ევროპულ-ქართული ინსტიტუტის პრეზიდენტი – გიორგი მელაშვილი – ტვ პირველის გადაცემა „დღის ამბების“ სტუმარი იყო. გადაცემა საქართველოს საგარეო პოლიტიკის გამოწვევებს და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხებოდა.

მელაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთთან მიმართებით საქართველოს მიმდინარე – არ გაღიზიანების პოლიტიკის არაეფექტურობას. მან აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან თითქმის ყველანაირი მიდგომა სცადა და მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მათგანი დასრულდა ტერიტორიული დანაკარგებით, მაინც აღსანიშნია, რომ მკაფიო დასავლური კურსის ჩამოყალიბებამ საქართველოს მოუტანა მნიშვნელოვანი სარგებელი და მხარდაჭერა დასავლეთიდან, მათ შორის 2008 წლის ომის პერიოდში. არ გაღიზიანების პოლიტიკაზე კი თქვა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს პოლიტიკა მთავრობის მხრიდან მიზანმიმართულად ტარდება, თუ უვიცობის გამო, შედეგი ერთია – ქვეყნის ინტერესების დაზიანება.

გიორგი მელაშვილმა ასევე რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია დამატებითი ეკონომიკური სტიმულების შექმნა, იმისათვის, რომ საქართველომ უარი თქვას მის დასავლურ კურსზე. ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან ისტორიის იარაღად გამოყენების მცდელობებზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობას. მელაშვილის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე უარის თქმით, ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაკარგა დასავლეთის ნდობა, რაც აუცილებლად აისახება ევროპის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერაზეც.

წამყვანმა კითხვა დასვა საქართველო-უკრაინის საერთო პრობლემებისა და საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესახებ. გიორგი მელაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას, და რუსეთის ყველა სხვა მეზობელსაც, ერთი საერთო პრობლემა აქვთ. უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია, რომ ამ სახელმწიფოებმა ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით საერთო პოლიტიკა აწარმოონ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.