Keir Giles,
Senior Consulting Fellow, Russia and Eurasia Programme
სტატიის თარგმანი:
ნინო ქოთოლაშვილი, ვასიკო ხორავა
თარგმანის რედაქტორი:
გიორგი მელაშვილი, მარიამ ღიბრაძე
ორიგინალი:
Myth 02: ‘Russia and the West want the same thing’
რაში მდგომარეობს მითი?
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დამაზიანებელი და სახიფათო მცდარი წარმოდგენა, რომელიც დასავლელ პოლიტიკოსებს რუსეთის შესახებ აქვთ არის ის, რომ ძალიან შორეულ, ღრმა დონეზე შესაძლებელია დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ნაწილობრივ მაინც ემთხვეოდეს, ან შეესაბამებოდეს მაინც, და რომ შესაძლებელია საერთო ენის პოვნა სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით, რადგანაც ორივე მხარეს უნდა უნდოდეს ფუნდამენტალურად ერთნაირი ურთიერთობა – რომელიც საერთო კეთილდღეობისთვის ურთიერთპატიცისცემასა და მშვიდობიან თანამშრომლობას ეფუძნება.
ვინ ავრცელებს და იზიარებს მითს?
დასავლელ პოლიტიკოსებში ტრადიციად გადაიქცა საკუთარი ვადის რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯოებსების ამბიციებით დაწყება. ისინი აგრძელებენ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გზების ძებნას, რისთვისაც მოსკოვს ადრეულ ცოდვებს პატიობენ. მაგრამ ეს ქცევა, უთანხმოების გამომწვევ ძირითად მიზეზებზე ყურადღების გამახვილების გარეშე, საკმაოდ დამაზიანებელია, რადგანაც მისი ერთადერთი შედეგი არის რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ მისი აგრესიული პოლიტიკა არამხოლოდ მისაღები, არამედ დაჯილდოებულიც კი იქნება. ყოველ ახალ ჯერზე რუსეთმა დაამტკიცა, რომ ის არ აპირებს დასავლეთის კეთილსინდისიერ განწყობას ასევე კეთილსინდისიერბით უპასუხოს. უსაფუძვლო ოპტიმიზმის შენარჩუნება მაშინ, როდესაც ფაქტები Საწინააღმდეგოს ამტკიცებს, იწვევს მორიგ „გადატვირთვებს“ და – შედეგად – მორიგ იმედგაცრუებებს. იმედგაცრუებით დასრულებული თითოეული გადატვირთვის ციკლი კიდევ უფრო ღრმა კირიზისით სრულდება.
2017 წლის დეკემბერში ბორის ჯონსონი, იმ დროს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით მოსკოვში ჩავიდა. მან თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს, უთხრა, რომ რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს „არსებითი საერთო ინტერესები“ ჰქონდათ. 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მან ეს თავისი ჩასვლა გაიხსენა, როგორც საკუთარი კარიერის უდიდესი შეცდომა და „უიმედო საქმე“. დღეს გადატვირთვის პოლიტიკის ჩემპიონი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია. ყველამ უნდა ვიმედოვნოთ, რომ მისი ილუზიების გარდაუვალი მსხვრევა ევროპის უსაფრთხოებას ძალიან ძვირი არ დაუჯდება.
რატომ არის მითი მცდარი?
როგორც სტრატეგიულ დონეზე, ასევე კონკრეტულ საკითხებზე, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესახებ რუსეთის ამოცანები და საბაზისო ხედვებიც კი, სრულიად შეუთავსებელია იმასთან, რაც დასავლეთის ქვეყნებსა და საზოგადოებას სურთ, სჭირდებათ და მისაღებად მიაჩნიათ. უამრავი მაგალითი ცხადყოფს, რომ მორალის, ღირებულებებისა და ეთიკის ფუნდამენტურ დაშვებებში შესაბამისობა ევროპასა და რუსეთს შორის უკიდურესას მცირდება. საკუთარი ისტორიის განმავლობაში, რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებასა და სტატუსს პირდაპირი სამხედრო ძალით ზომავს. რუსეთი კვლავაც აგრძელებს მაღალტექნოლოგიური რაკეტების განვითარებაში დიდი თანხების ჩადებას და, საკუთარ ქვეყანაში გზების დაგებასა და საკუთარი მოქალაქეებისთვის სანიტარული ნორმების შექმნის ნაცვლად, პრიორიტეტს ანიჭებს პლანეტის მოპირდაპირე მხარეს არსებული ქალაქების განადგურების შესაძლებლობას.
რუსეთის ამოცანები და საბაზისო ხედვებიც კი, სრულიად შეუთავსებელია იმასთან, რაც დასავლეთის ქვეყნებსა და საზოგადოებას სურთ, სჭირდებათ და მისაღებად მიაჩნიათ.
ამასობაში, მოსკოვი განაგრძობს საკუთარი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ზიანის მიყენების საშულებების ძიებას იმ კონფლიქტებში, რომელთა მიმდინარეობის შესახებ მისმა ოპონენტებმა შეიძლება არც კი იციან. რუსეთთან „ნორმალური“ ურთიერთობები წარმოუდგენელია მისგან ფართო სპექტრის მტრული მოქმედებების მოგერიების გარეშე; ეს გახდა რუსეთის მახასიათებელი მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, რუსეთის დესტრუქციული ნახელავი – ძირგამომთხრელი საქმიანობა, მკვლელობები, დაუფარავი ელექტრონული ომი და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ კიბერ-შეტევები – ყოველ ჯერზე სიურპრიზია.
თუმცა ყველაზე საშიში შეუსაბამობა არის სუვერენიტეის რუსული და დასავლური აღქმა. მთავარი განსხვავება ისაა, რომ რუსეთის გაგებით მხოლოდ დიდ ძალებს შეუძლიათ სრულიად სუვერენულები იყვნენ; ის მიიჩნევს, რომ ნაკლებად ძლიერი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, ან ვთქვათ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთის ან აშშ-ისნაირი დიდი სახელმწიფოების მიერ მართული სხვადასხვა გავლენის მქონე ობიექტებია. ამიტომაც რუსეთი ყოველთვის ითხოვს საკუთარ საზღვრებს გარეთ არსებული სახელმწიფოების საგარეო გადაწყვეტილებეში ჩართულობას, რაც ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებთან სრულიად შეუსაბამოა, რომლებიც მიიჩნევს, რომ მცირე სახელმწიფოები სუვერენული და დამოუკიდებელი უნდა იყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ დასავლეთს სურს სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, რუსეთს სურს და მოლოდინი აქვს, რომ ნებას მისცენ, საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტი ხელყოს.
ამ შეუთავსებლობის ყველზე მკვეთრი განსახიერება არის ფრონტისპირა ევროპული სახელმწიფოები. როდესაც რუსეთი დაჟინებით ამტკიცებს, რომ მას ლეგიტიმური უფლება აქვს გააჩნდეს საკუთარი გავლენის სფერო, ეს იწვევს პრობლემას, რადგანაც სხვა სახელმწიფოებს არ სურთ, რომ ამ სფეროს ნაწილი იყვნენ. რუსეთისგან მოსალოდნელი საშიშროება იარსებებს მანამ, სანამ დასავლეთი მხარს უჭერს იმ ქვეყნების სუვერენიტეტსა და უპირობო დამოუკიდებლობას, რომლებსაც რუსეთი საკუთარ საფეოდალოდ აღიქვამს.
რუსეთს არანაირი ინტერესი არ აქვს ისეთი საერთაშორისო წესრიგი მიიღოს, რომელიც დასავლეთში შექმნილ პრინციპებსა და ინსტიტუციებზე დაფუძნებული იქნება, რადგანაც მას მიაჩნია, რომ ყოველივე ეს დასავლეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. უფრო კონკრეტულად, მოსკოვი აღნიშავს, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა და ორგანიზაციებმა, განსაკუთრებით კი NATO-მ, ის ევროპული თავდაცვის სისტემის არქიტექტურაში არ ჩართეს. რამდენადაც ეს სიმართლეა, უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს NATO-ს როლი: დაიცვას საკუთარი წევრები ისეთი ქმედებებისგან, რასაც რუსეთი საკუთარი უფლებების განხორციელებლად მიიჩნევდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლებელია არსებობდეს ან ევროპული უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც პატივს სცემს ყველა ევროპულ სახელმწიფოს, ან ისეთი, რომელიც რუსეთის პრივილეგიებს უზრუნველყოფს; მაგრამ არა ორივე ერთდროულად.
რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებებსა და ფოლისიზე?
იმის გააზრების წარუმატებლობა, რომ რუსეთის გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა შემოსაზღვრულია ისტორიის, გეოგრაფიის, სოციალური პოლიტიკისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სრულიად განსხვავებული აღქმით, შედეგად იძლევა მოსკოვის გადაწყვეტილებებით დასავლეთის რუტინულ გაოცებასა და შეშფოთებას. ამას მივყავართ არა მარტო პერიოდულ პანიკამდე იმის განსაზღვრისას, თუ რა შეიძლება იყოს რუსეთის სტრატეგიული მიზნები, არამედ კრიზისების შეიარაღებულ დაპირისპირებად გარდაქმნისას დასავლური ძალების მიერ რუსული აგრესიის მსხვერპლ სახელმწიფოებზე ცეცხლის შეწყვეტის პირობების (შედგენილი მოსკოვში) მრავალგზის დაწესებამდე. იქნება ეს 2008 წელს საქართველოსთან, თუ ბოლო წლებში უკრაინასა და სირიასთან მიმართებაში, დასავლეთი დაჟინებულად მოითხოვს მსხვერპლის შემზღუდველი პირობების დაწესებას, იმ დროს, როდესაც მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს აგრესორს, რუსეთს (უკრაინის შემთხვევაში, უარყოფს კიდეც რუსეთს, როგორც კონფლიქტში მონაწილე მხარეს). ეს გამომდინარეობს მიზნების არსებითი შეუსაბამობიდან: დასავლეთს სურს, რომ დაასრულოს დაპირისპირება, რუსეთის კი – ომის მოგება. განსაკუთრებულად ნათელ მაგალითს წარმოადგენს, დასავლეთში ფართოდ გავრცელებული მტკიცება, რომ უკრაინის ომის მოგვარების საუკეთესო გზა არის უკრაინის მიერ დათმობებზე წასვლა, ვიდრე რუსეთის მიერ აგრესიის შეწყვეტა.
იმის გააზრების წარუმატებლობა, რომ რუსეთის გადაწყვეტილების მიღების სტრუქტურა შემოსაზღვრულია ისტორიის, გეოგრაფიის, სოციალური პოლიტიკისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სრულიად განსხვავებული აღქმით, შედეგად იძლევა მოსკოვის გადაწყვეტილებებით დასავლეთის რუტინულ გაოცებასა და შეშფოთებას.
ონსესუსისა თუ დაშოშმინების გზის ძიებას აქვს სხვა საზიანო შედეგები. მორალური ექვივალენტობა, რომელიც გამომდინარეობს რუსული აგრესიული ქმედებების ფრთხილად იგნორირებისგან, მავნებელია დასავლური იდენტობის განმსაზღვრელი ისტორიული ღირებულებებისა და ეთიკური ნორმებისთვის, რამეთუ კონსესუსის მიღწევა მათთან, ვისი მიზანიცაა დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების ძირის გამოთხრა, მათ ამ მიზნის მიღწევაში ხელს უწყობს. რომ დავამატოთ, საუკეთესო განზრახვების მიუხედავად, განმეორებულ წარუმატებლობებს მივყავართ ბრალეულობის ძიების პროცესამდე, რომელიც წარუმატებლობის სათავეებს ხანდახან შეცდომით პოულობს დასავლეთის ამჟამინდელ თუ წარსულ ქმედებებში, ვიდრე რაიმე ფუნდამენტურ წინააღმდეგობასა თუ რუსეთის ქცევაში.
რუსეთი ხელმძღვანელობს სამყაროს ფუნქციონირების საკუთარი და არა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის მიერ მიჩნეული რაციონალური გაგებით. მაგალითად, ამგვარი აღქმა რუსეთს უბიძგებს ამტკიცოს (ან თუნდაც გულწრფელად დაიჯეროს), რომ ქვეყნები ნატოსა თუ ევროკავშირს უერთდებიან ვაშინგტონისა თუ ბრიუსელის მხრიდან ძალდატანებითა ან დარწმუნებით, და არა იმიტომ, რომ ეს მათს ინტერესებს ემსახურება. ეს ვრცელდება ახლო თუ უფრო შორეული წარსულის ძირითად ფაქტებზე შეუთანხმებლობამდე. არ არსებობს პერსპექტივა შეჯერდეს რუსეთის მტკიცება, რომ ნატომ 1990 წელს აიღო ვალდებულება არ მიეღო ახალი წევრები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ნატოს პოზიცია, რომ არანაირი ასეთი ვალდებულება არ აუღია. ამის პარალელურად, გაძლიერდა ისტორიის საბჭოური აღქმის რუსებზე თავს მოხვევის კამპანია, რომელიც დღეს რუსეთს საკმაოდ სცდება. მეორე მსოფლიო ომის შესახებ უწინ დანგრეული საბჭოთა მითების აღდგენასთან დაკავშირებით უნდა დავამატოთ, რომ რუსეთი მიუბრუნდა სსრკ-ს როლის უარყოფას ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში 1939-1940 წლებში აღმოსავლეთ ევროპის გასაყოფასთან მიმართებაში და ამავე სახელმწიფოების დამოუკიდებლობის ძალის გამოყენებით სასტიკად ჩახშობაში მსოფლიო ომის შემდეგ. ეს პროცესი აგრეთვე მოიცავდა საბჭოური აგრესიისა და ოკუპაციის მსხვერპლ ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპულ სახელმწიფოებზე ხანგრძლივი ინფორმაციული ნაკადით ზეგავლენის მოხდენას, რომლის მიზანიც მოსკოვის გამართლება და მსხვერპლ სახელმწიფოებზე ბრალეულობის გადატანა იყო ომისა და მისი შედეგების გამო.
თუ ის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სჭირდება საერთაშორისო ავანტიურებით საკუთარი თავის ლეგიტიმაცია, არიან მართლები, მაშინ რუსეთში სტაბილურობის აუცილებელი წინაპირობა საზღვარგარეთ მეტი არასტაბბილურობის შექმნაა. შედეგად, ევროპა მთლიანად გადაიქცა მოუგვარებელი კონფლიქტის სცენად.
კარგი ფოლისი როგორი უნდა იყოს?
ვარაუდები იმის შესახებ, რომ რუსეთი დასავლეთის პარტნიორი იყო და იზიარებდა მის ინტერესებს, ცივი ომის დასრულების შემდეგ 20 წლის განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული, მზარდი საწინააღმდეგო ფაქტების მიუხედავად. აუცილებელია, რომ ეს ვარაუდები უარვყოთ, ხოლო უთანხმოების რეალობა ვაღიაროთ. თუმცა ამან თავისთავად არ უნდა მიიღოს ღია დაპირისპირების სახე. ცივი ომის ერთ-ერთ გაკვეთილი სწორედ ის არის, რომ თანაარსებობა შესაძლებელია მოსკოვისა და დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეუთავსებლობის მიღებასთან ერთად.
ამასობაში, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პოზიტიური შემოთავაზებები მრავლადაა. თუმცა მათი მუშაობისთვის მთავარი ელემენტი მოსკოვის თანხმობაა. ფუნდამენტური შეცდომაა იმის მიჩნევა, რომ რუსეთი დაძაბულობის შემცირებაზე თანამშრომლობით დაინტერესებულია, ან დასავლური სახელმწიფოები და ინსტიტუციები შეძლებენ თანამშრომლობის გარეშე ვითარების გაუმჯობესებას. ამის სანაცვლოდ, რუსეთი დათმობასა და კომპრომისს თავის სასარგებლოდ გამოსაყენებელ სისუსტედ აღიქვამს. რუსეთისა და ნატოს თვითმფრინავებსა და სამხედრო გემებს შორის სახიფათო ინციდენტების თავიდან არიდება არ მოითხოვს მოლაპარაკებებს ახალი შეთანხმებისთვის – ეს მხოლოდ მოითხოვს რუსეთის მხრიდან არსებული უსაფრთხოების წესების დაცვას. ამის მსგავსად, შეთავაზებები შეიარაღების კონტროლის ხელშეკრულებების შესახებ იმ ხელშეკრულებების ჩასანაცვლებლად, რომლებმაც ბოლო წლებში ძალა დაკარგეს, ვერ განხორციელდება, თუ უგულებელყოფილი იქნება ის ფაქტი, რომ რუსეთმა თავისივე ნებით დატოვა წინა ხელშეკრულებები ნათლად განსაზღვრული უსაფრთხოების მიზნებისთვის. ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობა კარგად ჟღერს – მანამ, სანამ რუსეთი ჩეჩნეთსა და სირიაში არ მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის განკუთვნილი მისი მეთოდები სრულიად მიუღებელია დასავლეთისთვის.
დასავლელ ფოლისიმეიქერებს, პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას მუდმივად უნდა ახსენებდნენ არა მარტო იმას, რომ რუსეთის მმართველები არა მარტო მათ არ ჰგვანან, ამ ადამიანებს არ სურთ, რომ დასავლელ კოლეგებს ჰგვანდნენ და ამის სურვილიც არ აქვთ, არამედ იმასაც, რომ არსებობს მიზეზები, რომლის გამოც რუსეთთან საერთო ენის გამონახვის მცდელობა მუდმივად წარუმატებელია. დასავლური ღირებულებებისა და ინტერესების რუსეთის ზრახვებთან არათავსებადობის აღიარება და ამავე რეალობაზე მორგება ურთიერთობის გრძელვადიან პერსპექტივაში, კონფლიქტებისა და წინააღმდეგობების მართვაში გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, ვიდრე უბრალო სურვილი მათი მოშორებისა. ეს, თავის მხრივ, იქნება არსებითი ფუნდამენტი არა მარტო რუსეთის განცხადებებისა და ქმედებების გასაგებად, არამედ ევროპის მომავალი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.