ოცნებები ხდება: ამის ნათელი მაგალითი კი გერმანიაში ჩემი მოგზაურობაა. ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დახმარებით გერმანიაში 12 შესანიშნავ დღეს გავატარებ. უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით – პატარა მშვენიერი ქალაქი გუმერსბახი, მონაწილეები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან, მხიარული საორგანიზაციო გუნდი, საინტერესო სემინარები და ა.შ – უკვე მივხვდი, რომ დანარჩენი 11 დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი და საინტერესო იქნება.
პირველი დღე გრძელი გზის გამო საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა. იმდენად დამღლელი, რომ ჩამოსვლისთანავე, დილით, ცოტა ხნით დავიძინე. რამდენიმე მონაწილე საღამოს ველოდებოდით – შესაბამისად, დრო მქონდა. საორგანიზაციო გუნდს გათვალისწინებული ჰქონდა მგზავრობით გამოწვეული დაღლილობა და პირველი შეხვედრა საკმაოდ ლაკონური და საინტერესო აღმოჩნდა. ქალბატონმა ბეტინა ზოლინგერმა გაგვაცნო ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის საქმიანობა მსოფლიოში. შევხვდით იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჩვენ ურთიერთობა გვექნება კურსის მანძილზე. ასევე სახალისო თამაშის საშუალებით გავეცანით ტერიტორიას.
დღე კი გერმანული ლუდის დაგემოვნებითა და ახლადშეძენილი ჩილელი და არგენტინელი მეგობრების მიერ ნასწავლი Truco-ს თამაშით დავასრულეთ.