კრემლის ნარატივი პოლონეთში არჩევნების დროს: ებრაელები და ლგბტ საზოგადოება
მატეუშ ბაიეკი
ანალიტიკოსი, Global Lab., ვარშავა, პოლონეთი
შესავალი
პოლონურმა რადიკალმა მემარჯვენეებმა და პრორუსულმა პოლიტიკურმა მოძრაობებმა, კრემლის პროპაგანდით შთაგონებულმა რუსული და პოლონური მედიის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ინტერნეტში გავრცელებულმა ტროლებმა დაიწყეს ორი ახალი ნარატივის გამოყენება მიმდინარე წლის საარჩევნო კამპანიის დროს. პირველი იყო ანტისემიტური და ისრაელის საწინააღმდეგო ნარატივი, რომლმაც პიკს მიაღწია 2019 წლის მაისში ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიის დროს. მეორე ნარატივი, რომელიც მიმართულია ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ, პოპულარულია 2019 წლის თებერვლიდან და, სავარაუდოდ, იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა პოლონეთის 2019 წლის ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებამდე.
ორივე ნარატივის მიზანს (თუმცა მკაფიოდ უნდა იყოს ხაზგასმული, რომ ეს ნარატივები რუსეთს არ გამოუგონია), პოლონელი ებრაელებზე, პოლონეთ-ისრაელის ურთიერთობებზე ან პოლონურ ლგბტ საზოგადოებაზე დარტყმის მიყენება არ წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაში კრემლის პროპაგანდის ტაქტიკა შეიცვალა და აშკარად უფრო დახვეწილი გახდა. შესაბამისად, აღნიშნული ნარატივები მიზნად ისახავს პოლონელთა შორის კონფლიქტის გაღვივებას, რომელთა დამოკიდებულება მოცემული საკითხების მიმართ ძალიან მრავალფეროვანია. აგრეთვე, ორივე ნარატივს ასევე აქვს დამატებითი მიზნები. ანტი ლგბტ შეხედულებების პოპულარიზაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთის, როგორც მორალურად მცდარის აღქმას, სადაც, სავარაუდოდ, ლგბტ იდეები საფუძველს იღებს. ამავდროულად, ანტისემიტური პროპაგანდა აზიანებს პოლონურ-ამერიკულ ალიანსსაც.
ისტორიული ფონი
2019 წელი პოლონეთის პოლიტიკურ სცენაზე ორი მნიშვნელოვანი მოვლენის წელია: ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდა 26 მაისს, და ასევე პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება 13 ოქტომბერს. ამ არჩევნების პოლიტიკური მნიშვნელობა უნიკალურია, რადგან ისინი წყვეტენ ყველაზე გრძელ (პოლონეთის ისტორიაში) ოთხწლიან პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ქვეყანაში ეროვნული არჩევნები არ ჩატარებულა. ბოლოს პოლონეთში ეროვნული არჩევნები 2015 წელს ჩატარდა, ხოლო უფრო ადრე 1989-2015 წლების პერიოდში არჩევნები საშუალოდ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა.
ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა არჩევნების თანმიმდევრობაში ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ დავაკვირდებით კრემლის ნარატივების ევოლუციას პოლონეთში საარჩევნო პერიოდისას. იმავდროულად, კრემლის (და მისი ტროლების) ტაქტიკა, ისევე, როგორც კრემლთან დაახლოებული პოლიტიკური მოძრაობების მთელს მსოფლიოში იცვლება. ეს აღნიშნულია, მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში კრემლის ნარატივების ანალიზით.
2015 წელს მიმდინარე ორი საარჩევნო კამპანიის დროს კრემლთან დაახლოებული საზოგადოებების ყველაზე თვალსაჩინო ნარატივი იყო ანტი-უკრაინული პროპაგანდა. მის გვერდით აღმოჩნდა ანტიდასავლური პროპაგანდაც. ორივე ნარატივის შესახებ მოთხრობილი მაქვს ჩემს წინა პუბლიკაციაში სათაურით: “რუსული ტროლები მხოლოდ რუსულია? პრორუსული პროპაგანდა პოლონეთის ინტერნეტში”. აღსანიშნავია, რომ თუ ანტი-უკრაინული ნარატივი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით (პირდაპირი შეტევები უკრაინაზე, მის ისტორიასა და პოლიტიკაზე) მიმდინარეობდა, დასავლეთის საწინააღმდეგო ნარატივი ძალიან ხშირად სპეციფიკურ ფორმას იღებდა. გარდა იმისა, რომ პირდაპირი შეტევა ხორციელდებოდა გერმანიას, აშშ-სა და ნატო-ზე, ევროპის დაცემის იდეის გავრცელების მიზნით კრემლის პროპაგანდა პოლონელებს ევროპის მიგრანტთა კრიზისის საკითხს დეტალურად უჩვენებდა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მაისში საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პოლონურ მედიაში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი თემები აღმოჩნდა საშინაო პრობლემები. იმავდროულად, 2015 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს კი, კრემლისა და სხვა აქტორების წაქეზების გამო, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მიგრანტთა კრიზისი გახდა.
2019 წელს პოლონურ მედიაში წინასაარჩევნოდ წარმოდგენილი პრობლემების სპექტრი სრულიად განსხვავებულია. თითოეული ქვეყნისთვის ჩვეულებრივი საშინაო პრობლემების გარდა აღინიშნება ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ნარატივების მნიშვნელობის საგანგაშო ზრდა, ასევე შეინიშნება ლგბტ საზოგადოებების საწინააღმდეგო ნარატივებიც.
ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური იდეები პოლონურ მედიაში “სამუდამოდ” არსებობდა და ძირითადად ეხებოდა პოლონური პოლიტიკური ცხოვრების საზღვრებს. პოლონურ მედიაში ეს 2018 წლამდე დიდად არ შუქდებოდა, მანამდე, სანამ პოლონეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური კონფლიქტი არ წარმოიშვა. კონფლიქტის უშუალო მიზეზი იყო პოლონეთში ე. წ. ჰოლოკოსტის კანონმდებლობის მიღება რასაც ისრაელის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. კონფლიქტი გამწვავდა პოლონურ მედიაში, კერძოდ, პოლონეთის მთავრობასთან დაახლოებულ მედია საშუალებებში და არა რუსეთთან ასოცირებულ სააგენტოებში, თუმცა კრემლის მომხრეებიც შეუერთდნენ ამ ნარატივის გავრცელებას. ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური იდეები 2018 წლის მეორე ნახევარში შემცირდა, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე 2019 წლის თებერვლიდან თავიდან წარმოიშვა.
ანტისემიტური და ისრაელის საწინააღმდეგო პროპაგანდის კიდევ ერთი ტალღა გამოიწვია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებამ, რომელითაც მან პოლონელ პოლიტიკოსებს შეახსენა ჰოლოკოსტის დროს დაკარგული პირადი საკუთრების აღდგენის აუცილებლობა (ძირითადად ებრაელებისათვის). თუმცა ამჯერად, ის წრეები რომლებიც აკრიტიკებდნენ აშშ-ს მოთხოვნებს, კერძოდ, სამართალი არაკომპენსირებულ გადარჩენილთათვის დღეს 2017 წლის აქტს (JUST აქტი ან აქტი 447), იყვნენ კრემლთან დაახლოებული საზოგადოებები, პოლონეთის უკიდურესი მემარჯვენე მოძრაობა (მაგალითად, დამოუკიდებლობის მარში – https://marszniepodleglosci.pl/), ამ მოძრაობის მედია (მაგ. kresy.pl, dzienniknarodowy.pl) და ინტერნეტ ტროლები. მათი კოორდინირებულ საქმიანობას შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ აქტ 447-ის ვებსაიტზე (https://ustawa447.pl/) და Facebook პროფილზე “არა ებრაელთა მოთხოვნებზე” (ბმული: https://www.facebook.com/niedlaroszczen/). პრორუსული კონფედერაციის კოალიციის (https://konfederacja.eu/) პოლიტიკური პროგრამის საფუძველი ებრაული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, თუმცა ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ეს ნარატივი ჩაიკარგა. ამ თემის მნიშვნელობა შესამჩნევად შესუსტდა პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებამდე (2019 წლის ოქტომბერი), სამაგიეროდ კრემლის ნარატივმა ახალი მსხვერპლი ამოიღო მიზანში: ლგბტ საზოგადოება.
ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ნარატივები პოლონურ მედიაში ისევე დიდი ხანია შეიმჩნევა როგორც ისრაელის საწინააღმდეგო, თუმცა, ეს უკანასკნელი ნაკლებად იყო პოპულარული. ლგბტ-ს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის მნიშვნელობის ზრდა თვალშისაცემია 2019 წლის თებერვლიდან, ანუ იმ პერიოდში, როდესაც ანტისემიტურო და ისრაელის საწინააღმდეგო პროპაგანდა გააქტიურდა. ღონისძიება, რამაც ამ თემაზე მედიის ყურადღების გამახვილება განაპირობა იყო ვარშავის მერის რაფა ტრეასკოვსკის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს ე. წ. “ლგბტ ბარათის” ხელმოწერა, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქის ხელისუფლების მხრიდან ყველა ადამიანისთვის მხარდაჭერის გარანტირებას განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ, ორმა მთავარმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ლგბტ საზოგადოებების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო: ერთი შეიკრიბა პოლონეთის მთავრობის გარშემო (PiS პარტია, რომელიც კრემლთან არ არის დაკავშირებული) ხოლო მეორეს შეადგენენ პოლონელი რადიკალი კონსერვატორები (ხშირად ასოცირდება კრემლთან, ან შთაგონებულია კრემლის მიერ), რომელსაც პოლონეთში კრემლთან დაახლოებული მედია უჭერს მხარს.
როგორც პოლონელმა ინტერნეტ-პოლიტიკოსმა მკვლევარმა ანა მირიზიჩკამ შენიშნა, ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებული კამპანია პოლონეთში სამ მთავარ ნარატივს იყენებს:
- ლგბტ იდეოლოგია წარმოადგენს საფრთხეს ტრადიციული ოჯახისა და შვილებისათვის;
- ჰომოსექსუალიზმი = პედოფილია;
- ლგბტ-ს სურს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში “ბავშვების სექსუალიზაცია”, რათა შემდეგ ამით პედოფილებმა ისარგებლონ.
2019 წელს ლგბტ-ის საწინააღმდეგო კამპანიაში ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინიციატივამ შეაჩერე ჩვენი ბავშვების სექსუალიზაცია (ბმული: https://stop-seksualizacji.pl/), რომელიც დაკავშირებულია მემარჯვენე ჟურნალთან – “არჩევანი მარჯვნივ” ( ბმული: http://www.opcjanaprawo.pl/), და რომლის ავტორებიც არ მალავენ თავიანთ სიმპათიებს პუტინის რუსეთის მიმართ. ძალიან აქტიური იყვნენ რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებიც (მათ შორის პიოტრ სკარგას სოციალური და რელიგიური განათლების ინსტიტუტი, ბმული: https://www.piotrskarga.pl/), რომლებიც ასოცირდებიან გლობალურ ულტრა კონსერვატორულ ორგანიზაციებთან (ოჯახების მსოფლიო კონგრესის ჩათვლით – www.worldcongress.org). პოლონური რადიკალი მემარჯვენეები მნიშვნელოვან ფონს წარმოადგენდნენ და ამ მხრივ ყველაზე აქტიური მიმომხილველი სტანისლავ მიქაჩივიჩი იყო, რომელიც ასევე ცნობილია პუტინის რუსეთისადმი სიმპათიებით. ზემოთაღნიშნულმა საზოგადოებამ ლგბტ– ს წინააღმდეგ კამპანია დაიწყო მანამ, სანამ ეს თემა საერთოდ გახდებოდა PiS–ის, პოლონეთის მმართველი პარტიის, ერთ – ერთი ღერძი და, როგორც ხედავთ, მათგან ყველას აქვთ კავშირები პუტინის რუსეთთან.
ანტისემიტური და ისრაელის წინააღმდეგ მიმართული თემატიკისგან განსხვავებით, რომლებიც უკვე მეტწილად დაითრგუნა, ლგბტ-ს წინააღმდეგ მიმართული ნარატივები პოლონეთის პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გახდა. ამრიგად, წელს ეს მეორე ნარატივია, რომელიც აქტიურად ტრიალებს პოლონეთში კრემლთან დაახლოებულ წრეებში და რამაც ძლიერი გავლენა მოახდინა პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
გავლენა
პოლონეთის მედია სივრცეში რუსეთის მხარდაჭერილი ორი ნარატივის აღმოცენება ევროპარლამენტისა და პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს გვაფიქრებს ამ ფაქტის მიზნებზე. შეიძლება თუ არა, რომ კრემლის მიზანი იყოს ისრაელზე, ებრაელებსა და თვით ლგბტ საზოგადოებაზე თავდასხმა, როგორც ეს იყო წარსულში, როდესაც კრემლის ნარატივი მიზანში იღებდა უკრაინასა და დასავლეთს? პასუხი უარყოფითი ჩანს, რადგან როგორც ებრაელები, ისე არც ისრაელ-პოლონეთის ურთიერთობები და არც პოლონური ლგბტ წრეები არ უქმნიან საფრთხეს რუსეთს.
მაშინ შესაძლებელია თუ არა, რომ კრემლის ნარატივების მიზანი იყოს პოლონელებს შორის კონფლიქტის გაღვივება, ვისთვისაც ეს თემები წარმოადგენს ძალას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის გაყოფას? როგორც ჩანს, ეს თეზისი მეტწილად მართალია. წარსულში ავტორს საშუალება ჰქონდა ესაუბრა რუსული ტროლების ცნობილ ქარხანაში მომუშავე ხალხთან და მათი მონათხრობი ამტკიცებს ბოლო წლების განმავლობაში რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკის გარდაქმნას. სპეციფიკური იდეების (მაგ. ანტიდასავლური, ანტი-უკრაინული) პირდაპირ პოპულარიზაციას ამჟამად ავსებს ე. წ. გერასიმოვის დოქტრინაში გათვალისწინებულ სხვა აქტივობები (ომის რუსული თეორია, რომელიც ეყრდნობა მოწინააღმდეგის საზოგადოებაზე არაპირდაპირი ზეგავლენას). კერძოდ, ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ ქაოსს ეხებოდეს, რადგან საზოგადოებაში მუდმივი შფოთი და კონფლიქტი უფრო ამარტივებს ამ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის შეცვლას.
როგორ გამოიყურება ქაოსი პრაქტიკაში? რუსული ტროლების ქარხნის თანამშრომლები აკონტროლებენ აშშ-ს ანგარიშებს Facebook-ზე, Instagram-სა და Twitter-ზე ერთდროულად შემდეგი პირებისა:
• შავკანიანები;
• თეთრი რასისტი ხალხი;
• მუსულმანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ს მუსულმანების საწინააღმდეგო პოლიტიკას;
სხვადასხვა არხების გამოყენებით ამ კომენტატორთა თითოეული ჯგუფი იწვევს სოციალურ კონფლიქტს აშშ-ში.
ამასთან, პოლონეთში სოციალური დაყოფა მანიპულირდება არა მხოლოდ კონფლიქტის მხარდაჭერით. ზოგიერთი მედია, რომელიც მსოფლიოს მემარცხენე ხედვას უჭერს მხარს, ასევე განიხილება კრემლის იდეოლოგიის გამტარებლად, მაგალითად, პორტალი Strajk.eu (მისი რედაქტორები რუსული Sputnik-ის კომენტატორები არიან). მემარცხენეებს დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვთ, რის გამოც ამ მედიის მნიშვნელობა არ არის ისეთი, როგორც მემარჯვენე პორტალების. ყველაფრის მიუხედავად, კრემლის მომხრე მემარჯვენე სააგენტოებთან დაკავშირებით, მოსკოვთან დაახლოებული მემარცხენე პორტალების მიერ წარმოდგენილი მსოფლიოს ხედვა (ლგბტ მხარდაჭერა, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა) გერასიმოვის დოქტრინის ნაწილია რათა უფრო გააღვივოს მემარჯვენეთა მხარდაჭერა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის ივლისში, Redfish-ის პორტალმა რუსეთის დაფინანსებით (Russia Today-დან) გამოაქვეყნა ფილმი სახელწოდებით „არასოდეს განმეორდეს: ბრძოლა პოლონეთის მემარჯვენეების წინააღმდეგ“. ფილმი ხელს უწყობს პოლონეთის, როგორც ქვეყნის ხედვას, სადაც უფრო მეტი სათქმელი აქვთ ფაშისტებს, მაგრამ მათ წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს დემოკრატებისა და ლგბტ საზოგადოების მიერ.
ამასთან, პოლონელებში კონფლიქტის გაღვივება არაა კრემლის უახლოესი თვეების ნარატივის დასკვნითი მიზანი. უფრო ღრმა დაფიქრების შემდეგ შეიძლება დავასკვნათ, რომ ორივე მთავარ ნარატივს ფარული ამოცანა აქვს.
პოლონური საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი დარწმუნებულია, რომ ლგბტ არის “ფენომენი”, რომელიც დაკავშირებულია ლიბერალიზმთან, დემოკრატიასა და ევროკავშირთან. ამრიგად, “ოჯახური დაცემა”, “ბავშვების სექსუალიზაცია” დაკავშირებულია ლგბტ-სთან, ისევე როგორც პედოფილია, რაც ასევე უნდა იყოს დასავლური ფენომენი. ამის საპირისპიროდ, რუსეთის ხედვა წამოწეულია, როგორც ქვეყანა რომელიც ხელს უწყობს ოჯახს და ბავშვთა დაცვას.
ებრაელთა გავლენის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, პოლონეთისთვის სხვა ორი ფუნდამენტური ფენომენიც დარტყმის ქვეშაა: ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან, ისევე, როგორც აშშ-სთან მჭიდრო კავშირი. კრემლის ნარატივებში ებრაელები და ისრაელები ხშირად გვხდება უკრაინელი პოლიტიკოსებთან (ხშირად ებრაული ფესვებით) და უკრაინის ისტორიასთან ერთად, რომელიც, სავარაუდოდ, სათავეს ხაზარიადან – ებრაული სახელმწიფოდან იღებს. გარდა ამისა, აშშ-ს მიერ ისრაელის მხარდაჭერის, ისევე როგორც პოლონეთის წინააღმდეგ ებრაელების მოთხოვნების (ზემოხსენებული JUST აქტი) იდეების გავრცელება, პრაქტიკულად, ერთადერთი შესაძლებელი ნარატივია პოლონეთში, რომელიც ძირს უთხრის პოლონურ-ამერიკული პოლიტიკური და სამხედრო ალიანსის საფუძვლებს. პოლონელებს იმდენად მოსწონთ შეერთებული შტატები, რომ ჩვენი ალიანსის შერყევის მსურველს ანტისემიტური და ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გამოყენება დასჭირდა.
რეკომენდაციები
კრემლის ნარატივი უფრო ხშირად ცდილობს პროპაგანდის გავრცელებას ფარული გზით, რათა არ ვიცოდეთ მისი რეალური მიზანი. იმავდროულად, რეალური მიზნები ზუსტად იგივეა, როგორც წარსულში: საზოგადოების დაძაბულობა; სახელმწიფოსადმი რწმენის დაკარგვა; არსებული საერთაშორისო ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ალიანსების შერყევა. ამ მიზნით, მოსკოვი იყენებს ნარატივებს, რაც არასოდეს ყოფილა იდენტიფიცირებული რუსეთთან (ჩვენი მოწინააღმდეგეები მხარს უჭერენ ლგბტ საზოგადოებას), და ასევე რუსეთისთვის ნეიტრალური პოზიციებს (ანტისემიტიზმი).
მიუხედავად იმისა თუ ვინ ვართ:
- მემარცხენე, მემარჯვენე ან ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებების;
- ჰომოსექსუალური ან ჰეტეროსექსუალური;
- გვჯერა ღმერთის ან ვართ ათეისტები;
- მხარს ვუჭერთ ლტოლვილებს ან მიგრანტებს მივიჩნევთ საფრთხედ;
- ვთვლით თუ არა ებრაელებს მსხვერპლად;
- მხარს ვუჭერთ ამჟამინდელ მთავრობას ან მხარს ვუჭერთ ოპოზიციას
- მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ან მხარს ვუჭერთ ერების თვითგამორკვევის იდეას;
კრემლის ნარატივმა ჩვენი პოზიცია თავისი ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება გამოიყენოს. ასეთი ძალისხმევა, სავარაუდოდ, მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება, რადგან არსებობს უსასრულო რაოდენობის თემა, რომლის გამოყენებაც რუსეთს შეუძლია. იმავდროულად, უღიმღამო პროპაგანდა, რომელიც ფართოდ გვხვდებოდა წარსულში, არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური როგორც კრემლი ელოდა.
სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა უნდა გაითავისონ, რომ კრემლმა მათი შეხედულებები შეიძლება გამოიყენოს თავისი ნარატივის ნაწილად დასავლეთის ან რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ცენზურის გამოყენება ყოველ წინადადებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბარი სულ უნდა შეწყვიტოთ. თუმცა, შესაძლებელია კრემლის ნარატივის ანალიზისთვის მეტი ყურადღების დათმობა. ამასთან, უნდა ვეცადოთ ამ ნარატივების თავიდან აცილება ისე, რომ ის, რისიც გვჯერა ვერ გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების იდეების მსგავსება კრემლის პროპაგანდასთან არ ნიშნავს რომ ეს იდეებიც მოსკოვში გამოიგონეს. შესაძლოა ნებისმიერი სიტუაცია ერთ თვეში მკვეთრად შეიცვალოს. რუს სპეციალისტებს შეუძლიათ დააფინანსონ და მხარი დაუჭირონ თითოეულ არსებულ მხარესა და ნარატივს. კრემლის მიზანი არ არის ერთ თემასთან დაკავშირებით ჩვენი შეხედულებების შემცირება – საბოლოო მიზანი მთელი ჩვენი ცნობიერების შეცვლაა.