ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან (NED) თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და აქტივისტების საქმიანობის გაშუქების მიზნით.
პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ახალგაზრდა აქტივისტის ნიკა რომანაძის ასუხებს ჩვენ მიერ დასმულ შეკითხვებზე:
რა არის და როგორ უნდა გადაიჭრას თქვენს საქმინაობა/პროფესიასთან დაკავშირებული მთავარი გამოწვევა?
პოლიტიკით დაინტერესდეს ბევრად მეტი გულწრფელი და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელსაც ექნება რაღაც მიზანი/ ხედვა ამ ქვეყნის განვითარების. აუცილებლად უნდა დავძლიოთ კონფორმიზმი. სამწუხაროდ ბევრს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კონფორმიზმი დარჩა. ეს მემკვიდრეობით გვერგო, რასაც უნდა ვებრძოლოთ, გავიაზროთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი როლი დიდია და მატერიალურ კეთილდღეობებს მაშინ აქვს ფასი, როცა თავისუფლება თან ახლავს.
დაასახალეთ ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც თქვენს სფეროში სამაგალითოდ მიიჩნევთ
პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში-” წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”
მიღწევა, რომლითაც ამაყობთ
ვამაყობ იმით რომ საკუთარ თავს არ ვთვლი მეორეხარისხოვან მოქალაქედ და ჩემი აქტიურობით ამ ყოველივეს ვებრძვი. საქართველოში რთულია გაგაჩნდეს პოლიტიკური პოზიცია, თან ჯანსაღი. ვარ აქტიური მოქალაქე, შეიძლება ბევრ ვერაფერს ვცვლი, ბევრს ვერ ვაკეთებ, მაგრამ ვცდილობ ჩემი როლი დავინახო პოლიტიკურ პროცესებში. ყოველთვის ვდგავარ იქ სადაც აუცილებელია ადამიანმა დააფიქსირო პოზიცია. ვამაყობ იმით რომ ჩემ მეგობრებთან ერთად, ქობულეთში, გახსნისთანავე დავხურეთ ანტისახელმწიფოებრივი, მოძალადე ორგანიზაცია- “ალტ-ინფო” ასევე მიხარია რომ “რუსული კანონის” ჩაგდებაში მეც შევიტანე მცირე წვლილი.
რაზე მუშაობთ ამჟამად?
ვარ აქტიური მოქალაქე, ვარ ჩართული საინფორმაციო კამპანიებში, ვცდილობ ბევრ ადამიანთან მივიტანო სათქმელი, იმ შესაძლებლობის, რაც ახლა გვაქვს- ევროინტეგრაცია.
რატომ მიიჩნევთ თქვენს საქმიანობას მნიშვნელოვნად?
არამარტო მნიშვნელოვნად, არამედ აუცილებლად მივიჩნევ, რადგან ვერ ვიცხოვრებ ისეთ გარემოში სადაც მეორეხარისხოვანი მოქალაქე ვიქნები. ამას პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. ახლანდელი პოლიტიკური ვითარება ამის საბაბს იძლევა საქართველოში. ან ვიქნები აქტიური მოქალაქე, ან ვიქნები მეორეხარისხოვანი, კონფორმისტი ადამიანი, რომელიც კი არ ცხოვრობს, არსებობს, რაც ჩემ ბუნებასთან შეუსაბამოა.
ისაუბრეთ ქართული საზოგადოების მთავარ გამოწვევაზე/გამოწვევებზე
მერაბ კოსტავას აქვს ნათქვამი, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი დანაწევრებული საზოგადოება ვართ, როცა სახელმწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე, მაშინვე გარეთ გამოვდივართ, ვერთიანდებით და ამას ვიცავთო, ვფიქრობ ძალიან მყარი იდენტობა გვაქვს, ვცნობთ მტერსა და მოყვარეს, უბრალოდ ერთი დიდი პრობლემა გვაქვს- რასაც კონფორმიზმი ქვია.
ისაუბრეთ დადებით ტენდენციაზე ქართულ საზოგადოებაში
ქართულმა საზოგადოებამ 9 აპრილიდან დაიწყო და მუდმივად იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ბოლო პერიოდშიც ბევრჯერ ვაჩვენეთ ძალა, რაც ვფიქრობ საქართველოს მოქალაქეების სიძლიერეზე და სოლიდარულობაზე მიუთითებს.
ისაუბრეთ 3 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში
9 აპრილი, ქართველი ხალხის ბძოლა დამოუკიდებლობისთვის. საქართველოს პირველი ეკონომიკური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. და ვარდების რევოლუცია, რომელსაც თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის, რეფორმებთან ერთად, პირველად მოხდა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით, რაც უდიდესი მიღწევაა ჩვენნაირი უმწიფო დემოკრატიული ქვეყნებისათვის.