანად. დაარსების დღიდან მოყოლებული ორგანიზებული პროექტების უმრავლესობაში მაქვს მიღებული მონაწილეობა და ვფიქრობ, რომ საკუთარი თავის რეალიზების კუთხით საგრძნობლად დიდი პროგრესი განვიცადე (და არა მარტო). პლუს ამას ის გამოცდილება, უნარები და განათლება, რომელსაც ჩატარებული პროექტების განმავლობაში ვიღებდი, და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტს მივიღებ (ასე დარწმუნებული ჩემს თავში არ ვარ ხოლმე). მერე რა, რომ ხანდახან “უფროსობა” ძალიან დატვირთულ გრაფიკს ადგენს ხოლმე, ეგეც ჩვენთვის არ უნდათ? ცხადია, ამაზე არ ვდავობთ. NO ALARMS AND MORE SURPRISES. ”

მე ასეთი საქართველო მინდა…

“საქართველოს მომავლის დანახვა, ყველა დროითი წერტილიდან რომ დავაკვირდეთ, არაა ადვილი საქმე. წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება დაენახა 90-იან წლებში (მით უმეტეს თუნდაც უფრო ადრე) მცხოვრებ ადამიანს, ქართველს საკუთარი ქვეყნის მომავალი. ხდებოდა ისეთი რამეები, რომელთა ‘მოხდენა’ მოულოდნელი იყო. ყველაფრის მიუხედავად, არსებობას-ცხოვრებას ვაგრძელებდით და ვაგრძელებთ.
ჩემთვის საქართველოს მომავლისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას თამაშობს სწორედ ის თაობა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ჩარჩოებისაგან, შეუძლია იქონიოს საღი აზრი და ისაუბროს სიძულვილის ენის გარეშე (ცხადია, აქ საკუთარ თავსაც მოვიაზრებ).
საქართველოს მომავლის დანახვა დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე შეიძლება, არცთუ სახარბიელო იყოს. ერთ მხარეს ვხედავთ ქვეყანაში ახლადშექმნილ და ძალამოკრებილ რადიკალურ ძალებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ რუსეთისაკენ. მეორე მხრივ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის ეფექტურ მართვას ვერ ახორციელებს აგერ უკვე რამდენი ხანია. უბრალოდ ყურებით და სიტყვების სროლით რომ შედეგს ვერ მივიღებთ, ყველამ კარგად იცის.
სწორედ ამიტომ, ერთიანი ძალისხმევით, აქტიური ქმედებით მინდა მივაღწიოთ ისეთ საქართველოს, რომელიც იქნება დეოკუპირებული; რომლისთვისაც რუსეთი, როგორც საფრთხე, ნაკლებად საინტერესო იქნება. მინდა საქართველო, სადაც ადამიანებს არსებობისათვის ქუჩაში დგომა არ მოუწევთ დღედაღამ; სადაც ადამიანები არ გახდებიან გაუმართავი კანონმდებლობის მსხვერპლნი; საიდანაც არ მოუნდებათ წასვლა მხოლოდ იმის გამო, რომ აქ ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ”

მომავალში მე მინდა გამოვიდე

“ეს კითხვა იმ მომენტებს მახსენებს, ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ ვინ მინდოდა ვყოფილიყავი, რომ გავიზრდებოდი. მაშინ რა ვიცოდი, ნეტავ ვიცოდე. ფაქტი ერთია, საფიქრალი ნაკლები იყო. ბევრ რამეს ვერ ვიაზრებდი, ვხედავდი განვითარებულ მოვლენებს და სხვანაირად აღვიქვამდი, დღევანდელისგან განსხვავებით, რასაკვირველია.
ვინ მინდა ვიყო მომავალში? დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ადამიანს უფიქრია ამაზე და ნდომებია ისეთი რამის გაკეთება, რაც არა მარტო საკუთარი თავისთვის იქნებოდა სარგებლისმომტანი, არამედ საკუთარი ქვეყნისთვის, პირველ რიგში.
აი, ესაა, ვინც მინდა ვიყო. მინდა ვიყო ადამიანი, რომელიც საქართველოს განვითარების გზაზე დაეხმარება ნაბიჯის წინ გადადგმისაკენ და მინდა, რომ ის ადამიანები იყვნენ ჩემ გვერდით, რომლებმაც ჯერ მე მომიყვანეს აქამდე, მასწავლეს ბევრი რამ და საერთო მიზნები გვაერთიანებდა (და გვაერთანებს). მინდა ‘გამოვიდე’ ის, ვინც საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს სახელის, ავტორიტეტისა და მნიშვნელობის მაღალ საფეხურზე აყვანას შეძლებს.
მინდა ‘გამოვიდე’ ადამიანი, რომელიც საკუთარი თაობის ხალხთან ერთად თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად მოახერხებს და დაიბრუნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
აი, ეს მინდა ვიყო, ახლაც და ყოველთვის. ვიცი, რომ რაღაცნაირად პათოსურია ეს ნათქვამი, თუმცა ამის გარეშე ნაკლებად გამოდის მსგავსი შინაარსის მესიჯისთვის ფორმის მიცემა. ”

ქართველობა ჩემთვის არის…

“ქართველობის აღქმა ცოტა არ იყოს რთული საკითხია. ზოგი ამას ასე თუ ისე რაციონალურად უდგება, ზოგიც კიდევ ისე, როგორც დღევანდელი ქართული რეალობა და რადიკალური მემარჯვენე გაერთიანებების მოსაზრებები გამოხატავენ.
მაშინ, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ჩრდილოელ “მეზობელს” აქვს ოკუპირებული და მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ე.წ. საზღვრის არსებობასა და მცოცავი ოკუპაციის საშინელ ტენდენციას თავად ამ “საზღვართან”, ქართელობის ერთ-ერთი გამომხატველი სწორედ ესაა.
მაშინ, როდესაც ქართველ ჯარისკაცს არაფრის გამო კლავენ, მისი ცხედრის გადმოცემაზე უარს ამბობენ და ამ დროს საქართველოს (და მის საზღვრებს გარეთ) ქალაქებში ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარი პოლიტიკური თუ სხვაგვარი ინტერესის გარეშე გამოხატავენ სოლიდარობასა და პროტესტს, ეს მგონია ქართველობა.
ქართველობაა, როცა უსაგნო ლაპარაკს აზრდატანილ მოქმედებას ამჯობინებ და მიუხედავად შეხედულებისა, ივლი იმ მიზნისაკენ, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის სარგებლისმომტანია.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.