ნაწყვეტი თუკიდიდეს „პელოპონესის ომის ისტორიიდან“.
თარგმანის რედაქტორი – გიორგი მელაშვილი.
თარგმანი შეასრულეს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა:
მარიამ ტოგონიძემ,
„ჩვენი გადაწყვეტილება, ათენელებო, ისევ იგივეა, რაც თავდაპირველად. ჩვენ არ ვართ მზად ერთ წამში დავთმოთ თავისუფლება, რომლითაც ჩვენი ქალაქი სარგებლობდა მისი დაარსებიდან 700 წლის განმავლობაში. ჩვენ ვებარებით იმ ბედისწერას, რომელსაც ღმერთები გამოგვიგზავნიან და რომელიც დღემდე გვიცავდა, ასევე ვეყრდნობით ადამიანებს – სპარტელების დახმარებას; და ასე, თავადაც ვეცდებით გადარჩენას. მაგრამ ჩვენ გთავახზობთ მოგვცეთ საშუალება ვიყოთ თქვენი მეგობრები და არც-ერთი მხარის მტრები, დავდოთ ხელშეკრულება რომელიც იქნება თქვენთვისაც, და ასევე ჩვენთვის მოსაწონი, და ასე დატოვოთ ჩვენი ქვეყანა.“
ეს იყო პასუხი მელოსელებისა, ხოლო ათენელებმა, მაშინ როდესაც ისინი ტოვებდნენ დისკუსიიდან, თქვეს:
„ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, თქვენ გამორჩეული ადამიანები ხართ, რომლებიც მომავალს მიიჩნევთ იმაზე უფრო სანდოდ, ვიდრე ის, რაც თქვენს თვალწინ ხდება, რომ დაინახოთ გაურკვევლობა რეალობად, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თქვენ ისურვებდით ასე ყოფილიყო. როგორც თქვენ ყველაზე მეტად ენდობით სპარტელებს, იღბალსა და იმედებს, სწორედ ამ ყველაფერში აღმოჩნდებით სრულიად მოტყუებულნი.“
შემდეგ ათენის წარმომადგენლები ჯარს დაუბრუნდნენ და ათენელმა გენერლებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მელოსელნი არ დამორჩილდებოდნენ, მაშინვე დაიწყეს საომარი მოქმედებები და, გადაინაწილეს რა სამუშაო, მელოსს ალყა შემოარტყეს. მოგვიანებით ათენელთა უმეტესობა სახლში დაბრუნდა, ადგილზე კი საკუთარი და მოკავშირე ძალების გარნიზონი დატოვეს, ხმელეთითა და ზღვით მელოსის ბლოკადის უზრუნველსაყოფად. დარჩენილმა მეომრებმა კი ალყა განაგრძეს.
ამავე დროს არგოსელები შეიჭრნენ ფლიუსის ტეროტიტორიაზე და დაკარგეს 80 ადამიანი ფლიუსელთა და არგოსელ განდევნილთა ჩასაფრებაში მოხვედრისას. ამასობაში პილოსში მყოფმა ათენელებმა სპარტელებისგან იმდენად დიდი ნადავლი მიიტაცეს, რომ სპარტელებმა, ხელშეკრულების დაურღვევლად და ათენთან ომის დაწყების გარეშე, გამოაცხადეს, რომ ნებისმიერ სპარტელს შეეძლო ათენელის გაძარცვა. კორინთიელებმა საკუთარი კერძო დაპირისპირების გამო ასევე დაიწყეს ომი ათენელების წინააღმდეგ, თუმცა პელოპონესის სხვა ქალაქები მშვიდად დარჩნენ. დაახლოებით იმავე დროს მელოსელებმა დაიპყრეს ბაზრის მახლობლად ათენის ალყის ხაზების ნაწილი, დახოცეს მცველები, წაიღეს მარცვლეული და ის, რაც მათთვის გამოსადეგი იქნებოდა, რის შემდეგაც დაბრუნდნენ და მშვიდად იყვნენ, ათენელებმა კი დაცვა გააძლიერეს. ზაფხული იწურებოდა.
შემდეგ ზამთარში სპარტელებმა არგოსის დაპყრობა განიზრახეს, მაგრამ მიბრუნდნენ სახლში, რადგანაც საზღვრისპირა მსხვერპლშეწირვა მათთვის არახელსაყრელი გამოდგა. იმავე დროს მელოსელებმა დაიკავეს ათენელთა ალყის ხაზები, სადაც ცოტა მცველი იყო. ამის შემდეგ ათენიდან დაიძრა ახალი ჯარი დემეას ძის, ფილოკრატეს მეთაურობით. ალყა კვლავ ენერგიულად გაგრძელდა და რადგან შიგნიდანაც იყო ღალატი, მელოსელები ათენელებს უპირობოდ დანებდნენ, რომლებმაც მოკლეს ყველა ზრდასრული მამაკაცი, ქალები და ბავშვები კი მონებად გაყიდეს, მოგვიანებით კი მელოსზე ხუთასი ახალმოსახლე დასახლდა.