4 აპრილს საქართველოში ნატოს კვირეულის აღნიშვნა დაიწყო, რომლის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარეს სხვადასხვა სახის აქტივობები ნატოს შესახებ.
ნატოს კვირეულის ფარგლებში ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ხარაგაულს ესტუმრა, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 4 აპრილს N2, N3 საჯარო სკოლებსა და წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის უფროსკლასელებისთვის ნატოს შესახებ ლექცია წაიკითხეს. ლექციის თემა შეეხებოდა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ამ გზაზე არსებულ გამოწვევებს და პერსპექტივებს. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი ასევე მიზნად ისახავდა ნატოს შესახებ გავრცელებული მითების გაქარწყლებას და სკოლის მოსწავლეებისთვის ნატოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. 5 აპრილს აქტივობები კიცხის, ბორის სკოლა-პანსიონისა და ბორითის საჯარო სკოლებში გაგრძელდა. 6 აპრილს კი ხარაგაულის კინოთეატრში, მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის, კონკურსი ჩატარდა. საკონკურსო კითხვების მთავარი თემა ნატო და ევროკავშირი იყო. კონკურსზე, თითო სკოლიდან სამკაციანი გუნდი გახლდათ წარმოდგენილი. პირველ ადგილზე გავიდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია, მეორე ადგილი ბორის სკოლა–პანსიონის, ხოლო მესამე – №2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს სერთიფიკატები, წიგნები და წამახალისებელი საჩუქრები გადაეცათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.