ჩემი მოკლე ბიოგრაფია
დავიბადე 1993 წლის 1-ელ დეკემბერს ქ. თბილისში. 2012 წელს დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული ფაკულტეტზე, ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, რომელმაც პაქტბრივად მომამზადა ურთულესი გზისთვის, რომელსაც 2015 წელს დავადექი, კერძოდ ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელებით. ურთულესი არის არა სწავლა, არამედ თავად პროფესია და ის გზა, რომელიც უნდა გავიარო პროფესიონალად ჩამოყალიბებამდე. მონაწილებობა მაქვს მიღებული არაერთ კონფერენციაში, იმიტირებულ პროცესში, ტრენინგსა თუ საჯარო ლექციაში. გავლილი მაქვს არაერთი სტაჟირება იურიდიული მიმართულებით, მათ შორის იურიდიულ კომპანიაში- GLG ჯგუფში, კორძაძის საადვოკატო ბიუროში და სხვაგან. ვიყავი ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის, elsa თბილისის სემინარებისა და კონფერენციების აპარატის წევრი, ამჟამად ვარ ამავე ორგანიზაციის-elsa საქართველოს სამართლის სკოლების მიმართულების დირექტორი.
ჩემთვის #ინიციატივა / #ქმედება არის
ქმედების პროექტმა მომცა შესაძლებლობა ჩემი სოციალური წრე კიდევ უფრო გამეფართოვებინა და ურთიერთობა მქონოდა იმ საზოგადოებასთან, რომელსაც საერთო მიზნები და იდეები აქვს. ამა თუ იმ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის არასდროს გულისხმობს მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას, რადგან მომავალი იურისტისთვის თუმცა, არა მხოლოდ იურისტებისთვის, უმნიშვნელოვანესია ურთიერთობები, უნარები, ქმედებები, რაც სამომავლოდ დიდი წინსვლის წინაპირობაა. პროექტმა კიდევ ერთხელ დამანახა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი სახელმწიფოს და თავად იმ საზოგადოების განვითარებაში, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ. განურჩევლად იმისა, თუ რომელ პროფესიას ვეუფლებით, მუდმივი მოქმედება და ზრუნვაა საჭირო უკეთესი პიროვნების და პროფესიონალის ჩამოსაყალიბებლად, სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ პროექტი, რომლის მონაწილეც ვიყავი, დიდი ღირებულების მქონეა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის სამუშაოები, რომელსაც ვასრულებდი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, რადგან სწორედ ამ აქტივობებმა დაგვანახა ჩვენი არსებული უნარები და შესაძლებლობები. პროექტი საკმაოდ ფართო მასშტაბის იყო და ეს მის ღირებულებას კიდევ უფრო ზრდის. ნებისმიერ საქმეში ერთ ადგილზე დგომა ნიშნავს უკანსვლას. მნიშვნელობა არ აქვს ნაბიჯების სიდიდეს, მთავარი მუდმივად ზრდისა და წინსვლის სურვილის ქონაა. ზრდა და წინსვლა კი შეუძლებელია თუ გეშინია გამოწვევების. ამგვარი პროექტები კი, გვამზადებს ახალი გამოწვევებისთვის, სირთულეებისთვის.
ჩემთვის ევროპულ-ქართული ინსტიტუტი არის
ქმედების პროექტი არის პირველი აქტივობა, რომელში ჩართვითაც დავუკავშირდი ევროპულ-ქართულ ინსტიტუტს და უკვე გასაგებია ჩემთვის, რომ ამ ორგანიზაციის მიზანი არის მაღალი ხარისხის პროექტების განხორციელება და ახალგაზრდების მაქსიმალურად ინფორმირება, მათი ცნობიერების ამაღლება და ხელშეწყობა, რომ პოტენციალი და უნარები არ დარჩეს გამოუყენებელი. ნებისმიერი პროფესია საჭიროებს მუდმივ განვითარებას და პროფესიულ ზრდას. თუმცა, იურისპრუდენციის შემთხვევაში ამის საჭიროება განსაკუთრებით იგრძნობა. ეს არის სფერო, რომელშიც არ აქვს მნიშვნელობა განათლების ხარისხს, ბაკალავრის ხარისხის მქონეა პირი, მაგისტრისა თუ, დოქტორის, აქ მნიშვნელოვანია სტუდენტობიდანვე აქტიურად ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, იმ საზოგადოებაში ყოფნა, რომელსაც საერთო მიზნები და იდეები აქვს. მხოლოდ მუდმივი მუშაობითა და აქტიურობით შეიძლება იმ ცოდნისა და გამოცდილების მიღება, რაც საბოლოოდ კარიერული წინსვლის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უფრო აქტიურად ჩავერთვები ევროპულ-ქართული ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ პროექტებში. ინსტიტუს ჰყავს გონიერი, მოაზროვნე ადამიანები და არა უბრალოდ განათლებულები. ჩემთვის კი ეს არის პრიორიტეტული, როცა რაიმეთი ან ვინმეთი ვინტერესდები. ადამიანები, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ მომავალი თაობის განვითარებაში. ჩემთვის კი პატივი იქნება ამ ადამიანების გვერდით დგომა.
მე ასეთი საქართველო მინდა…
საკამათოდ არის ქცეული თემა თუ როგორი მომავალი გვექნება და შეიცვლება თუ არა რამე უკეთესობისკენ, მაგრამ ჩემთვის ეს საკითხი სულაც არ არის ბუნდოვანი. ის ღირებულებები რაც დღეს ჩემს თანატოლებს და უფრო პატარებს აქვთ, აჩვენებს, რომ საქართველო იქნება ისეთი როგორსაც ნატრობდნენ და როგორისთვისაც იბრძოდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში ადამიანები. საქართველო, რომელშიც საზრიანი, გონიერი, განთლებული ადამიანები უმრავლესობას წარმოადგენენ, ადამიანები, რომლებიც პირადი ინტერესის პარალელურად ფიქრობენ საჯარო ინტერესზე და გამომდინარე აქედან ქვეყანა არის მოწესრიგებული ყველაზე პრაგმატული თვალთახედვითაც კი. ქვეყანა, რომელშიც ადამიანებს აქვთ მაღალი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და არ ელიან ძლევამოსილ ხელისუფალთ, პრობლემების აღმოსაფხვრელად თუ კარგი საქმის საკეთებლად. ადამიანებით სავსე, რომლებსაც უპირველეს ყოვლისა აქვთ ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და ნამდვილი პატრიოტიზმი, ის რაც დღეს არასწორად აქვთ აღქმული და გააზრებული ადამიანთა უმრავლესობას. საქართველოს ვხედავ კიდევ უფრო აქტიურს და ტურისტული თვალსაზრისით უფრო ღია ქვეყანას, ქვეყანას, რომელსაც არ აშინებს ტერმინი- გლობალიზაცია და აქვს უფრო მეტი მიმღეობა უცხო ადამიანის, უცხო ფაქტის, უცხო რელიგიის, უცხო პოლიტიკური და სხვა იდეოლოოგიის მიმართ, მხოლოდ იმ დონეზე, რომ სულ მცირე ფლობდეს ინფორმაციას და არ იყოს ყალბ ჩარჩოებში მოქცეული და მუდმივად მამა-პაპის დანატოვარით თვითკმაყოფილი. ვფიქრობ, რომ რეალურია წინსვლა და ის ძალიან ახლოს არის, მხოლოდ ჩვენი, ახალი თაობის მონდომებაა საჭირო.
მომავალში მე მინდა გამოვიდე
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბევრი ცვლილება მოვახდინე ცხოვრებაში თუ ცოტა, ახლა ვადგავარ იურისტობის გზას და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე გარკვეულ ეტაპზე, მაგრამ მიზანი არასდროს ყოფილა უბრალოდ იურისტის სტატუსის მიღება. ჩემთვის ყოველთვის უფრო მთავარი იყო, გამეკეთებინა და შემექმნა რაღაც რაც ღირებული იქნებოდა როგორც ჩემთვის ისე, სხვისთვის. თითქოს ბევრ მიზანთან ერთად არ არის გამოკვეთილი რაღაც კონკრეტული, იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარია მოქმედება და უშუალოდ პროცესი, რომელიც სავარაუდოდ ბევრ წარუმატებლობასთან ერთად, ბევრი კარგი სიახლის და წარმატების მომტანი იქნება. მართალია ყყველა ქმედება შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული, თუმცა ვცდილობ ვაკეთო ის რაც გამზრდის როგორც პიროვნებას და როგორც პროფესიონალს.
ქართველობა ჩემთვის არის…
საკუთარი თავის პატივისცემა
ნებისმიერი ადამიანის პატივისცემა
განსხვავებული აზრის გაგება, არ არის აუცილებელი მისი მიღება
საკუთარი ისტორიის ცოდნა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მისი გვერდზე გადადება და მომავალზე კონცენტრირება, რეალობის სწორად აღსაქმელად, რაშიც მოვიაზრებ არა უბრალოდ ბრმად მიყოლას ამა თუ იმ ტრადიციიას ან წინაპრის დანატოვარის, არამედ ობიექტურად და კრიტიკულად შეფასება იმისა, რაც შეიძლება სულაც არ იყოს აბსოლუტური ჭეშმარიტება და ის აუცილებლად არ იქნება აბსოლუტური ჭეშმარიტი.
იმ ნიჭისა და უნარების სათანადოდ წარმართვა, რომელზეც ქართველები ვიბრალებთ, რომ სწორედ იმიტომ გვაქვს, რომ ვართ ქართველები, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად მისახვედრია თუ ვინც ვართ და რასაც წარმოვადგენთ.