მხოლოდ რუსები არიან რუსული ტროლები? პრო-რუსული პროპაგანდა პოლონურ ინტერნეტსივრცეში
მათეუშ ბაიეკი
ანალიტიკოსი, Global Lab., ვარშავა, პოლონეთი
შესავალი
პოლონურ ინტერნეტსივრცეში პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული აქტივობები დიდი ხნის განმავლობაში ძირითადად ეგრეთ წოდებული რუსი ტროლების ფუნქციონირებას მიეწერებოდა. პოლონური ინტერნეტსივრცე Facebook-ზე, Twitter-ზე და ახალი ამბების პორტალებზე ანონიმური ანგარიშებით იყო სავსე, რომლებიც საინფორმაციო სივრცეში ანტი-უკრაინული, ანტი-დასავლური და კრემლის მომხრე ნარატივებით ტეხდნენ სისტემურ და მასიურ აურზაურს. მიუხედავად ამისა, კომენტარების ავტორები იმდენ შეცდომას უშვებდნენ პოლონური ენის გამოყენებისას, რომ აშკარა ხდებოდა, ისინი პოლონელები არ იყვნენ.
ამ შეცდომების მიუხედავად, პოლონურ ინტერნეტში რუსი პროპაგანდისტების მუშაობა ძალიან ეფექტური გამოდგა. მათ არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ხედვების ხელშეწყობაში მიაღწიეს წარმატებას, არამედ უკიდურესად რადიკალური პოლიტიკური მრწამსის გამზიარებელი პოლონელების დარწმუნებაში, რომ მათ არ უნდა რცხვენოდეთ იმაზე საუბრის, რისიც სწამთ. შედეგად, დღესდღეობით, ანტი-უკრაინულ, ანტი-დასავლურ და პრო-რუსულ ნარატივებს, რუსი ტროლების გარდა, ულტრა-მემარჯვენე პოლონელი პოლიტიკოსები და ინტერნეტ-მომხმარებლებიც ავრცელებენ.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ პრო-რუსული ნარატივი პოლონურ ინტერნეტსივრცეში არა მხოლოდ რუსი ტროლების, არამედ იმ პოლონელების მიერაც ვრცელდება, ვისაც მისი სჯერა, ასეთი ფორმის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ ყალბი ახალი ამბებისა და ტროლების წინააღმდეგ ბრძოლას ვერ დაეყრდნობა. პოლონური ინტერნეტსივრცის დაცვის კლასიკური მეთოდების გარდა, აუცილებელია, პოლონელები რუსეთის მიერ წარმოდგენილი პროპაგანდის ფიქციურობაში დავარწმუნოთ. კრემლის ნარატივის დაცინვამ, შესაძლოა, პოლონეთისათვის არასასურველი ტრენდი შეცვალოს, როდესაც პოლონურ მედიამდე მისული აღმოსავლური კონტენტი არა მხოლოდ ტროლების, არამედ პოლონეთის მოქალაქეების მიერაც ვრცელდება.
უკანა ფონი
პოლონური ინტერნეტსივრცის შინაარსის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ორგანიზებული პროპაგანდისტული ქმედებები 2013 წლის მიწურულიდან და 2014 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც კიევში, მაიდანზე, პროტესტი დაიწყო. პირველი ნარატივი, რომელიც პოლონურ ინტერნეტსივრცეში მასობრივად გამოჩნდა ანტი-უკრაინული პროპაგანდა იყო, რაც პოლონეთისა და უკრაინის რთულ ისტორიას ეფუძნებოდა (პოლონელთა მასობრივი მკვლელობები ვოლინიასა და აღმოსავლეთ გალისიაში 1943-45 წლებში). დროთა განმავლობაში მას შეუერთდა ანტიდასავლური პროპაგანდა (კერძოდ, ნატო-სა და აშშ-ის წინააღმდეგ) და ასევე, უფრო ნაკლებად, პრორუსული (კრემლისათვის ხელსაყრელი) პროპაგანდა. ეს შეხედულებები (ანტი-უკრაინული, ანტი-დასავლური და პრო-რუსული) პოლონურ საზოგადოებაში და პოლონურ ინტერნეტსივრცეში უკრაინის ღირსების რევოლუციამდეც იყო წარმოდგენილი, თუმცა მათი ნახვა მხოლოდ მარგინალიზებულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და პორტალებზე იყო შესაძლებელი.
საკმარისია ითქვას, რომ ის ხალხი, ვინც კომენტატორთა ქსელს (ტროლები) აკონტროლებს და პროპაგანდას ავრცელებს, უცხოელები არიან. კომენტატორები, რომლებიც ამ პერიოდში პოლონეთის მოქალაქეებს უხვად აწვდიდნენ ანტი-უკრაინული შინაარსის პოსტებს, შესაძლოა, „ტროლების ქარხანაში“ ყოფილიყვნენ ორგანიზებული. პირველ რიგში, ეს დადასტურდა პროპაგანდისტული შინაარსის უეცარი გამომჟღავნებით და ფართომასშტაბიანი ბუნებით. კერძოდ, სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო პორტალებზე განთავსებული კომენტარებით. მეორეც, პოლონური საინფორმაციო პორტალების (მაგალითად, Newsweek Polska) მიერ სტატიების ქვეშ გაკეთებული კომენტარების ანალიზით ჩატარებულმა კვლევებმა უცხოური კვალი აჩვენა. განსაკუთრებით აშკარა ეს რუსულ და უკრაინულ თემებზე იყო. მათი ავტორები ახლად შექმნილი პროფილები იყვნენ, რომლებიც იყენებდნენ VPN ქსელს, რომელიც კომენტარების ავტორებს საშუალებას აძლევდა, თავიანთი რეალური ადგილსამყოფელი დაემალათ. Facebook-ზე, კრემლის ნარატივის გამავრცელებელი პროფილები ძირითადად ახლადშექმნილი იყო, მოპარული ფოტომასალის გამოყენებით, შინაარსისა და პოლონელი „მეგობრების“ გარეშე.
თითქმის სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდისტული შინაარსის ავტორები რუსები იყვნენ, რამდენადაც პოლონურ ენაზე კომენტარებში ადვილი იყო მრავალი შეცდომის (ე.წ. ”რუსიზმის”) აღმოჩენა, რაც რუსულენოვანი ხალხისთვისაა დამახასიათებელი. ამასთან, ამერიკული ინტერნეტსეგმენტისგან განსხვავებით, სადაც ტროლის ქარხნების არსებობა დადასტურებულია, პოლონეთის შემთხვევაში ეს მასშტაბური კომენტირების მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი.
დროთა განმავლობაში, პოლონურ ინტერნეტსივრცეში წარმოდგენილმა უცხოური (რუსული) წარმოშობის პროპაგანდამ კარგად შენიღბვა დაიწყო. პროპაგანდისტული ჩანაწერების მომზადება პოლონური ენის ბევრად უკეთესი ცოდნის მქონე ადამიანებმა დაიწყეს. ”რუსიზმები” კვლავაც გვხვდებოდა, მაგრამ ნაკლებად აშკარა გახდა. გარდა ამისა, ადამიანების პროფილები, რომლებიც Facebook-ზე კომენტარებს აკეთებდნენ, ბევრად უფრო ნამდვილი გახდა – ძნელი იყო იმის გარკვევა, რომ უცხოელი, და არა პოლონელი იყო კონკრეტული პროფილის მფლობელი. 2015-2016 წლებში პროფილების დიდმა ნაწილმა დაიწყო იმ ნაციონალისტური პოლიტიკური ტენდენციების მიმსგავსება, რომლებიც პოლონეთში პოპულარობას იძენდა. პროფილის სურათებზე გამოსახული იყო პოლონური დროშა ან პატრიოტული სიმბოლიკა, ხოლო პოსტებს უფრო აგრესიული ხასიათი ჰქონდა. დროთა განმავლობაში, “პოლონელი პატრიოტების” და კვლავაც პოპულარულ ანონიმურ პროფილებთან ერთად, გამოჩნდა პროფილები, რომლებიც თითქოს პენსიონერებს ეკუთვნით, რომელთაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაგროვილი სიბრძნე და პოლონეთში კაპიტალიზმის დამკვიდრებამდე წლებით ადრე ცხოვრების გამოცდილება აქვთ. ამჟამად, ტროლის განსხვავება რეალური ინტერნეტ მომხმარებლისგან ადვილი არ არის.
სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტებისა და უკვე არსებული საინფორმაციო პორტალების გარდა, პოლონურ ინტერნეტსივრცეში კრემლის ნარატივის ხელშემწყობი ალტერნატიული ახალი ამბების პორტალები და ბლოგების სრულიად ახალი ქსელები გამოჩნდა. ბევრი მათგანი მთლიანად ანონიმური იყო, რაც შესაძლოა მათზე საგარეო კონტროლის მტკიცებულება იყოს. დანარჩენებს პოლონელი მეპატრონეები ჰყავდათ, მაგრამ ძალიან ხშირად – პოლონეთის გარეთ მცხოვრები ხალხი. მათი საერთო მახასიათებელი, რეგისტრაციის თარიღის გარდა, რუსულ წყაროებთან ძალიან ხშირი პირდაპირი კავშირები იყო. ანტი-უკრაინული, ანტი-დასავლური და პრო-რუსული ნარატივი ძირითადად უკრაინული მაიდანის მოვლენების შემდეგ გამოჩნდა. ამ პორტალების სახელები ხშირად პატრიოტულ თემას (თავისუფალი პოლონეთი, ერთგული პოლონეთი), ან მთავარ ანტი-მეინსტრიმულ, ალტერნატიულ მედიას („ანტი-ნიუსი“) ეხებოდა.
გავლენა
უცხოური (რუსული) პროპაგანდის მასობრივმა და კოორდინირებულმა ხასიათმა პოლონურ ინტერნეტსივრცეში პოლონურ საზოგადოებაზე მოახდინა გავლენა. მიუხედავად ამისა, ჩატარებული კვლევების თანახმად, ამას უკრაინელების, დასავლეთის თუ ნატოს მიმართ პოლონელების წინააღმდეგობის გაზრდა არ გამოუწვევია. თუმცა შედეგად მოჰყვა ის, რომ ანტი-უკრაინული, ანტი-დასავლური და პრო-რუსული შეხედულებები არა მხოლოდ კონკრეტულ წრეებში, არამედ სხვებისაგან დაუფარავად გავრცელდა. აღნიშნულმა იქამდე მიგვიყვანა, რომ უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ პოლონური საჯარო დებატი, რაც არცერთი სერიოზული პოლიტიკური ძალის მიერ არ ყოფილა მხარდაჭერილი უეცრად რამდენიმე პოლიტიკური პარტიის პროგრამის ბაზისი გახდა. მათგან ზოგიერთი პოლონეთის პარლამენტში (Kukiz’15 ) და ევროპარლამენტშია (KORWiN) წარმოდგენილი. Kukiz’15-ის მოძრაობის ლიდერი, ყოფილი მომღერალი პაველ კუკიზი, რომელიც 2013 წელს უკრაინულ მეიდანს უჭერდა მხარს უჭერდა, ორი წლის შემდეგ პოლონეთის პარლამენტში უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე გახდა. აგრეთვე, ცნობილი ლიბერტარიანელი პოლიტიკური აქტივისტი იანუშ კორვინ-მიკე (პარტია KORWiN-ის ლიდერი), რომელიც პოლონეთ-რუსეთის ფეხბურთის მატჩამდე (12/06/2012) რუსი ფეხბურთის გულშემატკივრებზე ფიზიკური შეტევის მცდელობითაა ცნობილი, ორი წლის შემდეგ, 2014 წელს რუსეთის საელჩოში ხშირი სტუმარი გახდა. ანტი-უკრაინული და ანტი-დასავლური ლოზუნგები ასევე გახდა ნაციონალისტური ორგანიზაციების დამახასიათებელი ნიშანი (დამოუკიდებლობის მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობა).
აღნიშნულ პროცესებს რამდენიმე პოლონური მედიასაშუალების ნარატივის შეცვლაც ახლდა თან. ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი იყო პოლონეთის ისტორიასა და აღმოსავლეთის მეზობლებზე ფოკუსირება საინფორმაციო პორტალ Kresy.pl- ზე, რომელიც 2014 წელს პოლონურ ინტერნეტსივრცეში ანტი-უკრაინული და ანტი-დასავლური ნარატივების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა. მსგავსი ტრანსფორმაცია რამდენიმე სხვა პოლონურმა მედიასაშუალებამაც განიცადა, რაც ისეთ ჯგუფებზე იყო გათვლილი, როგორებიცაა პოლონელი მემარჯვენეები, ნაციონალისტები და კონსერვატორები, აგრეთვე ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები. მრავალ მედიასაშუალებასა და სოციალურ წრეში პოპულარული გახდა ანტი-უკრაინული, ანტი-დასავლური და პრო-რუსული ნარატივები, ხოლო საპირისპირო მოსაზრებები: პრო-დასავლური სენტიმენტები, უკრაინის დამოუკიდებლობის მომხრე და პუტინის იმპერიული პოლიტიკის საწინააღმდეგო მოსაზრებები არ იყო მოწონებული.
სინამდვილეში, პოლონეთის მედიასივრცეში ანტი-უკრაინულ, ანტი-დასავლურ და პრო-რუსულ ნარატივებზე რუსულ ტროლებს მონოპოლია აღარ აქვთ. მათ პოლონელი რადიკალი მემარჯვენეები, ნაციონალისტური წრეები და მედიასაშუალებები შეურთდნენ. მსგავს შინაარსს უკვე ჩვეულებრივი ადამიანები ავრცელებენ, რომლებიც სამსახურში, სკოლაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კითხულობენ, ისმენენ, კომენტარს აკეთებენ, ან საუბრობენ კრემლის პროპაგანდაზე.
პრობლემის გადაჭრა და რეკომენდაციები
ბევრი ანალიტიკოსისთვის რთული იყო იმისი გაგება, რომ პოლონურ ინტერნეტსივრცერში პრო-რუსულ ნარატივს არა მხოლოდ რუსი ტროლები, არამედ ის პოლონელებიც ავრცელებენ, რომელთაც მითების სჯერათ. მრავალი წლის განმავლობაში, პოლონეთი ევროკავშირში ცნობილი იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ”ანტი-რუსული” ქვეყანა, სადაც თითქმის მთელ პოლიტიკურ კლასს ევროპისა და ნატო-სი სწამდა, და არა კრემლის. შესაბამისად, პოლონეთში კრემლის ნარატივი სერიოზულად არ იქნა მიღებული. პოლონელებისთვის რთული იყო იმის დაჯერება, რომ ხალხს კრემლის პროპაგანდის ნდობა შეეძლო.
იმ ფაქტთან შეგუება, რომ ბევრ პოლონელს კრემლის მონათხრობის სჯერა ნიშნავს, რომ ჩვენ წინაშე აღმოსავლეთევროპული გავლენების საწინააღმდეგო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობა დგას. პოლონური საინფორმაციო სივრცის დაცვის, ყალბი სიახლეების, რუსული ტროლების წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, საჭიროა, პოლონელების რუსული პროპაგანდის ფიქციურობაში დარწმუნება დავიწყოთ, რამდენადაც კრემლის ნარატივების გავლენა განსაკუთრებით ახალგაზრდა პოლონელებშია თვალსაჩინო.
რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია მისი დისკრედიტაცია და დაცინვა. რუსეთთან და კრემლის პროპაგანდისტული მანქანაში საკუთარი გამოცდილების გამოყენებით, ამ თემაზე მომუშავე ანალიტიკოსებს ნამდვილად შეუძლიათ კრემლის ნარატივებთან საბრძოლველი ბევრი სქემის შეთავაზება. მე, როგორც ანალიტიკოსს, რომელსაც ევროპაში და აზიაში ათეულობით არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება მაქვს, მსურს შემოგთავაზოთ სტრატეგია, რომელიც ძირს უთხრის კრემლის პროპაგანდისტული მანქანის დასაყრდენ ერთ-ერთ საფუძველს. ეს მთავარი საყრდენი არის რწმენა, რომ თითქოს რუსი პოლიტიკოსების ქმედებების მიმართ რუს ხალხს მაღალი ნდობა აქვს, მათ შორის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რაც მისი უზარმაზარი საარჩევნო მხარდაჭერით გამოიხატება. ჩემ მიერ მართულ მოხალისეთა ჯგუფს, პროექტის “დამკვირვებლები მოქმედებაში” (“Observers in Action”) ფარგლებში, რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 40 000 – ზე მეტი ხმის სიყალბის გამოვლენის საშუალება ჰქონდა ინოვაციური ვიდეო დაკვირვების მეთოდის საშუალებით. ჩვენმა მუშაობამ აჩვენა, რომ რუსეთის რამდენიმე ქალაქში ამომრჩეველთა რეალური აქტივობა და ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა 20%-ს არ აღემატებოდა. ანალიზის შედეგი გამოქვეყნებულია პორტალზე www.observersinaction.eu, სადაც არჩევნების სიყალბე გამოვააშკარავეთ და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ სიმართლის ამსახველი 30-ზე მეტი ფილმი გამოვაქვეყნეთ.
რუსეთის ადგილობრივი თვითმმართველობა არჩევნების რეალური შედეგების შესახებ სიმართლის დამალვის მიზნით არჩევნების ოქმებს აყალბებს. ამ ფალსიფიკაციის დემონსტრირება, ვიდეო დაკვირვების გამოყენების წყალობით, ძალზე მარტივია. თუ თქვენ თავად აპირებთ ვიდეო სადამკვირვებლო მისიის შექმნას, შეგიძლიათ გამოიყენოთ პოლონელი და რუსი ექსპერტების მიერ დაწერილი სახელმძღვანელო “არჩევნების ვიდეო-დაკვირვება. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევის შესწავლაზე დაფუძნებული არჩევნების დღის ვიდეო-დაკვირვების მეთოდოლოგიის შესავალი” – ნაშრომი, რომელზეც მთავარი რედაქტორის რანგში ვმუშაობდი. ჩვენს ხელთ არსებული ასეთი ინსტრუმენტით და მისი ეფექტურად გამოყენებით (მაგალითად, საარჩევნო თაღლითობის ამსახველი საინტერესო ვიდეორგოლების შექმნა და პოპულარიზაცია), ჩვენ შეგვიძლია მარტივად დავცინოთ რუსულ არჩევნებს, რითაც რუსული პროპაგანდის გავლენას შევზღუდავთ. ეს არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ იქნება რუსული პროპაგანდის გავლენის შეზღუდვის ეფექტური საშუალება. იმ მითის გამოაშკარავება, თითქოს რუსეთის ხელისუფლებას უზარმაზარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, მთელი ევროპისათვის თვალის ამხელი იქნება.