ეს სტატია არის თარგმანი სტატიისა Mill's on Liberty, რომელიც იყო გამოქვეყნებული დრ. გრეგორი ფრიდის (Dr. Gregory Fried) მიერ 2007 წელს; სტატიის ორიგინალი სათაური: Mill's on Liberty. თარგმანზე მუშაობდნენ: გიორგი მელაშვილი, მიხეილ მთიულიშვილი, რატი კობახიძე.
1. შესავალი
ჯონ სტიუარტ მილის მიერ 1859 წელს დაწერილ ტექსტს თავისუფლების შესახებ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ლიბერალიზმის ნაშრომებს შორის. მილის ცენტრალური მოსაზრება, რომელსაც მოგვიანებით თავისუფლების პრინციპს უწოდეს, გულისხმობს ინდივიდის თავისუფლებას იფიქროს, თქვას და გააკეთოს ის, რაც მას სურს მანამ, სანამ ვინმეს ზიანს მიაყენებს. მილი აღიარებს, რომ ის არ არის ამ იდეის პირველავტორი: საფრანგეთის დიდი რევოლუციის საფუძველიც იგივე იყო. მაგრამ ნაშრომი თავისუფლების შესახებ არის თავისუფლების პრინციპის გამორჩეული დაცვა.
როგორც მილი აღნიშნავს, ადამიანები, რომლებიც დემოკრატიაში ცხოვრობენ, ცდუნების წინაშე დგანან დაიჯერონ, რომ მათ არ უნდა იზრუნონ საკუთარ თავისუფლებაზე. იმ ქვეყნებში, რომელთა მმართველებს ძალაუფლება ხალხისგან კი არ მოუპოვებიათ, არამედ მემკვიდრეობით მიიღეს, ან ძალმომრეობით ჩაიგდეს ხელში, აშკარაა, რომ საჭიროა მოქალაქეთა თავისუფლების დაცვა. თუ მმართველი არ არის ვალდებული მკვეთრად პატივი სცეს მოქალაქეთა თავისუფლებას, მას შეუძლია გაუკეთოს საკუთარ ქვეშევრდომებს ნებისმიერი რამ, რასაც მოინდომებს. დემოკრატიული მმართველობის პირობებში მოქალაქეებმა შეიძლება ივარაუდონ, რომ მათი პოლიტიკური სისტემა თავად არის თავისუფლების გარანტი, მათ არ აქვთ ანტაგონისტური დამოკიდებულება საკუთარი მთავრობის მიმართ, რადგანაც დემოკრატიული მთავრობა არის ხალხის მთავრობა, შესაბამისად, ამგვარი სახის ხელისუფლებას არ შეუძლია, დაჩაგროს ხალხი, რადგან ეს ხალხის მიერ საკუთარი თავის დაჩაგვრის ტოლფასი იქნება.
როგორც მილი აღნიშნავს, ეს მსჯელობა გზიდან აგვაცდენს. თუ არ არის უზრუნველყოფილი ინდივიდის უფლებები, დემოკრატიულმა მთავრობამ შესაძლოა უმრავლესობის ნება უმცირესობას მოახვიოს. ასეთი მთავრობა ხალხის, როგორც ასეთის, ნებას არ დაარღვევს, თუ ნებაში ჩვენ ვიგულისხმებთ უმრავლესობის მოსაზრებას, თუმცა იგი დაჩაგრავს განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების მოსაზრებას. ამიტომაც, იმისთვის, რომ უმცირესობის თავისუფლება დაცული იყოს, დემოკრატიამ განსაკუთრებული პატივი უნდა სცეს ინდივიდის თავისუფლებას. ასევე, იმის მიუხედავად, რომ მილი თავად არ უსვამს ხაზს ამ გარემოებას, უმცირესობის დაცვა არ გულისხმობს ადამიანთა სტატიკური და მუდმივი ჯგუფის უფლებების დაცვას. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, უმცირესობის წევრთა ვინაობა შეიძლება განსხვავდებოდეს – ადამიანი შეიძლება იყოს უმრავლესობაში, როდესაც თემა გადასახადებს ეხება, მაგრამ უმცირესობაში აბორტის საკითხებზე. მაშასადამე, უმცირესობათა ხედვების დაცვა აშკარად შედის დემოკრატიული სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის ინტერესებში, ვინაიდან თითოეული ადამიანი რომელიმე კონკრატულ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება უმცირესობაში აღმოჩნდეს.
2. თავისუფლების პრინციპის არსი
სანამ დავიწყებთ მილის მიერ თავისუფლების პრინციპის შესახებ არგუმენტირებულ მსჯელობას და განვიხილავთ მის მიერ ამ პრინციპის დაცვას, აუცილებელია გავიაზროთ, თუ რას გულისხმობს თავისუფლების პრინციპი:
- ის ეხება მხოლოდ რაციონალურ ზრდასრულებს. თავისუფლების პრინციპი არ ეხება ბავშვებსა და იმ ადამიანებს, ვისი დარწმუნებაც შეუძლებელია რაციონალური გზით. ამ ჯგუფების მსჯელობიდან გამორიცხვის მიზეზი იმას ემყარება, რომ ამ პრინციპის მილისეული განმარტება ემყარება ჩვენს უნარს განვვითარდეთ აზროვნების, მსჯელობის საშუალებით. ვისაც არ გააჩნია მსგავსი უნარი, მათთვის პრინციპი აღარაა ლეგიტიმური. მილი თავისი პრინციპიდან გამორიცხავს ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც არსებობს პრიმიტიულ, პრერაციონალურ მდგომარეობაში. მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო სიკეთის მოსურნე იმ ხელისუფალთა ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია უკან მყოფი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად მათი სურვილების მიუხედავად (ჩვენ შეიძლება ველოდით, რომ მილი რაიმე სახის რასისტული შინაარსის აზრს გააჟღერებდა, რაც მეცხრამეტე საუკუნის ევროპისთვის დამახასიათებელია, თუმცა არა. იგი ასახელებს შარლემანს, როგორც ჩამორჩენილი ხალხის სიკეთის მოსურნე მმართველის ერთ-ერთ კარგ მაგალითს. მილი ცალსახად არ მიიჩნევს, რომ ჩამორჩენილობა ევროპელებისთვის არ არის დამახასიათებელი.)
- მხოლოდ ძალდატანებაა აკრძალული. თავისუფლების პრინციპი არ კრძალავს ადამიანთა შორის კამათს ან საკუთარ მოსაზრებაში დარწმუნების მცდელობას, თუმცა არავის აქვს უფლება აიძულოს ვინმეს ირწმუნოს რამის.
- წყენინება არ არის ზიანი. ადამიანი ხშირად ნაწყენდებიან იმ მოსაზრებების გამო, რომელსაც არ იზიარებენ, შესაბამისად წყენის ზიანად აღიარება ფატალურად შეასუსტებდა თავისუფლების პრინციპს.
- ზიანი შეიძლება იყოს როგორც პასიური, ისე აქტიური. სხვებისთვის ზიანის მიყენების მიზეზი, მილისთვის, ჩვეულებისამებრ აქტიურია: ერთი ადამიანი აყენებს ზიანს მეორეს საკუთარი ქმედებით. მაგრამ ზოგჯერ ის შეიძლება იყოს პასიური – როდესაც ადამიანი წარუმატებელია რაღაცის გაკეთებისას, მაგალითად, ადმიანმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მეორეს, იმ შემთხვევაში, თუ არ გამოცხადდება მოწმედ სასამართლოში. თავისუფლების ამგვარი პასიური გამოვლინება არალეგიტიმურია. თავისუფლების პრინციპი არ იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც მოვალეობებისგან თავის არიდებას ცდილობენ.
- საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება არ არის აკრძალული. თავისუფლების პრინციპი ინდივიდებს ანიჭებს საკუთარი სხეულისა და აზრების სრულ ფლობას. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს უფლება ზიანი მივაყენო სხვას, შემიძლია ჩემს სხეულს გავუკეთო ის, რაც მე მსურს.
- დამატებითი შეზღუდვები : არანაირი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. თავისუფლების პრინციპში არსებობს კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც თავისუფლებას ეხება. მაგალითად, მილი თვლის, რომ საჯაროდ უხამსი ქმედება აკრძალული უნდა იყოს, თუმცა აქვე დასძენს, რომ ისეთ ადგილზე, სადაც შეკრებილი ზრდასრული ადამიანები თანახმა არიან, მაგალითად თეატრში, და არ თვლიან დარღვევად – დაშვებულია; თუ მსგავსი ქმედებები არ იქნება საჯარო სივრცეში, და მისი მონაწილეები და მაყურებლები ერთმანეთში შეთანხმდებიან.
- იძულება შეიძლება იყოს საზოგადო და ასევე ლეგალური. ამ პუნქტს, ბოლო პუნქტი ჩემს სიაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მილისთვის. თავისუფლების პრინციპის მიზანი არა მარტო თავისუფლების შემზღუდავი კანონების წინააღმდეგ მუშაობა, არამედ უხეში სოციალური წინააღმდეგობის საპირწონე მოქმედებაცაა. მილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას შეუძლია იარსებოს დესპოტიზმისა და ტირანიის პირობებში იმდენად, რამდენადაც მან შეიძლება მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ადამიანებს ხელს შეუშლის თავიანთი თავისუფლების განხორციელებაში. თავისუფლების პრინციპისთვის მიუღებელია სოციალური წნეხის შედეგად ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა, თუ იმ ადამიანის ქმედების შედეგად არავინ ზარალდება.
3. თავისუფლების პრინციპის დაცვა სიტყვის თავისუფლებისთვის
მილი გვთავაზობს ორ არგუმენტს თავისუფლების პრინციპის დასაცავად. პირველი არგუმენტი ეხება კონკრეტულ სფეროს – სიტყვის თავისუფლებას. მეორე არგუმენტი კი ავრცელებს პრინციპს არამარტო სიტყვის, არამედ სხვა ქმედებების თავისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლებას მილი ორმაგად იცავს: როგორც დამოუკიდებელ ფასეულობას და როგორც ზოგადი ფასეულობის გამოვლენას ( ზოგჯერ ამბობენ, რომ მილის მეორე არგუმენტი ეხება ნებისმიერ მოქმედებას, გარდა სიტყვის თავისუფლებისა, შესაბამისად, ორივე არგუმენტი ფარავს განსხვავებულ სფეროებს, მაგრამ მეორე არგუმენტის არსი ამ მოსაზრებას ნაკლებად სავარაუდოს ხდის – უფრო სავარაუდოა, რომ ის ფარავს ყველა ქმედებას, მათ შორის სიტყვის თავისუფლებას)
ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“ მილი სიტყვის თავისუფლების არგუმენტს განიხილავს ზოგად არგუმენტზე ადრე, ამიტომ ჩვენც ასე მოვიქცეთ.
მილის არგუმენტის არსი სიტყვის თავისუფლების შესახებ შემდეგში მდგომარეობს: როდესაც ვინმე რამე ნებისმიერი სახის ვარაუდს აყენებს, როგორ შეგვიძლია შევაფოსოთ მისი ვარაუდის ჭეშმარიტება? არსებობს სამი შესაძლებლობა: მტკიცება ჭეშმარიტია; ნაწილობრივ ჭეშმარიტია და ნაწილობრივ მცდარია; მცდარია. სიტყვის თავისუფლების შესახებ მილის არგუმენტის გამოირჩევა იმით, რომ რომ ის განიხილავს სამივე მტკიცების შესაძლებლობას და აჩვენებს, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენ კი არ უნდა ავკრძალოთ მტკიცების გამოხატვა, არამედ პირიქით – დავუშვათ იგი. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული მტკიცება ზემოთ ხსენებული სამი შესაძლებლობიდან რომელიმეს შეესაბამება, იგი ასკვნის, რომ ნებისმიერი მტკიცების გამოხატვა ნებადართულია; შესაბამისად, ადამიანს შეუძლია ის თქვას, რაც სურს.
შესაძლებლობა 1: მტკიცება ჭეშმარიტია
თუ მტკიცება ჭეშმარიტია, ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად გამოვთქვათ და ვისაუბროთ მის შესახებ. ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტებას ღაღადებას, სთავაზობს კაცობრიობას შესაძლებლობას გაზარდოს საკუთარი ცნობიერება.
მაგრამ მილი მიიჩნევს, რომ თითქმის ნებისმიერი მტკიცება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. მათემატიკის გარდა, სადაც ჩვენ ნამდვილად ვიცით ჭეშმარიტი პასუხი, ადამიანს ახასიათებს შეცდომების დაშვება. მაშინაც კი, როდესაც დარწმუნებულები ვართ პასუხის სისწორეში, ჩვენ შეიძლება ვცდებოდეთ. შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანა ჩვენმა ცრურწმენებმა, შურმა, შიშმა ანდაც საკუთარმა ინტერესმა. შესაძლებელია, ჩვენ გამოვიყენეთ რაციონალური კვლევა, მაგრამ სწორ პასუხს მაინც ვერ მივაგენით. მილი აღნიშნავს, რომ ყველა ეპოქაში არსებობდა ისეთი მოსაზრებები, რომლებიც მომავალმა თაობებმა გაამჟღავნეს და ამხილეს. სრულიად ლოგიკურია, რომ შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ჩვენი ეპოქის შეხედულებებიც თავიდან განვიხილოთ და მათი მცდარობა დავინახოთ. ამიტომ, ჩვენ არასდროს უნდა უგულებელვყოთ ნებისმიერი, რაც არ უნდა გასაოცრად ჟღერდეს, აზრი, რადგანაც ის შეიძლება სწორი იყოს.
იმ მოსაზრების გასამტკიცებლად, რომ ჩვენ ხშირად ვცდებით, მილი გვთავაზობს რამდენიმე შემთხვევას, როდესაც თავდაპირველად სწორი მტკიცება გადამოწმებისას უაღრესად მცდარი აღმოჩნდა: იესო ქრისტე, ჯვარცმული ღვთისგმობის გამო; სოკრატე, სიკვდილით დასჯილი ახალგაზრდების გახრწნისთვის. მილი აღწერს შემთხვევებს, როდესაც ყველაზე ბრძენმა ადამიანებმაც კი აკრძალეს მოსაზრება, რომლის მცდარობის სჯეროდათ: მარკუს ავრელიუსი, რომელიც ზოგადად გამოირჩეოდა სამართლიანობით, დევნიდა ქრისტიანებს. თუ ყველაზე გამორჩეული ადამიანები არასწორად დაისაჯნენ, ხოლო ყველაზე ბრძენმა ადამიანებმა სხვა ადამიანები მცდარად დასაჯეს, მაშინ – ამტკიცებს მილი – ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმდენად ამპარტავნები, რომ ვიფიქროთ, რომ ჩვენ უკეთესად მოვიქცეოდით მათ ადგილზე, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორად ვიგრძნობდით თავს იმ მომენტში.
მაგრამ არის თუ არა ამდენად ცუდი ჭეშმარიტი მტკიცების ცენზურა ? მილი მიიჩნევს, რომ არა, რადგანაც თუ მტკიცება ჭეშმარიტია, მისი ცენზურა არ არის ტრაგედია, რადგანაც ჭეშმარიტება აუცილებლად დაბრუნდება მანამ, სანამ კაცობრიობა მზად არ იქნება მის მისაღებად. მილი მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტება აუცილებლად გამოჩნდება მაშინაც კი, თუ ის დამალულია. მაგრამ არსებობს ჭეშმარიტების დამალვის ორი საფასური: პირველი ის, რომ კაცობრიობას მოუწევს საუკუნეების დაკარგვა მანამ, სანამ მას მაინც ხელახლა აღმოაჩენს; მეორე: სიმართლის დამალვა ხშირად იწვევს სიმართლის მთქმელის დევნას. თუ კი სიმართლე გადაურჩება დევნასა და აკრძალვას, სიმართლის მთქმელმა შეიძლება დიდი ალბათობით ვერ შეძლებს საკუთარი თავის გადარჩენა. გავიხსენოთ სოკრატე: დღეს მის იდეებს უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ თავად სოკრატე მოკლეს მაშინ, როდესაც დაგმეს მისი იდეები.
შესაძლებლობა 2: მტკიცება ნაწილობრივ ჭეშმარიტი და ნაწილობრივ მცდარია
ბევრი შეხედულება, როგორც მილი ირწმუნება, შეიცავს სიმართლესაც და ტყუილსაც. მიზეზი კი ისაა, რომ ბევრ რამეს ჩვენ მხოლოდ ცალი მხრიდან ვუყურებთ, ვაანალიზებთ მხოლოდ მის ერთ მხარეს და ვივიწყებთ სხვებს, ამიტომაცაა, რომ ერთ რამეს მივიჩნევთ ჭეშმარიტებად და დანარჩენს – მცდარად. სიმართლისა და მცდარობის შემცველი მრავალი მტკიცების სიღრმისეული გააზრებით, ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ის, რაც არის ჭეშმარიტი ორივე მათგანში და მივიღოთ მრავალმხრივი ჭეშმარიტება. რა თქმა უნდა, ამას ვერ მივაღწევთ, თუ ავკრძალავთ ყველა სხვა მოსაზრებას, გარდა სტანდარტულისა (რომელიც ასევე შეიძლება ცალმხრივი იყოს).
შესაძლებლობა 3: მტკიცება მცდარია
არაა რთული გავიაზროთ ის, თუ რატომაა მისაღები ჩვენთვის ჭეშმარიტი ან ნაწილობრივ ჭეშმარიტი იდეებისა თუ ხედვების გამოხატვა. მაგრამ რატომ უნდა დავრთოთ ნება ადამიანებს გააჟღერონ ის მოსაზრებები, რომლებიც სრულიად მცდარია? რა ზიანს მივიღებთ ტყუილისა და მცდარი შეხედულებების აკრძალვით? მილის ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ მცდარი ხედვა გვაძლევს შანსს გამოვცადოთ საკუთარი ხედვების სისწორე და ჭეშმარიტება და, ამავდროულად, დავამტკიცოთ ჭეშმარიტების აღმატებულობა ტყუილზე. თუ მე გამაჩნია რაიმე ხედვა რაღაცაზე, ალტერნატიული, კონკურენტი ხედვის არსებობა მისასალმებელია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სრულიად მცდარი აღმოჩნდება, ვინაიდან ის მაძლევს შესაძლებლობას დავამტკიცო მისი სიმცდარე. თითოეული მცდარი იდეის გაბათილება კი საკუთარი შეხედულების ჭეშმარიტებაში მეტად გვარწმუნებს და ამ მხრივ უფრო თავდაჯერებულს გვხდის.
მართლაც, მცდარი ხედვები არა უბრალოდ საკუთარი შეხედულებების გამართლების შანსს გვაძლევს, არამედ, მცდარი ხედვა გვაძლევს საშუალებას უფრო კარგად გავიაზროთ საკუთარი შეხედულებები. მილის აზრით, თუკი მე არ შემიძლია ალტერნატიული ხედვების უარყოფა, მაშინ, სინამდვილეში კარგად არ მესმის საკუთარივე იდეების, ე.ი. ჩემს სიტყვებს მიღმა არაფერი ღირებული არ დევს. მას მოჰყავდა ადრეული ქრისტიანების მაგალითი. ამ უკანასკნელთ, მილის აზრით, უწევდათ საკუთარი შეხედულებების შინაარსის გააზრება და ამ იდეების გაზიარებით გამოწვეული შედეგების მიღება, სწორედ მუდმივი და განსხვავებული ოპოზიციის არსებობის გამო. მაგალითისთვის, სხვების სიყვარული, უბრალოდ წმინდა ტონით წარმოსათქმელი სლოგანი კი არ იყო, არამედ პრინციპი, რომელიც მათ ცხოვრებას არეგულირებდა და კონკურენციას უწევდა განსხვავებულ ხედვებს, რომელთა სისუსტე და რეალური ღირებულებაც მათ უნდა გამოეკვლიათ. ამის საპირისპიროდ, ვიქტორიანული ეპოქის ქრისტიანები არ ხვდებიან არავითარ ოპოზიციას, ანუ არ უწევთ საკუთარი ხედვების ღრმად შესწავლა, სწორედ ამიტომაც მათი შეხედულებები ხშირად ზედაპირული ხდება, შესაძლოა აცხადებენ, რომ ქრისტეს ცხოვრებისეულ წესებს მიჰყვებიან, თუმცა მათი ქმედებების რეალური პრინციპები სხვადასხვა წყაროებიდან შეგროვებული აქსიომებია, რომლებიც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის კიდეც ქრისტიანობასთან. ეს მათი გარეგნული ქრისტიანობა რეალურად მათი ზღუდეა ფიქრის წინააღმდეგ, ვინაიდან ეს მათ საშუალებას აძლევს უარი თქვან ყველა სხვა ალტერნატიული ხედვის განხილვაზე. ამასთან ერთად კი იგივე ფაქტორი მათი ცხოვრების განმსაზღრელ რეალურ აქსიომებს (მაქსიმებს) ზედმეტი ყურადღებისგან იცავს, ვინაიდან ესენი სტერეოტიპულად აღიქმება ქრისტიანობად.
ჩვენ კი, მილის ესეში – თავისუფლების შესახებ განხილული მცდარი მტკიცებულების არსებობის ფუნქცია შეგვიძლია შევადაროთ ბოქსიორისთვის მოწინააღმდეგის არსებობის აუცილებლობას, რომლებიც რეალურად მისსავე ძლიერი მხარეების გამოვლინებასა და სისუსტეების დაძლევაში ეხმარება. ამის გარეშე, ბოქსიორი ზარმაცდება, ივიწყებს მოძრაობებს და შეიძლება ეგონოს, რომ ჯერ კიდევ ორთაბრძოლისას სწორად მოძრაობს, თუმცა რეალურად ეს ასე აღარაა.
ნათელია, რომ საწინააღმდეგო ხედვები, თუნდაც სრულიად მცდარი, აუცილებელია ჩვენთვის. მილი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ჩვენ გარშემო ასეთი შეხედულებების არ არსებობის შემთხვევაში, თავადვე ვიგონებთ ხოლმე მას, სწორედ იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ. ამის მაგალითად მოჰყავს სასკოლო განათლება: სკოლაში მიწოდებული ცოდნის დიდი ნაწილის შესახებ აღარავინ დავობს, რაც ჰქმნის საფრთხეს, რომ მოსწავლეები რეალურად ღრმად ვერ გაიაზრებენ მასალას და მხოლოდ ზედაპირულად შეისწავლიან მას, ამის გამოსასწორებლად კი სპეციალურად იგონებენ საწინააღმდეგო პოზიციას, რათა მოსწავლეებისთვის მიწოდებული ცოდნა დადგეს კრიტიკის ქვეშ, მათ კი მოუწიოთ მისი დაცვა და ამის შედეგად უკეთესად შესწავლაც.
შესაბამისად, საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანები, თუნდაც სრულიად შემცდარნი, თავადვე გვეხმარიან დავარწმუნოთ ისინი ჩვენი შეხედულებების სიმართლეში.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუკი რაღაც აზრი, მტკიცება მართებულია, მისი ცენზურა დაუშვებელია, ვინაიდან კაცობრიობის ცოდნის გაზრდაში გვეხმარება. თუკი ნაწილობრივ სიმართლეა, ნებადართული უნდა იყოს, რათა ჭეშმარიტების მარცვლები შევაგროვოთ. მთლიანად მცდარი შეხედულება კი იმით გვეხმარება, რომ მასთან შეწინააღმდეგების საშუალებას გვაძლევს, რის გარეშეც საკუთარ ხედვებში გარკვევა რთულია, რომ არაფერი ვთქვათ მათ გამართლებაზე. შესაბამისად ნებისმიერი სახის აზრი ნებადართული უნდა იყოს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მილი, თავის არგუმენტებში სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ, უშვებს, რომ ნებისმიერ მტკიცებულებები შეიძლება დავყოთ იმის მიხედვით, თუ რამდენად ჭეშმარიტია იგი, ეს სრულებითაც არაა აუცილებელი მისი მსჯელობისთვის. ადამიანთა ნაწილი მტკიცების, ან მტკიცებათა კონკრეტული ნაწილის მართალ-მტყუანობაზე მსჯელობას საერთოდ არ მიიჩნევს გამართლებულად (განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება ნორმატიულ მტკიცებებს, რომლებიც სიკეთესა და ბოროტებას შორის საზღვრებს ქმნიან), თუმცა ეს სხვა დისკუსიის საგანია. ამჯერად მე იმის ჩვენება მსურს, რომ მილის არგუმენტები იმათზეცაა მორგებადი, ვისაც არ სურთ რაიმე მოსაზრებების განხილვა ტყუალ-მართლობის ჭრილში და ამას ანაცვლებენ სხვა მნიშვნელოვანი რამით, კერძოდ სარგებლიანობით.
სინამდვილეში, მილი აღნიშნავს, რომ მისი არგუმენტების სრულიად მიესადაგებიან როგორც სიმართლის, ასევე სარგებლიანობის გადმოსახედს. მილისთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აღვწერთ გარკვეულ მტკიცებასს: სრულიად ჭეშმარიტი, ნაწილობრივ ჭეშმარიტი და მცდარი, თუ სრულიად სასარგებლო, საშუალოდ სასარგებლო და უსარგებლო, მისი არგუმენტაციის ნებისმიერ კატეგორიისთვის მაინც იგივე დარჩებოდა. (მაგალითისთვის: არ უნდა ავკრძალოთ უსარგებლო მტკიცება, რადგანაც მასთან შეპირისპირებით საკუთარი შეხედულებებს გამოვცდით და ვაჩვენებთ ამ უკანასკელტა უპირატესობას).
მილის არგუმენტაცია იმათზეც კია მორგებადი, ვისაც არ მოსწონს ჭეშმარიტობის გამარტივებული გაგება და მიიჩნევს, რომ იგი გარკვეულწილად უნდა იყოს დამოკიდებული (ზოგადად, ან რაღაც ნაწილისთვის) ინდივიდის აღქმაზე. ასეთ ადამიანებს სწამთ, რომ მოსაზრება მართებული შეიძლება იყოს ყველასთვის, ზოგიერთისთვის და არავისთვის. რეალურად, მილის პირიქით, მოსწონდა კიდეც ასეთი მიდგომა, მისი მსჯელობა კი ამჯერად ასე აიხსნება: ჭეშმარიტი ყველასთვის, ზოგისთვის და არავისთვის, ხოლო არგუმენტები კი იგივე დარჩებოდა.
ბოლოს, სიტყვის თავისუფლების შესახებ მილის მოსაზრებების განხილვისას იმის თქმა მინდა, რომ თითქოს კი ჩანს მისი მხარდამჭერა ნებისმიერი ტიპის გამოხატვის ლეგიტიმურობისადმი, თუმცა ის მაინც აღაირებს, რომ გარკვეულ სიტუაციებში ადამიანს არ უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის საშუალება. კერძოდ მაშინ, როდესაც ამის შედეგია ზიანი – არა წყენა – რომელიც სხვებს შეიძლება მიადგეს. მილს ასეთი მაგალითი მოყავს: წარმოიდგინეთ ვიღაცა ამტკიცებს, რომ ხორბლის მომყვანები აშიმშილებენ ღარიბებს, თუკი ეს პირადულ საუბარში გაჟღერდა, მაშინ ამის აკრძალვა არ შეიძლება, მაგრამ თუკი იგივე აზრს ხორბლის მომყვანის სახლის წინ შეკრებილი გაბრაზებული ბრბოს წინაშე გაჰყვირის, მაშინ ეს მათ კიდე უფრო გაბრაზებას ემსახურება, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი, დამაზიანებელი აქტის ჩადენისკენ მოწოდებასა და თავისუფლების პრინციპი აზრის ასეთ გამოხატვას აღარ იცავს.
4. თავისუფლების პრინციპის ზოგადი დაცვა
მილი თავისუფლების პრინციპის ქომაგობაში არა მხოლოდ სიტყვის, არამედ ქმედების თავისუფლების დაცვასაც გულისხმობს. იგი ადამიანის ბუნებასაც ეხება, რაც თითქოს თანამედროვე მიდგომად ჟღერს და შეიძლება გაგვიკვირდეს კიდეც მე-19 საუკუნის ნააზრევში მისი არსებობა: ადამიანები, იმდენად სხვადასხვაგვარნი არიან – საკუთარ სურვილებში, შესაძლებლობებში და სხვა საკითხებში – რომ არ არსებობს ის ერთადერთი ცხოვრების წესი და შეხედულებათა ერთობა, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა. ისეთი ცხოვრების წესი, რომელიც ერთისთვის მისაღებია, აუცილებლად ზიზღის მომგვრელია სხვასთვის, რომელსაც საკუთარი საჭიროებების და სურვილების დათმობა მოუწევს. ამიტომაც, ნებისმიერი ოფიციალურად დაწესებული ქცევა თუ დამოკიდებულება, რაც არ უნდა ბრძნულად იყოს შერჩეული, აუცილებლად შეზღუდავს ადამიანთა ნაწილს.
თუკი გვსურს, რომ განვითარების შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს, უნდა მივცეთ მათ რაც შეიძლება დიდი სივრცე საკუთარი კეთილდღეობის გასაზრდელად ისე, როგორც მათ თავად სურთ. გარდაუვალია, რომ ეს კონფლიქტებამდე მიგვიყვანს, თუმცა უთანხმოებაში ცუდი არაფერია. მართლაც, მილის აზრით, კონფლიქტი ინოვაციისა და განვითარების წინაპირობაა. საზოგადოება რომელიც განხეთქილებებს თავიდან ირიდებს, სინამდვილეში საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს, ვინაიდან მათ ხელს უშლიან იმ არაერთი მიმართულებით განვითარებაში, რომლებიც ბუნებრივია მათთვის, ამის სანაცვლოდ კი ვიწრო სივრცეში აქცევენ, სადაც ისინი კარგავენ თვითრწმენას და ნაკლებად ეფექტურები ხდებიან. მილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება უნდა წაახალისოს უცნაური და ექსცენტრიული ,,ცხოვრებისეული ექსპერიმენტები“.
ეს არ ნიშანვს, რომ თავისუფალ საზოგადოებაში ყველა ინოვატორია. სინამდვილეში, მილს სჯერა, რომ მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფს შეუძლია ჭეშმარიტად ახალი ცხოვრების სტილის შექმნა, თუმცა სწორედ ეს გენიოსები ყველა დანარჩენს ახალ გზებს უჩვენებენ, აყენებენ მიმანიშნებლებს ნებისმიერი მიმართულებით; მათი დამსახურებაა, რომ არაერთი ალტერნატივიდან გვიწევს ცხოვრებისეული გზის ამორჩევა.
მილის შეხედულებები რადიკალურია. მას კარგი ცხოვრების შესახებ ერთადერთი ჭეშმარიტების არსებობისაც კი არ სჯერა, არამედ ჭეშმარიტებების სიმრავლის, რომელთაგანაც ინდივიდები საკუთარი ტემპერამენტის მიხედვით ამოირჩევენ. ამისათვის კი აუცილებელია ადმაიანებმა იფიქრონ, თქვან და გააკეთონ რაც სურთ, სანამ ამით ზიანს არ მიყანებენ სხვას.
მილის მთავარი შიში ის არის, რომ მსოფლიო სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის – სრული კონფორმიზმისკენ. მისი აზრით ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები – როგორებიცაა პროგრესი საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, სტანდარტიზებული განათლება და სავაჭრო კავშირების გაღრმავება – ხელს უწყობს მოსაზრებათა დამსგავსებას, ათანაბრებს პიროვნებათა შორის ადრე არსებულ განსხვავებებს, ეს კი უქრობს ადამიანებს ხალისს განვითარდნენ მათთვის ბუნებრივი გზით. აუცილებელია არსებობდეს განსაკუთრებული ერთგულება თავისუფლებისადმი, რათა ჩაიხერგოს გზა ვიწრო სივრცისკენ.
5. კრიტიკა
განვიხილოთ მილისადმი ორი კრიტიკული შეხედულება. პირველი ეჭვქვეშ აყენებს მილის მთლიან დაშვებას რომელზეც აგებულია ,,თავისუფლების შესახებ“; მეორე კი ეწინააღმდეგება მილის პრინციპის საფუძველზე სოციალური უთანხმოების აღმოფხვრას.
მილი უტილიტარისტია, ანუ მიიჩნევს რომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც მაქსიმალურად ზრდის სარგებელს. მიუხედავად იმისა, რომ უტილიტარული ხედვა პირდაპირ არ ჩანს ესეში „თავისუფლების შესახებ“, იგი მაინც ეფუძნება მის უტილიტარულ მსოფლხედველობას. ამავდროულად ბუნდოვანია, თუ როგორ უჭერს უტილიტარიზმი მხარს თავისუფლების პრინციპს. მილი აღნიშნავს, რომ თუკი რომელიმე ინდივიდი საზოგადოებისთვის უცხო, უნიკალურ აზრს იზიარებს, მთელ კაცობრიობას ისევე არ შეუძლია მისთვის ამ აზრის გამოხატვაზე აკრძალვის დაწესება, როგორც ამ ინდივიდს – მთელი საზოგადოებისთვის. მაგრამ თუკი მიზანი მართლაც საზოგადოებრივი სიკეთის ზრდაა, მაშინ უნდა დაიშვას უმრავლესობის მიერ ძალიან პატარა უმცირესობის ცენზურა. შესაძლოა ინდივიდის მიერ აღქმული სიკეთე შემცირდეს, იგი გახდეს მარტოსული და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებაც გაუჩნდეს, მაგრამ ეს ბევრად მცირე დანაკარგია იმ სხვა უზარმაზარი რაოდენობის ხალხის კმაყოფილებასთან შედარებით, რომლებიც მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ მის ხედვას. ამ მაგალითიდან თითქოს გამომდინარეობს, რომ მილი ვერ იქნება ერთდროულად უტილიტარისტი და თავისუფლების პრინციპის ქომაგი.
ეს მაგალითი უტილიტარიზმის უფრო ფართო თვისებასაც გვაჩვენებს: მას არ შეუძლია უპირობოდ დაუჭიროს მხარი რომელიმე ნებისმიერ პრინციპს, ვინაიდან შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია, სადაც ამ პრინციპის დარღვევა საერთო სიკეთეს გაზრდის.
თუმცა, უტილიტარიზმს ამაზე პასუხი აქვს: თუ წესები კარგად არაა დაცული და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაირღვეს განსაკუთრებულ სიტუაციებში, ეს ქმნის დიდ გაურკვევლობასა და მღელვარებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ სად ვდგავართ: თუკი წესია, რომ უდანაშაულო ადამიანი არ უნდა დაისაჯოს, ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის შიშის საფუძველი,, რომ ჩვენი უტილიტარული მთავრობა შემთხვევითობის პრინციპით ჩვენ დაგვსჯის, მხოლოდ იმისტვის, რომ დააკმაყოფილონ გაბრაზებული ბრბო, რომელიც დამნაშავის პოვნასა და დასჯას ითხოვს. სწორედ ამის გამო უტილიტარისტთა ნაწილი წესებზე დაფუძვნებული უტილიტარიზმის ქომაგი გახდა. ებზე დაფუძვნებული უტილიტარიზმის მომხრეები ამბობენ, რომ კარგ წესებში უტილიტარული პრინციპებით გამართლებული გამონაკლისების დაშვება არის წინდაუხედავობა, ვინაიდან ეს გაურკვევლობას იწვევს. გრძელ ვადაში სიკეთის მაქსიმიზაცია სწორედ წესების მორჩილებით მიიღწევა, მაშინაც კი თუ გამონაკლის შემთხვევაში შეიძლება სხვაგვარად მოგვეჩვენოს.
შესაბამისად მილს ექნებოდა არგუმენტი მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ უტილიტარიზმი წესებიდან გამონაკლისებს ამართლებს და ამიტომაც ვერ შეეწყობა თავისუფლების პრინციპს, ვინაიდან უტილიტარული პერსპექტივით თავად წესების არსებობისა და წესებისადმი მორჩილების გამართლებაც შესაძლებელია.
თუმცა საკითხი არ წყდება მხოლოდ იმის გადაწყვეტით შეუძლია თუ არა უტილიტარისტს მხარი დაუჭიროს პრინციპს ყოველგვარი გამონაკლისების არსებობის გარეშე. აქ ისმება შემდეგი კითხვა: ისახავს თუ არა მიზნად თავისუფლების პრინციპი გაზარდოს საყოველთაო სიკეთე? ამაზე მილის პასუხი პრინციპის ზოგად დაცვაში ჩანს: თავისუფლების პრინციპი უზრუნველყოფს ადამიანთა განვითარებას, ვინაიდან აძლევს მათ საშუალებას იღვაწონ საკუთარი თავის საკეთილდღეოდ, ისე როგორც მათ სურთ. ფაქტობრივად, მილი დიდი ალბათობით იტყოდა, რომ პრინციპის საფუძველი საკმაოდ უტილიტარულია.
ახლა კი კრიტიკის მეორე საგანზე გადავიდეთ, რომელიც არცერთ განხილვაში არ შემინიშნავს, თუმცა ვფიქრობ მილის მსჯელობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ყოველ შემთხვევაში, მილს მოუწევდა ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება. გავიხსენოთ, რომ თავისუფლების პრინციპი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მხოლოდ კანონებს კი არა, არამედ საზოგადოებრივ უარყოფასაც კრძალავს. მილი საზოგადოებრივ ცენზურას სიტყვის და მოქმედების თავისუფლების შეზღუდვაში ისეთივე ეფექტიან ხერხად აღიქვამს, რამდენადაც კანონი. მაგრამ მე მივიჩნევ, რომ მილი პრობლემებს იქმნის, როდესაც თავისუფლების პრინციპს საზოგადოებრივი წნეხის წინააღმდეგაც მიმართავს, უკეთესი იქნებოდა ყურადღება მხოლოდ კანონზე გაემახვილებინა.
რას გულისხმბოს საზოგადოებრივი ტირანია უმცირესობისადმი? იგი ნამდვილად გულისხმობს ისეთ ქმედებებს, როგროციაა მედიაში უმცირესობის ხედვების აქტიური დაგმობა და მოწინააღმდეგე შეხედულებების აქტიური გაშუქება. თავისუფლების პრინციპი ინდივიდებს ცალსახად აძლევს ამის უფლებას: მე შემიძლია დავწერო სტატია მასონების წინააღმდეგ და უარი ვთქვა მათთან რაიმე საქმიანი ურთიერთობა ვაწარმოო ან უბრალოდ ვისაუბრო მათთან. მაგრამ, თუკი ამას უკვე უმრავლესობა ჩავდივართ მასონებთან მიმართებაში, გამოდის რომ გამოიყენება საზოგადოებრივი ზეწოლა მოწინააღმდეგეების ჩასახშობად, რაც მილისთვის თავისუფლების პრინციპის დარღვევაა. პრობლემაც სწორედ აქაა: უმრავლესობაც, როგორც ნებისმიერი ჯგუფი, ინდივიდებისგან შედგება და როდესაც მას რაიმეს გაკეთება ეკრძალება, ნიშნავს, რომ ყველა ან ზოგიერთ ადამიანს, რომლებიც უმრავლესობის წევრები არიან, ეკრძალებათ ეს საქმიანობა. მოკლედ რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი წნეხის მილისებრი მიუღებლობა ნიშნავს თავისუფლების შეზზღუდვას გარკვეული ინდივიდებისთვის.
ამრიგად, სწორედ აქ მოდის მილის თავისუფლების პრინციპი ნამდვილ წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან. თავისუფლების პრინციპი კრძალავს საზოგადოებრივ წნეხს და ამით უზრუნველყოფს, რომ უმრავლესობის წევრებმა ძალიან არ დაჩაგრონ უმცირესობა, მაგრამ ამასთანავე, იგი ნებას რთავს ინდივიდებს არ მოიწონონ სხვისი ხედვები, შესაბამისად თავისუფლების პრინციპის გამოყენება მისსავე დარღვევას გულისხმობს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თავისუფლების პრინციპი მიზღუდავს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას, თუკი ვარ უმრავლესობაში, მაგრამ იგივე შეხედულებით უმცირესობაში რომ ვყოფილიყავი პრობლემა არ იქნებოდა და ეს იმ ფონზე, რომ წესითა და რიგით იგი ყველა ინდივიდს თანაბარ უფლებებს ანიჭებს.
მილი ამას თავიდან აირიდებდა, თუკი იტყოდა, რომ უმრავლესობის საზოგადოებრივი გმობა იმდენადვე უნდა კონტროლირდებოდეს, როგორც უმცირესობის, ხოლო თავისუფლების პრინციპი მხოლოდ სამართლებრივი მიმართულებით უნდა მოქმედებდეს. თუკი ასე იზამდა, მაშინ იგი, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ვეღარ აკრძალავდა უმრავლესობის მიერ უმცირესობის დაგმობას და ყურადღებას გაამახვილებდა უშუალდო იმაზე, რომ კანონს არ მოეხდინა უმცირესობის დასჯა. შესაძლოა მილს რაიმე სხვა ალტერნატიული გადაჭრაც მოეძია და მოეხერხებინა ამ პრინციპის გამართლება როგორც სამართლებრივი, ასევე საზოგადოებრივი მიმართლებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ამ ვარაუდის ჭეშმარიტებაში დავრწმუნდეთ.