დეკემბრის ბოლო დღეები საშობაო საჩუქრებისა და საახალწლო სიურპრიზების დროა: ყოველ წელს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის დახმარებითა და ჩვენი რეკომენდაციით ევროპულ-ქართული ისნტიტუტის აქტიური წევრები გერმანიაში, ქალაქ გუმერსბახში, ლიდერობის საერთაშორისო აკადემიაში მიემგზავრებიან ცოდნის გასაღრმავებლად და ახალი იდეების ჩამოსატანად.
ამჯერად გერმანიაში გაემგზავრება მიშო მთიულიშვილი.
გერმანიაში მიშო დაესწრება ინტენსიურ ტრენინგ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს იმ საფრთხეების განხილვას, რომლებიც ლიბერალური დემოკრატიის წინაშე წარმოიშვა: რა საფრთხეს უქმნის იგი დემოკრატიულ ფასეულობებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სახელმწიფოს. კურსის მონაწილეები შეეცდებიან იპოვონ საუკეთესო გზები, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ იმ პოლიტიკურ სტრატეგიებს, რომელსაც პოპულისტები იყენებენ ამომრჩეველთა თვალის ასახვევად და გულის მოსაგებად.
„დღევანდელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, მრავლად არიან პოლიტიკური ფიგურები, ლიდერები და პარტიები, რომლებიც აჟღერებენ იმ იდეებსა და დაპირებებს, რომელთა მოსმენაც ხალხს სურს, თუმცა ხშირად ეს იდეები დამახინჯებულია და, რა თქმა უნდა, რეალობისგან აცდენილი, მსგავსი მეთოდებით ცდილობენ ადამიანების ემოციებით მანიპულირებას, ამომრჩეველთა გულის მოგებას. როგორც წესი, პოპულიზმი განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს აქტიურდება ხოლმე. ფაქტების დამახინჯება და სათავისოდ წარმოჩენა ხელს უშლის დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, რაც თავისთავად მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა. აღნიშნულ პრობლემას მხოლოდ განათლებით უნდა ვებრძოლოთ – როცა სახელმწიფოში არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თავისთავად, კიდევ რთულია ასეთმა პარტიებმა „ზედაპირული დაპირებებითა“ და მარტივი გზებით ხმები მიიღონ. აღნიშნულ ტრენინგ კურსზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას მოვახმარ ჩემს ორგანიზაციას, რათა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს მისი საქმიანობა – გააძლიეროს სამოქალაქო ცნობიერება შიდა ქართლში და დაუპირისპირდეს რუსულ ჰიბრიდულ ომს..“ – წერს მიშო.
მიხეილ მთიულიშვილმა 2018 წელს დაამთავრა გორის მესამე საჯარო სკოლა. მიშო თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის მეორე კურსის სტუდენტია, სწავლობს ევროატლანტიკის კონცენტრაციით და დაკავებულია ამ რეგიონისა და გერმანული ენის შესწავლით. იგი „ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მიშოს და მისი გუნდის მიზანია შიდა ქართლში, მათ შორის გამყოფ ხაზთან არსებულ სოფლებში, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცება. იგი აქტიურად მონაწილეობდა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში. მიშო ასევე პროექტის – ,,სტუდენტები თვითმმართველობაში 2019“ – ერთ-ერთი სტიპენდიანტია, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელდა.
წარმატებები!