11 აპრილს, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტმა, გიორგი მელაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას” გადაცემა „დროების” ეთერში ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში გასამართი თვითმართველობის არჩევნებისა და გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის” პოლიტიკაში კვლავინდებურად გამოჩენის შესახებ.

გადაცემის ამ კონკრეტულ ნაწილში საუბარია იმაზე, რომ ზოგადად თვითმართველობის არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით მისი მნიშვნელობა დაკნინებულია, ხშირად სწორედ ამ უკანასკნელის გენერალურ რეპეტიციად აღიქმება. ამგვარად, როგორც წესი მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს, თუმცა დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რა გზას აირჩევს თავად ოპოზიცია – მიიღებს მონაწილეობას თვითმართველობის არჩევნებში და წავა ერთიანობის გზით, თუ დარჩება ბოიკოტის რეჟიმში. სიუჟეტში იკვეთება კითხვები – რა იქნება ხელისუფლების სტრატეგია, რას დაუპირისპირებს მას ოპოზიცია და რას შეიძლება ემსახურებოდეს „უცნობის” (გია გაჩეჩილაძე) გააქტიურება. სიუჟეტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული არჩევნები, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია მასში მონაწილეობას მიიღებს და თანაც წარმოჩენილი იქნება ერთიანი ძალით, შესაძლოა იქცეს მმართველი გუნდის ლეგიტიმაციის ტესტადაც.

გიორგი მელაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი წაგება არჩევნებზე არის პოლიტიკური პროცესისთვის მესიჯი, რომ ხალხის ნება იცვლება, ვიღაცის წონა იზრდება, ვიღაცის კი – მცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა დღეს ცხოვრობს ბოიკოტის რეჟიმში, მელაშვილის თქმით ეს იქნება მნიშვნელოვანი ტესტი, როგორც ოპოზიციისთვის – თუ რამდენად ლეგიტიმური არის მათი მოთხოვნები და რამდენად აქვთ მათ ხალხის მხარდაჭერა, ისე – ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება ოპოზიციის შესაძლო ბოიკოტს, იგი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მათი პოზიციები კიდევ უფრო შესუსტდება და მოხდება ოპოზიციის მარგინალიზაცია.

სიუჟეტში საუბარია გია გაჩეჩილაძის, იგივცე უცნობის პოლიტიკაში მოულოდნელ მობრუნებაზე, რომლის დღის წესრიგიც ემთხვევა ქართული ოცნების იმ ლიდერების იდეებს, რომლებიც გამოირჩევიან ოპოზიციასა და კრიტიკულ მედიაზე თავდასხმითა და ხშირად საუბრობენ მათ დასრულება-განადგურებაზე. “ყველა არჩევნების წინ ჩნდება გარკვეული ძალა, რომელიც ცდილობს კაპიტალიზაციას იმ შიშებზე, რომლებიც არსებობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადმი” – ამბობს მელაშვილი. იგი აღნიშნავს, რომ ასეთი ძალები ხშირად ხდება მოსახლეობის ზემოაღნიშნული შიშით შეპყრობილი არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილის კონსოლიდაციის წყარო, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათთვის „ქართული ოცნება” იყოს მე-2 საუკეთესო ვარიანტი. ამ ადამიანებმა მისცეს ხმა პატრიოტთა ალიანსს, შედეგად მივიღეთ ის, რომ პარლამენტში არ შევიდნენ პატრიოტთა ალიანსის ის ადამიანები, რომელთაც ეს ხმები მიიღეს და მათ ნაცვლად საკანონმდებლო ორგანოში აღმოჩნდენ სხვა პირები. მელაშვილის აზრით ელექტორატის ეს ნაწილი შედეგად განთავისუფლდა და შესაძლოა გია გაჩეჩილაძე ცდილობდეს მათი მხარდაჭერის მოპოვებას, რომელსაც შემდგომში იგი გადააკონვერტირებს ფინანსურ, ან რაიმე სხვა ტიპის სარგებელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.