ჩემი მოკლე ბიოგრაფია

“მეგი გეგეშიძე დაიბადა 1997 წლის 15 სექტემბერს ქალაქ სამტრედიაში. დაამთავრა სამტრედიის #11 საჯარო სკოლას. 2015 წლიდან ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტი. 2017-18 წლებში ის იყო მოხალისე ინტეგრირებულ თეატრ ,,აზდაკის ბაღში” სადაც თამაშობენ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ტიპიური განვითარების მქონე მსახიობები. თეატრში ყოფნისას მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პროექტში რომლებიც ემსახურებოდა თეატრის განვითარებას და საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას. თეატრთან ერთად ორგანიზებული პროექტებით : 1. სპექტაკლების ადაპტირება სმენისა და მეტყველების არმქონე პირთათვის და 2. რეგიონული განვითარება (ცნობიერების ამაღლება) კულტურული ღონისძიებების ჭრილში მეგიმ მოიპოვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსება სტუდენტური პროექტების კონკურსში. 2017 წლიდან მეგი მონაწილეობს პროექტ ,,ინიციატივაში”, რომელთან ერთადაც მან განახორციელა პროექტები ,,ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა” და ,,კონსტიტუცია შენს ხელთაა”
ის ასევე არის ევროპულ-ქართული უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ზამთრის და ზაფხულის სკოლების მონაწილე.

ჩემთვის #ინიციატივა /

“ჩემთვის ინიციატივა არის პროექტი, რიომელმაც საშუალება მომცა გამეკეთებინა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები. ინიციატივის დახმარებით მე უფრო მეტად დავინტერესდი სოციალური და საზოგადოებრივი პრობლემებით, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად ვაწყდებით და რომლებსაც ხშირად უყურადღებოთაც ვტოვებთ. ვთვლი, რომ საზოგადოებისაგან, როგორც მისი წევრი, ბევრ სიკეთეს ვიღებ და ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას იმაში, რომ სანაცვლოდაც გავაკეთო რაღაც, რაც ამ საზოგადოების განვითარებას და მის უფრო მეტად გაკეთილშობილებას შეუწყობს ხელს. ინიციატივის პროექტმა პირველ რიგში დამანახა ბევრი პოზიტიური მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება ძალიან მცირე რესურსებითაც კი გააკეთო საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე. ამ პროექტმა გამხადა უფრო მეტად თავდაჯერებული და გამიზარდა თვითეფექტურობის განცდა. განცდა იმისა, რომ თუ მოინდომებ შეძლებ. მსგავსი მიზნები მარტივად განსახორციელებელი არ არის, თუმცა მიმზიდველია იმ მხრივ, რომ ის პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში გეხმარება. ინიციატივა ჩემთვის ასოცირდება მონდომებულ და აქტიურ ახალგაზრდებთან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ გააკეთონ საზოგადოებისთვის ღირებული საქმე. ისინი თავიანთ ნიჭს, ცოდნას და რესურსებს დებენ ამაში. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, თუმცა ყველა ცდილობს წვლილი შეიტანოს იმ სახლის შენებაში, რომელშიც თავად ვცხოვრობთ და რომელსაც სახელმწიფო ჰქვია.

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის

ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის ორგანიზაცია რომელიც განსაკუთრებული მონდომებით აკეთებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეს. ის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების საშუალებით აერთიენებს საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ხელს უწყობს მათ განვითარებას და გააქტიურებას ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეში. ვთვლი, რომ დღეს საქართველოში არსებულ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს შორის EGI ყველაზე ეფექტურად ახერხებ ამდენი სტუდენტისა თუ სკოლის მოსწავლის თავმოყრას და მათ ხშირ კომუნიკაციას. თან ეს ახალგაზრდები არიან არა მხოლოდ დედაქალაქიდან ან დიდი ქალაქებიდან, არამედ მთელი საქართველოდან. EGI-ის პროექტებმა დამანახა ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავად იზრუნო საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და არ დაელოდო იმას თუ რას გააკეთებს სახელმწიფო ამისთვის, თავად ეცადო პრობლემის მოგვარებას და არ დაელოდო ქალაქის მერს ან სოფლის გამგებელს, გქონდეს კრიტიკული აზრი და აპრიორი ჭეშმარიტებად არ მიიღო პოპულარული მოსაზრებები. ამასთან ერთად პროექტების საშუალებით ვისწავლე რა გზებით შეიძლება მოაგვარო პრობლემა, ვის და როგორ შეიძლება მიმართო დახმარებისთვის, ვისგან უნდა ელოდე ხელშეწყობას. ამრიგად ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ჩემთვის არის არაფორმალური განათლების მიღებისა და საზოგადოების აქტიურ წევრად გახსდომის საშუალება.

მე ასეთი საქართველო მინდა…

მე მინდა მომავალში ისეთ საქართველოში ვიცხოვრო სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული, სადაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და მინიმუმ მათი ბაზისური მოთხოვნილებები იქნება დაკმაყოფილებული. სადაც უსახსრობის გამო ავად გახდომის ან დაბალი პენსიის გამო სიბერის არ შეეშინდებათ. სადაც დედას (არც მამას) არ მოუწევს შვილების და ოჯახის დატოვება და უცხო ქვეყანაში წასვლა ოჯახის სარჩენად. სადაც არც ერთი ბავშვი არ იქნება მშიერი, არ დადგება ქუჩაში მოწყალების მისაღებად და არ დარჩება განათლების გარეშე. სადაც ბავშვობის ასაკიდანვე არ იქნება წახალისებული კრიმინალი და მოზარდებში კარგ ტონად არ ჩაითვლება პრობლემის ძალადობით მოგვარება. სადაც პატარა ასაკიდანვე, როგორც ოჯახში ისე საგანმანათლებო დაწესებულებებში, ხელს შეუწყობენ ბავშვებს უნარების განვითარებაში, ჯანსაღი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში, ემოციების რეგულაციაში და ყოველთვის არ წაახალისებენ კონკურენციას, სხვისთვის გადასწრებას, შენზე სუსტის დაჩაგვრას. სადაც იარსებებს კრიტიკული აზრი და ყველას ექნება თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას. სადაც შეძლებ შექმნა ღირებული და ამისთვის ,, მარჯვენას არ მოგაჭრიან” სადაც არ გარიყავენ ან დაჩაგრავენ გენდერული, ეთნიკური თუ სექსუალური ნიშნით და სადაც თავიანთ ეთნიკურობასა თუ სექსუალურ ორიენტაციას ინტერესებისამებრ ბოროტად არ გამოიუენებენ. მე მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვრო სადაც შრომა იქნება უსაფრთხო და დაფასებული, ადამიანები შეძლებენ სუფთა ჰაერი ისუნთქონ, სადაც სოფელზეც ისე იზრუნებენ როგორც ქალაქზე და სადაც სამშობლო მხოლოდ სადღეგრძელოებში არ ეყვარებათ.

მომავალში მე მინდა გამოვიდე

“მომავალში მე მინდა ვიყო თვითრეალიზებული ადამიანი და მქონდეს საყვარელი საქმე. მინდა შევძლო დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ნაკლებად განვიცდიდე შფოთვას ნებისმიერი მიზეზით. მინდა ყოველთვის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყო. შევქმნა რაღაც ღირებული, არ აქვს მნიშვნელობა ეს დარჩება თუ არა შთამომავლობას ან მასზე გაიგებს თუ არა ბევრი, მთავარია რომ რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაზე მაინც იქონიოს პოზიტიური გავლენა. არ ვიცი მომავალში ჩემი პროფესიით ვიმუშავებ თუ არა, თუმცა უფრო მეტად თავი განათლების ფსიქოლოგად ან სკოლის მასწავლებლად (თუმცა არ ვიცი რა შემიძლია სკოლაში ვასწავლო) წარმომიდგენია და ალბათ იმ ღირებულის შექმნაც რაც ზემოთ ვახსენე ბავშვების სწორ აღზრდასთან და განათლების მიცემასთან იქნება დაკავშირებული. მომავალში მინდა მქონდეს ხარისხიანი განათლება და მაღალი მოტივაცია იმისა რომ განვითარდე პიროვნულადაც და პროფესიულადაც.

ქართველობა ჩემთვის არის…

ქართველობა ჩემი იდენტობის განმსაზღვრელი ნაწილია. ის აერთიანებს სხვადასხვა ნორმებსა და ღირებულებებს, რომელთა დიდ ნაწილსაც ვიზიარებ. ქართველობა ჩემთვის პირველ რიგში ასოცირდება ტრადიციების ერთგულებასთან. ზოგჯერ გააზრებულად, ზოგჯერ გაუაზრებლად თუმცა ძლიერად ვიცავთ ტრადიციებს. ქართველობა ჩემთვის არის ევროპული და აზიური კულტურის თანხვედრა. ერთდროულად ინდივიდუალიზმიცა და კოლექტივიზმიც. პროგრესულად აზროვნებაც და სიახლისადმი შიშიც. სტუმრის პატივისცემა, უფროსის დაფასება, სამშობლოსთვის თავგანწირვა, სიძლიერე და სისუსტეც. ქართველობა ჩემთვის არის ვაზის სიყვარული, მიწაზე შრომა. ის ჩემთვის ასოცირდება ქრისტიანობასთან. ქართველობა ჩემთვის ასევე არის თავმომწონეობა, რადგან მგონია რომ მხოლოდ ქართველს შეუძლია მაგალითად, იყიდოს ძვირადღირებული მანქანები და საწვავის ფული არ ჰქონდეს, გარეთ ძვირადღირებული ბეწვის ქურქით იაროს, სახლში კი ელემენტარული პირობები არ ჰქონდეს, განათლება მხოლოდ იმიტომ მისცეს შვილს, რომ ,,მეზობლის ბიჭიც სწავლობს”. ასევე ქართველობა ჩემთვის არის არაპუნქტუალურობა, სიზარმაცე და ხშირად წარსულით ცხოვრება. თუმცა ამასთან ერთად არის ბრძოლა თვითგამორკვევისთვის, დამოუკიდებლობისთვის, განვითარებისთვის. კიდევ ბევრი რამ არის ჩემთვის ქართველობა. შესაძლოა შეფასებებში ვამეტებ ან ვაკლებ, თუმცა ვთვლი რომ ის რაც პირველად თავში აზრად მომივიდა, რაზეც ზემოთ დავწერე ყველაფერის გაერთიანებით ვიღებთ იმ თვისობროვად ახალ მთლიანობას რომელსაც ქართველობას ვუწოდებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.