კამპანია „კონსტიტუციის დღე 2017“-ის ფარგლებში ოზურგეთში ერთ-ერთი პირველი აქტივობა გახლდათ საინფორმაციო შეხვედრა “ინოვაციების სტუდიაში”, სადაც მოვიწვიეთ ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. კონკრეტული აქტივობის მიზანი იყო ბავშვებისთვის “კონსტიტუციური ცოდნის” მიწოდება.
ჯგუფმა მათთვის გასაგები ფორმით მოამზადა მინი-პრეზენტაცია სახელწოდებით: “ჩვენ, საქართველოს პატარა მოქალაქენი”. ერთად განიხილეს თუ რა არის კონსტიტუცია, რაზედაც ძალიან კრეატიული და საინტერესო პასუხები მიიღეს ბავშვებისგან. შეხვედრაზე მოეწყო ჯგუფური აქტივობაც: მონაწილეებს გადაეცა თხუთმეტი კონსტიტუციური ბარათი, რომელზედაც დაწერილი იყო ადაპტირებული მუხლები საქართველოს კონსტიტუციიდან და ასევე ორგანიზატორების მიერ შეცვლილი მუხლები.
მონაწილეებს უნდა ამოერჩიათ ის მუხლები, რომლებიც მათი აზრით არ იქნებოდა საქართველოს კონსტიტუციაში. (მაგ: “არავინ არ უნდა წაიკითხოს კონსტიტუცია”, “ყველას აქვს უფლება ძალით მოიპოვოს ხელისუფლება” და ა.შ.). ბავშვებმა დავალებას თავი კარგად გაართვეს, რის შემდეგაც ითამაშეს უფრო რთული თამაში, მონოპოლიის სტილში შექმნილი “გახდი პრეზიდენტი”. ამ თამაშის მთავარი პრინციპი იღბლისა და აზროვნების გარდა, კონსტიტუციის ცოდნაშიც (ან “კონსტიტუციურ” ლოგიკაში) იყო. შეხვედრის ბოლოს, მონაწილებმა, ასაწყობი ლეგოს საშუალებით საქართველოს რუკის მაკეტი გააკეთეს, რაც სიმბოლურად ინიციატივის განხორციელების პერიოდს – აგვისტოს პირველ სისხლიან რიცხვებს – ეხმიანებოდა იმის სიმბოლო იყო, რომ “საქართველო არის ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო”.
მეორე აქტივობის ფარგლებში გაიმართა ფერადი აქცია ქალაქ ოზურგეთში. სპეციალურად ამ აქციისთვის მომზადდა მარტივი კითხვები კონსტიტუციიდან. ამასთან ახალგაზრდებმა ბუშტებზე მარკერებით დაწერეს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლები. აქციის მიზანი იყო საზოგადოებისთვის კრეატიული ფორმით მიეწოდებინათ საქართველოს კონსტიტუციის მნიშვნელოვანი მუხლები.
მთავარი მესიჯი გახლდათ ის, რომ კონსტიტუცია არის სახალხო დოკუმენტი და მასთან “მეგობრობა” ნებისმიერი ადამიანისთვის არა უბრალოდ შესაძლებლობა, არამედ მოვალეობაცაა. აღნიშნული აქციის მთავარი სპეციფიკა ის გახლდათ, რომ მასში ჩართული იყვნენ ყველა ასაკის წარმომადგენლები.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო საინფორმაციო პლაკატების გავრცელება.პლაკატებზე ინფორმაცია იყო დატანილი მოკლედ და გასაგებად, რათა მაქსიმალურად მიექცია მოსახლეობის ყურადღება და შესაბამისად პროდუქტიულიც ყოფილიყო. კერძოდ, პლაკატებზე იყო დატანილი მნიშვნელოვანი მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავიდან.