ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტის ნიაზ ჩიტიძის პასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
ნიჰილიზმი არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება საზოგადოებას დაატყდეს თავს, განსაკუთრებით, იმ ადამიანებს,, რომლებსაც აქვთ სურვილი იცხოვრონ უკეთეს ქვეყანაში. თუ ჩვენ გულწრფელად არ გვჯერა ამ საზოგადოების წარმატების, მნიშვნელოვან ცვლილებას ვერ გამოვიწვევთ. ამიტომ, ნებისმიერი გამოწვევა ამ საქმეში განხორციელდება მხოლოდ იმ რწმენით, რომ ამ საზოგადოებას შეუძლია შექმნას უკეთესი სახელმწიფო, რადგან ის ასხივებს იმედს, ძალასა და რწმენას.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
აქტივიზმში ბევრი ადამიანი და თანამოაზრეა, რომელიც სამაგალითო აქტივისტად მიმაჩნია, ამიტომ მათი ჩამოთვლა საკმაოდ რთულია. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი ჩემს უფროს ძმას, გიორგი ჩიტიძეს, უკავია. დღეს ვინც ვარ, სადაც ვარ და რატომაც ვარ, ვფიქრობ, ჩემი ოჯახის და, განსაკუთრებით, გიორგის დამსახურებაა. ის დგას ისტორიის სწორ მხარეს, მას აქვს სწორი ღირებულებითი ვექტორი და ის არის ადამიანი, რომელიც მაძლევს ძალას, ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე ვიყავი გუშინ.
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
მარტის აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ იყო მნიშვნელოვანი მიღწევა და პირველი ნაბიჯი მთავარი გამარჯვებისკენ. მახარებს, რომ ამაში ჩემი წვლილიც იყო. ასევე ვამაყობ, რომ შევქმენი საინტერესო ორგანიზაცია სანდო თანამოაზრეებთან და მეგობრებთან ერთად, რომელიც ბევრ სიახლეებს შესთავაზებს საზოგადოებას.
რაზე მუშაობთ ამჟამად?
რამდენიმე თანამოაზრემ დავაფუძნეთ სტუდენტური ორგანიზაცია წერტილი, რომელსაც აქვს ამბიცია, იყოს სტუდენტების გამაერთიანებელი წერტილი. ჩვენ უნდა შევძლოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, ახალგაზრდების ხმა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მოუტანს პროგრესს, წარმატებასა და თავისუფლებას.
წერტილი არის უფსკრულის დასასრული და ნათელის დასაწყისი.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
როცა საქმე მიტაცებულ ინსტიტუტებთან, ავტორიტარულ რეჟიმთან გვაქვს, სხვა რა გზაა, გარდა სამოქალაქო აქტივიზმისა? ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის ჩართვა პროცესში, აქტივიზმში და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. თუ გვსურს, რომ ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მოწინავე იქნება თავის რეგიონში პროგრესითა და წარმატებით, საჭიროა მეტი ადამიანის ჩართვა სამოქალაქო პროცესში.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი გამოწვევაა ნდობის არ არსებობაა, პოსტ საბჭოთა ქვეყნებში და ამას აქვს თავისი მიზეზი. საბჭოთა იმპერია თავისი მანკიერი პოლიტიკით ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისთვის, რომ ქართველი 70 წლის განმავლობაში გაეხწნა. ჩემი აზრით, ეს ვერ მოახერხა, თუმცა მცდელობამ თავისი შედეგი ერთმანეთს შორის უნდობლობის სახით დაგვიტოვა.
ბაბუაჩემის მამა და ბიძა, მეზობლის დასმენის/დაწერის მეშვეობით დახვრიტეს, ეს ყველამ კარგად იცოდა ვინ იყო ამ ყველაფრის შემოქმედი, თუმცა საბჭოთა კავშირი აიძულებდა ბაბუაჩემს ერთ სადარბაზოში ეცხოვრა იმასთან, ვინც მამისა და ბიძის მკვლელი იყო. აი, ასეთი ფაქტების, ასეთი იძულების პოლიტიკის მეშვეობით დაგვრჩა მეხსიერებაში ტრავმა, რასაც უნდობლობა ჰქვია.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
პოსტ საბჭოთა ქვეყნებს ერთი დამახასიათებელი პრობლემა აქვთ, ძირითადად, საზოგადოების საკმაოდ სოლიდური ნაწილი სენტიმენტებით აღსავსე უყურებს ფსევდო სოციალისტურ, საბჭოთა, კომუნისტურ წარსულს. ჩვენს შემთხვევაში საგრძნობლად გაზრდილია პროდასავლური განწყობები, კვლევის მიხედვით, საზოგადოების 81 პროცენტს სურს საქართველოს პროდასავლური, ევროპული მომავალი. ეს ციფრი 20 წლის წინ არ ყოფილა, მეტიც, დღეს საგრძნობლად ნაკლებია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ეტრფის რუსეთს, მაშინ როცა ზუსტად 20 წლის წინ ბევრად მეტი იყო.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
პირველი რესპუბლიკა 1918-21 წლები. ჩვენი კონსტიტუცია, იმ დროისთვის საკმაოდ პროგრესული. ეს იყო პირველი ნაბიჯი, როცა მოგვეცა შესაძლებლობა პირველი რესპუბლიკის შექმნის. სულ ცოტა დროით მაგრამ ეს არის მონაპოვარი, ანდერძი, ჩვენი ისტორიის ამოძახილი რომ ვართ პროგრესული, ევროპული იდენტობის მქონე ერი.
საქართველოს დამოუკიდებლობა – 1991 წლის 9 აპრილი. მიუხედავად ბნელი 90-იანებისა რომელიც სიდუხჭირითა და განუკითხაობით გამოირჩეოდა, სამოქალაქო ომითა და ტრაგედიით, მაინც უნდა ითქვას, რომ თავი დავაღწიეთ (დაიშალა) ტოტალიტარულ საბჭოთა იმპერიას და სუვერენული სახელმწიფო გავხდით, თუმცა ამ ტოტალიტარული რეჟიმის მთავარი შემოქმედი, როგორც პირველი რესპუბლიკისას, ასევე 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, აგრძელებს ჩვენს სუვერენულობაში უხეშ ინტერვენციას, მაგრამ ამ მანკიერ სახელმწიფოს თავი რომ დავანებოთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვება ჩვენს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი მოვლენაა.
ვარდების რევოლუცია და ამ რევოლუციით მიღებული რეფორმები, მიღწევები. განსაკუთრებით მახსენდება კანონი ზოგადი განათლების შესახებ. კახა ლომაია ჩემთვის ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, პატივსაცემი რეფორმატორია განათლების მიმართულებით. ამ რეფორმების მეშვეობით სკოლებმა მიიღეს ავტონომია, შეიქმნა ერთიანი ეროვნული გამოცდები, აღმოიფხვრა სასწავლო დაწესებულებებში კორუფცია და ნეპოტიზმი. ასევე უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ უკეთესი განათლება როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს მიღმა.