მითი 3: რუსეთმა პირობა მიიღო, რომ NATO არ გაფართოვდებოდა
John Lough,
Associate Fellow, Russia and Eurasia Programme
სტატიის თარგმანი:
გურამ ჯაჯანიძე, მარიამ ჯერანაშვილი
თარგმანის რედაქტორი:
მარიამ ღიბრაძე
ორიგინალი:
Myth 03: ‘Russia was promised that NATO would not enlarge’
რაში მდგომარეობს მითი?
Ამ რუსული მითის თანახმად, დასავლეთმა უღალატა რუსეთს და არ შეასრულა ცივი ომის ბოლოს მიცემული პირობა, რომ ნატო აღარ გაფართოვდებოდა. მითის თანახმად, ნაცვლად იმისა, რომ ნატოს ეს პირობა შეესრულებინა, მან რეალურად გადაწყვიტა არ გამოეყენებინა ახალ ევროპულ უსაფრთხოების ჩარჩოში რუსეთის ინტეგრაციის შესაძლებლობა და პირიქით, წააქეზა რუსეთი, დაბრუნებულიყო დაპირისპირების ძველ გზას აშშ-სა და მის მოკავშირეებთან. დასავლეთის მიერ რუსეთისადმი მიცემული პირობის „გადამალვის“ ნარატივი იწვევს აზრთა სხვადასხვაობას თავად ნატოს ქვეყნებში. მოსკოვი ამ ნარატივს იყენებს ნატოს მთავარ ქვეყნებში საზოგადოების შეხედულებებზე ზემოქმედებისთვის, რათა წარმოაჩინოს რუსეთი უსამართლო მოპყრობის მსხვერპლად.
ვინ ავრცელებს და იზიარებს მითს?
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 2018 წელს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბრისას განაცხადა:
ვფიქრობ, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ, ნატომ, ვერ შევძელით სრულად შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები, რომლებიც ავიღეთ, რამაც განაპირობა გარკვეული, საკმაოდ საფუძვლიანი, შიშები. ჩვენ არ გამოვიჩინეთ რუსეთის მიმართ ნდობა, რისი მოლოდინის საფუძველი რუსეთს სამართლიანად ჰქონდა.
2016 წელს ამერიკელმა მკვლევარმა მაიკლ მანდელბაუმმა განაცხადა:
ნატოს გაფართოებამ რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ რუსებს ორი გაკვეთილი ასწავლა, რომელთა ათვისებაც არ იყო ამერიკის ინტერესში: პირველი, რომ ამერიკელთა მიერ მიცემული პირობების ნდობა არ შეიძლება, და მეორე – რომ დასავლეთი რეალურად ისარგებლებდა რუსეთის სისუსტითა და დამყოლობით.
ნატოს გაფართოების თავდაპირველ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი და ავტორი, გაბრიელე კრონ-შმალცი 2015 წელს ამტკიცებდა, რომ დასავლეთის წარუმატებლობამ, „მოპყრობოდა რუსეთს, როგორც სრულფასოვან პარტნიორს“ ხელი შეუშალა ამ ქვეყანაში „ნორმალიზაციის პროცესს“.
2014 წელს ამერიკელმა აკადემიკოსმა, ჯონ მერშაიმერმა, რუსეთის აგრესია უკრაინაში დააკავშირა კლინტონის ადმინისტრაციის წადილს, გაეფართოებინა ნატო. მერშაიმერი იმეორებდა კლინტონის პოლიტიკის იმდროინდელი კრიტიკოსების არგუმენტებს, რომელთა თანახმადაც არ იყო შეკავების საჭიროება „დასუსტების გზაზე მყოფი დიდი ძალის, რომელსაც ჰყავდა დემოგრაფიული დაბერების პროცესში მყოფი მოსახლეობა და ჰქონდა ცალმხრივი ეკონომიკა“. ამგვარად, ამ ნარატივის მომხრეების დასკვნა არის ის, რომ ნატომ საჭიროების გარეშე წააქეზა რუსეთი და სხვა შემთხვევაში რუსეთი კეთილსინდისიერად მოეპყრობოდა საკუთარ მეზობლებს.
რატომ არის მითი მცდარი?
1990 წლის ივლისში საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხაილ გორბაჩოვი ნატოში გაერთიანებული გერმანიის შესვლას დათანხმდა. იმ დროს მოქმედმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯეიმს ბეიკერმა, მანამდე გორბაჩოვს უთხრა, რომ ნატოს იურისდიქცია გერმანიის შიდა საზღვარს არ გასცდებოდა, თუმცა შემდგომში ვაშინგტონმა უარყო ეს პოზიცია, რისი საფუძველიც გერმანიის ტერიტორიის ნაწილის ალიანსს გარეთ დატოვების გარემოებები გახდა. იმ შეთანხმების თანახმად, რომელიც გორბაჩოვსა და დასავლეთ გერმანიის კანცლერ – ჰელმუტ კოლს შორის შედგა, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ უნდა განთავსებულიყო სხვა ნატოს წევრი ქვეყნების ჯარები მანამ, სანამ მას საბჭოთა კავშირი არ დატოვებდა და მას შემდეგ ჯარები მხოლოდ დროებით შეიძლება განთავსებულიყო. ამასთანავე არ უნდა განთავსებულიყო ბირთვული შეიარაღება. მოსკოვმა მიიღო ფინანსური სარგებელიც, 12 მილიარდი დოიჩმარკის ჩათვლით, რომელიც მოხმარდებოდა უკან დაბრუნებული საჯარისო ნაწილების საწყის ადგილას დაბრუნებას.
თუმცა, გორბაჩოვს არც უთხოვია და არც მიუღია არანაირი ფორმალური გარანტია იმის შესახებ, რომ გაერთიანებული გერმანიის ტერიტორიის მიღმა ნატო აღარ გაფართოვდებოდა. იმ დროს ეს საკითხი არც კი განიხილებოდა ნატოში, ვინაიდან ვარშავის პაქტი და საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ აგრძელებდნენ არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ ვარშავის პაქტი დღეებს ითვლიდა, დასავლეთის დედაქალაქებში 1990 წლის შემოდგომაზე არ არსებობდა არანაირი მოლოდინი, რომ ერთ წელიწადში საბჭოთა კავშირი ჩამოიშლებოდა.
საბჭოთა კავშირის გაუჩინარებამ შექმნა მთლიანად განსხვავებული გეოპოლიტიკური რეალობა, რომელმაც სწრაფადვე მოჰფინა ნათელი განსხვავებებს დასავლეთსა და რუსეთის ხედვას შორის იმის თაობაზე, როგორი უნდა ყოფილიყო ევროპული უსაფრთხოება და კონკრეტულად, რა როლი უნდა ჰქონოდა ნატოს ამ საკითხში. 1993 წლის ბოლოდან რუსულმა დიპლომატიამ ხმა აიმაღლა ნატოს მეტად გაფართოების წინააღმდეგ, თუმცა შეეგუა ფაქტს, რომ არ შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. მის მთავარი წუხილი ის იყო, რომ ნატოს ზოგიერთი ქვეყნის ლიდერმა ადრეულ 90-იან წლებში წარმოუდგენლად მიიჩნია ნატოს გაფართოების შესაძლებლობა, და რომ მათი აზრით, დასავლეთმა შეცდომაში შეიყვანა რუსეთი. როგორც რუსეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევგენი პრიმაკოვმა, მოგვიანებით მწუხარებით აღნიშნა, იმ დროს დასავლელი ლიდერების მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ გააჩნდა სამართლებრივი ძალა, თუმცა მისი აზრით, ასეთი სამართლებრივი საფუძვლებისა და გარანტიების შექმნა იმ დროისთვის შესაძლებელი იყო.
ნატოს გაფართოების მითი ასევე შეიცავს ფაქტის მნიშვნელოვან დამახინჯებას: რუსეთის ფედერაცია გახდა საბჭოთა კავშირის დე ფაქტო ლეგალური მემკვიდრე მისი დაშლის შემდეგ, თუმცა რუსეთი არსებობას აგრძელებდა საბჭოთა კავშირისგან განსხვავებულ საზღვრებში და მისი უსაფრთხოების ინტერესები ვერ იქნებოდა საბჭოთა კავშირის ინტერესების იდენტური. რეალურად იმ დროისთვის რუსეთის ლიდერებს არ სურდათ, რომ დასავლეთს აღექვა ახალი რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის დაუსრულებელი ფორმა, არამედ მათი სურვილი იყო რუსეთს მოპყრობოდნენ როგორც ქვეყანას, რომელმაც დაიბრუნა მისი სუვერენიტეტი და ბოლშევიზმის ტრაგედიის შემდეგ უბრუნდებოდა ევროპულ ფესვებს. ამასთანავე, 1990 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა პარიზის ქარტიას, რომლის მიხედვითაც სრულად ცნობდა სახელმწიფოების ნებას, თავადვე განესაზღვრათ საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა. ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტი, რომელიც 1997 წელს გაფორმდა, ასევე იზიარებდა სულისკვეთებას, პატივი ეცა ყველა სახელმწიფოს „განუყოფელი უფლებისთვის“, „თავადვე განესაზღვრათ გზები საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
1999 წელს ნატოს კოსოვოს კამპანიამ იმაზე მეტად გააღრმავა ანტი-დასავლური განწყობები რუსეთში, ვიდრე ნატოს გაფართოებამ. აღნიშნული მოვლენა დაემთხვა რუსეთის უკიდურესი სისუსტის პერიოდს, ამასთანავე მან ფაქტობრივად წარმოაჩინა რუსული დიპლომატიის კრახი.
უფრო მეტიც, 1999 წელს კოსოვოში ნატოს კამპანიამ გაცილებით მეტად გააღრმავა ანტიდასავლური განწყობები რუსეთში, ვიდრე ნატოს გაფართოებამ. აღნიშნული მოვლენა დაემთხვა რუსეთის უკიდურესი სისუსტის პერიოდს, ამასთანავე მან ფაქტობრივად წარმოაჩინა რუსული დიპლომატიის კრახი. მოსკოვმა დაარწმუნა იუგოსლავიის პრეზიდენტი, სლობოდან მილოშევიჩი, რომ რუსეთი შეძლებდა სერბეთის, მისი ტრადიციული მოკავშირის, დაცვას ნატოსგან, თუმცა რუსეთმა პირობა ვერ შეასრულა. რუსმა ლიდერებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ეს მომენტი, როგორც ერთგვარი სამხილი იმისა, რომ რუსეთს დასავლეთისგან ისევ საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა ისინი საკმაოდ ფრთხილად ეკიდებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის გამიჯვნას ერთმანეთისგან. ევროკავშირთან მეგობრული ურთიერთობები რუსეთს სთავაზობდა ერთგვარ შესაძლებლობას, დაესუსტებინა ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. თუმცა, მიუხედავად 2003 წელს ამერიკის მიერ ერაყში შეჭრის შედეგად ევროპასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში სირთულეებისა, ევროკავშირმა რუსეთი მაინც არ მიიღო.
2008 წლის ნატოს სამიტზე მოსკოვმა მკაფიოდ დაინახა, რომ საფრანგეთი, გერმანია და სხვა დანარჩენი ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ ვაშინგტონის მცდელობას საქართველოსა და უკრაინას წარმატებით ევლოთ ნატოში გაწევრების გზაზე. მიუხედავად ნატოს არაგონივრული გარანტიებისა, რომ ეს ქვეყნები შეუერთებოდნენ ნატოს, მოსკოვის დე ფაქტო თანხმობის გარეშე ეს შეუძლებელი იყო. მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ აეცილებინათ გაფართოებასთან დაკავშირებული კრიზისი, საბოლოოდ პარიზმა და ბერლინმა დაინახეს, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და ევროპას შეუზღუდა გაზის მიწოდება 2009 წელს უკრაინასთან არსებული დაპირისპირების გამო. თუ მოსკოვის მიზანი იყო საკუთარი თავის უსაფრთხო და სანდო პარტნიორად წარმოჩენა ევროპისთვის, ეს ნამდვილად არ ყოფილა სწორი გზა ამ მიზნის მისაღწევად.
2013 წლისათვის რუსეთი გადავიდა კონსერვატიულ ნაციონალიზმზე. საკუთარი თავი მიიჩნია განსხვავებული ეპოქის ევროპული ღირებულებების დამცველად და იყო მტრული არამხოლოდ ნატოს, არამედ ევროკავშირის მიმართაც. ევროკავშირის მესამე ენერგეტიკულმა პაკეტმა, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წელს და მისმა არასანდო შესწავლამ გაზპრომთან დაკავშირებით, 2011 წელს შეცვალა ბრიუსელთან ურთიერთობების ტონი. ეს იყო რუსეთის უკრაინასთან დამოკიდებულების მხატვრული გაფორმება, რითიც საბოლოოდ დადასტურდა, რომ რუსეთი უკრაინას არ მიიჩნევდა სრულად სუვერენულ სახელმწიფოდ (ამ შემთხვევაში ევროკავშირთან მისი ურთიერთობის განსაზღვის უფლებით). რუსეთს ჯერ კიდევ გააჩნდა ის თავისებურებები, რომელიც მარშაიმერმა აღწერა 1990-იანებში. თუმცაღა, ამ სისუსტეებმა არ შეაფერხა რუსეთი, რომ აღედგინა თავისი სამხედრო შესაძლებლობები და გამბედაობა, რათა აღესრულებინა თავისი განაცხადი ევროკავშირის მთავარ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით.
საუკუნუკოვანი ისტორია მიგვანიშნებს ფაქტზე, რომ რუსეთი წარმოშობს საკუთარ უსაფრთხოებას მეზობელ ქვეყნებზე ძალადობრივი გავლენით. მისმა სამხედრო სტრუქტურამ შეისმინა გაკვეთილი, რომ რუსეთი ყოველთვის ომობს დამცველობითი საბაბით თავისი საზღვრების გარეთაც. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ვიფიქროთ, რომ ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების შეჩერებით ის არ გააგრძელებდა ამ ტრადიციას. ამავდროულად ორივე ორგანიზაციის გაზრდის გარეშე ევროპას გაუჭირდებოდა სტაბილურობის შენარჩუნება. გერმანია და მისი მეზობლები ცენტრალური ევროპიდან აღმოაჩენდნენ საკუთარ თავებს ორი უფრო სერიოზული შედეგებით გაფართოებულ რეგიონზე. რუსი ფოლისიმეიქერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნატოს გაფართოებამ დააზიანა რუსეთის უსაფრთხოების ინტერესები, ყურადღებას არ აქცევენ ფაქტს, რომ არასტაბილური ევროპა არათუ შეამცირებდა რუსეთის უსაფრთხოების პრობლემებს, არამედ გაზრდიდა.
მიუხედავად მისი საჯარო წინააღმდეგობისა გაფართოებასთან დაკავშირებით, ანდრეი კოზურევმა (რუსეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სსრკ-ის კოლაფსის შემდეგ 1996 წლამდე), ახლო წარსულში განაცხადა: „აშშ და ნატო იყვნენ ისტორიის სწორ მხარეს, როდესაც მიიღეს ახალი დემოკრატიული ქვეყნები ალიანსში და როდესაც ცდილობდნენ რუსეთთან საერთო ენის გამონახვას. ეს იყო მოსკოვი, ვინც ნატოსადმი საკუთარ ანტაგონიზმს დაუბრუნდა.
რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებებსა და ფოლისიზე?
განმეორებადი შეხსენება, თითქოს დასავლეთმა რუსეთის მიმართ პირობა დაარღვია, ხელს უწყობს რუსეთში ანტიდასავლური კონსენსუსის შენარჩუნებას. ამავდროულად, ნატოს ლიდერების გაუბედავმა პასუხებმა წლების განმავლობაში გადააქცია „მითი“ სავარაუდო „ფაქტად“.
ეს პასიურობა 2014 წლამდე შეინიშნებოდა, როგორც ზოგადი ტენდენცია, რათა თავიდან აერიდებინათ რუსეთთან დაპირისპირება იმ რწმენით, რომ მოსკოვისთვის ნატოს გაფართოება რთული მისაღები იყო და ძველ ჭრილობებზე მარილის მოყრას აზრი არ ჰქონდა. რუსეთთან ღიად ლაპარაკის ეს წარუმატებლობა ეწინააღმდეგება გერმანიისა და სხვების მიერ დიალოგის აუცილებლობის ხაზგასმას, როგორც ნდობის აღდგენისკენ მიმავალ გზას.
Რუსეთის მიმართ დასავლური ვერაგობის ნარატივი მის მიერვე აღწერილ დასავლეთის “ანტი-რუსულ” სანქციებთან ერთად რუსეთს მოყავს, როგორც მის მიმართ დასავლური პოლიტიკის უსამართლო და არაპროდუქტიული მოპყრობის მაგალითი. მიზანი კი ისაა, რომ დაარწმუნოს ნატოს ევროპელი წევრები, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები უფრო ღირებულია უსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიდრე 1990-იანი წლების უსაფთხოების „მოძველებული“ პრინციპების მხარდაჭერა. გერმანიის მიზანი, რომ რუსეთისგან პირდაპირ მიიღოს გაზი, აწყდება ცენტრალურ ევროპაში მოკავშირეების მკაცრ წინააღმდეგობას, რაც ზემოთაღიშნულის კარგი მაგალითია პრეზიდენტ მაკრონის სურვილთან ერთად, რომ „შეამსუბუქოს და ნათელი მოჰფინოს“ ევროპის ურთიერთობებს რუსეთთან.
კარგი ფოლისი როგორი უნდა იყოს?
რუსი ფოლისიმეიქერები უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ ისტორიას, ვიდრე მათი დასავლელი კოლეგები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ რუსებს კარგად ესმით ისტორიული ნარატივის ფლობის მნიშვნელობა და უპირატესობის მოსაპოვებლად მისი გამოყენების შესაძლებლობები. მაგალითისთვის, ბოლო თვეებში რუსეთი აქტიურად ცვლის იმის ინტერპრეტაციას, თუ რატომ დადო სტალინმა თავდაუსხმელობის პაქტი ჰიტლერთან 1939 წელს. ამის მიზანი ისაა, რომ სხვები დაადანაშაულოს მეორე მსოფლიო ომის დაწყებაში – კერძოდ, პოლონეთი, რომლის ისტორიული ნარატივი რუსულს ეწინააღმდეგება და რუსეთისთვის გამოწვევას წარმოადგენს.
ნატოს ქვეყნების მთავრობებმა უნდა გააცნობიერონ ისტორიის მნიშვნელოვნება და ის, რომ რუსეთი ნატოსთან დაკავშირებული ფაქტებით განგებ მანიპულირებს. შეიძლება ითქვას, რომ მითისთვის საკუთარი სახელის დარქმევა კარგი დასაწყისი იქნება. ეს მიდგომა მოითხოვს, რომ ოფიციალურ პირებს არამხოლოდ მიეწოდოს სრულფასოვანი ბრიფები და თავად დარწმუნდნენ საკუთარ სისწორეში, არამედ ასევე მზად იყვნენ, დაუპირისპირდნენ საკუთარ რუს კოლეგებს, როდესაც ისინი მცდარ ნარატივებს გააჟღერებენ. ამავდროულად ნატოს წევრ სახელმწიფოებს სჭირდებათ, რომ იზრუნონ საკუთარ ქვეყნებში აზრის ლიდერების განათლებაზე და არ დააკისრონ ეს ვალდებულება ნატოს. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საკუთარ სახლში იწყება.