ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა – გიორგი მელაშვილმა გადაცემა „ჰეშთეგის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეაფასა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ გავრცელებული შეხედულება ევროკავშირის უუნარობის შესახებ, გადაჭრას პრობლემური სიტუაციები მის სამეზობლოში, საფუძველსაა მოკლებული. ამის მაგალითად კი ჩრდილოეთ მაკედონიაში მისი წარმატებული პოლიტიკა გაიხსენა. გიორგი მელაშვილმა ისაუბრა აშშ-ს სენატში საქართველოს შესახებ ჩატარებულ მოსმენაზეც.
მან აღნიშნა, რომ, რადგან აშშ-სთვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, ნაკლებად სავარაუდოა მის ხელისუფლებას უარყოფითი პასუხისმგებლობა პირდაპირ დააკისრონ. მისივე თქმით, ამ მოსმენიდან მთავარი გზავნილი სასამართლო სისტემის ნაკლულოვანებების აღნიშნვნა და მათი გაუმჯობესებისკენ მოწოდება იყო. მელაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მიუხედავად ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობისა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის პროცესში, საბოლოო პასუხისმგებლობა ქართველ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას ეკისრება.
გიორგი მელაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე. მან აღნიშნა, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ერთგულია ტრანსატლანტიკური ალიანსის და შეინიშნება რუსეთისადმი რიტორიკის გამკაცრება. ეს კი ხელსაყრელია საქართველოსთვის, რადგანაც მისი მთავარი მოკავშირეები რუსეთთან დაპირისპირებაში სწორედ დასავლური სამყაროა.
„ჰეშთეგი“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სოციალური მედია პროექტია.