აბსტრაქტი
ქვეყნის საბჭოთა კავშირში იძულებით გატარებული 70 წლისა და დამოკიდებლობის მოპოვების შემდგომ წარმოქმნილმა არასტაბილურმა პოლიტიკურ-სოციალურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვნად დააზიანა განათლების სიტემის განვითარება, რაც მრავალ დარგზე ახდენს უარყოფით გავლენას და აფერხებს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ისე დემოკრატიულ განვითარებას. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევებში როგორიცაა PIRLS,TIMSS და PISA, ქვეყანა კრიტიკულად დაბალ შედეგებს აჩვენებს. აღნიშნულ პრობლემას რამდენიმე მთავარი ფაქტორი განაპირობებს. ეს ფაქტორებია: ერთიანი საგანმანათლებლო სამოქმედო გეგმის არქონა; განათლების სისტემის ულტრაპოლიტიზაცია; განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალის პროფესიული ზრდის საშუალებების ნაკლებობა; სფეროში დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურება. თითოეული პრობლემა მნიშვნელოვნად აფერხებს განათლების განვითარებას ქვეყანაში. პარტია მოქალაქეების ახალგაზრდული ფრთა მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა სასწრაფოდაა დასაწყები. შესაბამისი კვლევის შედეგად, ახალგაზრდული ფრთა თვლის, რომ ყველა ჩამოთვლილი პრობლემის მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნით იქნება შესაძლებელი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და დარგის ექსპერტები თანაბრად მიიღებენ მონაწილეობას. წარსულში დაშვებული უამრავი შეცდომისა და გაშვებული შანსისგან განსხვავებით, აღნიშნული გეგმა უნდა იყოს უნივერსალური, გრძლევადიანი და აპოლიტიკური, რათა ეფექტურად აღმოიფხვრას არსებული პრობლემები განათლების სფეროში.
შესავალი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში განათლების სისტემის გაუმჯობესება მუდმივად პრიორიტეტულად მიიჩნეოდა და დღემდე ესე რჩება, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო მაინც არ დგას ისეთ მოწინავე სიმაღლეზე, რომელიც უნდა პასუხობდეს როგორც ქვეყნის, ისე XXI საუკუნის გლობალურ გამოწვევებს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის Progress in International Reading Literacy Study (PIRLS) 2016 მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავს შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების კითხვისა და წაკითხულის გააზრება, გამოავლინდა ყველა ის პროგრესი და ჩავარდნა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ ასაკის მოზარდებს ლიტერატურის კითხვის მიმართულებით აქვთ. საქართველო 14 ქვეყანას შორის მე-13 ადგილს იკავებს. რაც თავისთავად გამოკვეთს ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემის პრობლემებსა და გამოწვევებს.
მოცემული დოკუმენტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებას შევთავაზოთ ახალი და ეფექტური გზები არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
პრობლემის აღწერა
რატომ უკავია საქართველოს ესოდენ დაბალი პოზიცია საერთაშორისო კვლევების მონაცემებით? ჩვენი აზრით, ამ კითხვაზე პასუხს წარმოადგენს შემდეგი პრობლემები: 1) განათლების სისტემა არ არის მორგებული ქართულ რეალობას და ვიყენებთ სწავლის დრომოჭმულ მეთოდებს; 2) სკოლები არის პოლიტიზირებული;
ქვეყნის განათლების დაბალი დონე იწვევს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანების არაპროფესიონალიზმს, რადგან მათ თავის დროზე სისტემამ არ მისცა საშუალება მიეღოთ სათანადო განათლება, რომელსაც შემდეგ უშუალოდ პრაქტიკაში გამოიყენებდნენ. ამის გამო ფეხს ვერ ვუწყობთ გეოპოლიტიკურ თუ სხვა სახის გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
პრობლემის გადაჭრის გზები (ალტერნატივები)
საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესებისათვის, ჩვენი ხედვით, აუცილებელია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც უფრო დახვეწს და გააუმჯობესებს ამჟამად არსებულს სისტემას.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზად გვესახება:
-
- სამოქმედო გეგმა – ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სრულ პოლიტიკურ კონსენსუსს, რის შედეგადაც დარგის სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავებთ მექანიზმებს, რომლებიც შემდგომში უზრუნველყოფს ხანგძლივ და მიზანმიმართულ სამოქმედო გეგმას. ასევე მნიშვნელოვანია საკითხების გამოვლენა და აღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა. კონტროლის მექანიზმის შემუშავება, რაც შეთანხმებული იქნება პოლიტიკურ სპექტრთან და სრულიად საზოგადოებასთან.
- განათლების სისტემის დეპოლიტიზირება- გულისხმობს განათლების სისტემაში ჩართული ადამიანების (მასწავლებლების) გათავისუფლებას მავნე პრაქტიკისგან, რომელიც დღეს გვაქვს. მათ უნდა აეკრძალოთ ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა და საარჩევნო პროცესებში ოფიციალური ჩართულობა (კოორდინატორობა; აგიტატორობა). კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია, აქვს უფლება გამოხატოს და იქონიოს საკუთარი აზრი და ასევე შემდგომ დააფიქსიროს იგი, მიუხედავად მისი პროფესიისა, მაგრამ როდესაც პიროვნება მოღვაწეობს ისეთ სათუთ სფეროში, როგორიც განათლებაა და მუდმივი შეხება აქვს არასრულწლოვან ან თუნდაც სრულწლოვან პირებთან მათი პოლიტიკური ქმედებები უნდა მოვაქციოთ კანონის ფარგლებში.
- პროფესიული გადამზადება- ნიშნავს, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას და ასევე მათ არაფორმალურ აქტივობებში ჩართვას: სასერტიფიკატო პროგრამები; პროფილური ტრენინგები; საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
- ფინანსური წახალისება- გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბიუჯეტის დიდი ნაწილია გამოყოფილი განათლების სფეროსთვის, ჩვენი აზრით, ეს ფინანსური წახალისებისთვისაც საკმარისი იქნება. მსგავსი მიდგომა არაერთ სფეროში გამოიყენება და ძალიან მომგებიანია, არა მხოლოდ კადრების დაინტერესებისთვისა და განვითარებისთვის, არამედ მთელი სისტემის გაუმჯობესებისთვისაც. ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს განათლების სფეროში მუშაობის მსურველთა ზრდას, რაც ვერანაირად ვერ იქნება უარყოფითი შედეგების მომტანი. მთავარი მიზანია, მოტივაცია ავუმაღლოთ მასწავლებლებს თავიანთი კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარჩვევების საპირწონედ.
ამ გეგმის გატარებით ველით, რომ შეიცვლება დრომოჭმული პრაქტიკები, მოვიზიდავთ ახალგაზრდებს, რომლებიც მარტივად აითვისებენ თანამედროვე პრინციპებსა და მიდგომებს.
რეკომენდაციები
ამრიგად, ჩვენს დოკუმენტში დასმული პრობლემის ეფექტიანად გადასაჭრელად ყველაზე მისაღებად მივიჩნევთ I ალტერნატივის განხორციელებას, კერძოდ სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც საერთო პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე შეძლებს უზრუნველყოს განათლების სისტემის გაუმჯობესება. იგი იქნება არსებულ საჭიროებებზე მორგებული. ამ გეგმის გათვალისწინებით გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები:
- უპირველესად, აუცილებელია ისეთი სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელზეც ხელისუფლების ცვლილება ვერ მოახდენს გავლენას, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პრინციპები დაფუძნებული იქნება საერთო პოლიტიკურ კონსენსუსზე.
- ალტერნატივა ითვალისწინებს, რომ სკოლებს მიეცეთ საშუალება გამოყონ საკუთარი პრიორიტეტები (საგნობრივი მიმართულებით), რომელიც არ შეეწინააღმდეგება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
- გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საგანმანათლებლო უწყებების დეპოლიტიზირება, რათა ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების ორიენტირი სრულად იყოს გადატანილი მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესზე (და არა იმაზე თუ რამდენ ამომრჩეველს მიიყვანს არჩევნებზე)
დასკვნა
ფაქტია, რომ განათლების მაღალი დონე და მოწესრიგებული სასწავლო გარემო ძლიერი ქვეყნის და მისი უკეთესი მომავლის საწინდარია, რაც შემდგომში აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე. მაგრამ ეს ყველაფერი არ მიიღწევა თუ არ გვექნება სათანადო სამოქმედო გეგმა, სათანადო ხედვები და მიზნები, ასევე მზაობა საზოგადოებასა თუ პოლიტიკურ სფეროში. საგანმანათლებლო პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია ყველა სფეროსთვის, ამიტომ გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ურთიერთკავშირი, რაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს.