26 მაისს, ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ხელი მოეწერეს დეკლარაციას: „ახალგაზრდები ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად“. ევროპულ-ქართულ ინსტიტუტის (EGI) სახელით დოკუმენტს ხელი EGI-ს დირექტორმა, შალვა ჩხეიძემ, მოაწერა.

„ორბელიანების დეკლარაცია“ – ახალგაზრდების დეკლარირებული ნება და მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის მიმართ

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროპული ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის გააზრებული და დეკლარირებული არჩევანია. ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია არა მხოლოდ თანამედროვეობის შედეგი, არამედ ის ცივილიზაციური გზაა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უძველესი დროიდან დღემდე განვლო . ამას მოწმობს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნაც, რომელიც ევროპული იდეის შემოტანას მცირე ისტორიულ მონაკვეთში შეეცადა. საუკუნის წინათ, ნოე ჟორდანიას მიერ წარმოთქმული სიტყვა -„ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს“ ამ ქვეყნის ბედისწერად იქცა, ვერც ჟამთა სვლამ და ვერც „რკინის ფარდის“ დაშვებამ შეძლო ამ კავშირის გაწყვეტა.
ქართველი ერის თავისუფალ არჩევანსა და დასავლეთისაკენ სწრაფვას მარად თან სდევდა სირთულეები და ჩვენი თაობა, რომელიც ბოლო სამი ათეული წელია ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს მხარდამხარ იზრდება, ყველაზე კარგად გრძნობას ამ არჩევანის ფასს.

დღეს ამ გზაზე საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება. სწორედ ამ მიზეზით, ახლა, ისე როგორც არასდროს, საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები ვდგებით ერთად, რათა ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ მომენტში საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწვდინოთ ხმა და გამოვხატოთ ურყევი ნება და მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. მიგვაჩნია, რომ ევროპული ღირებულებები ჩვენი ღირებულებებია, ევროპული საგანმანათლებლო სივრცე ჩვენი რეალიზების საშუალება, ხოლო ევროპელობა – ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა და ცხოვრების წესი. ვიაზრებთ, რომ წარსულში, ამ არჩევანს არაერთმა ახალგაზრდამ შესწირა თავი. შესაბამისად, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ერთი მხრივ, ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმე, ხოლო მეორე მხრივ, მომავალი თაობებისთვის ღირსეული განვითარების წინაპირობები შევქმნათ.

საქართველო ბრუნდება ისტორიულ, ევროპულ ოჯახში. ბრუნდება რწმენითა და ენთუზიაზმით, გააძლიეროს და ახალი მუხტი შესძინოს მის განვითარებას. ხმა შეუწყოს სხვა ევროპულ ხალხებს, ისე, როგორც ეს ქართულ პოლიფონიას შეშვენის. საქართველო ბრუნდება ტოლერანტობის იდეით, რაც ესოდენ სჭირდება თანამედროვე ევროპას.
მივმართავთ თხოვნით ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებს, ევროპელ ლიდერებს, რათა დადებითად გადაწყდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მინიჭების საკითხი და დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

ვაცნობიერებთ რა იმ როლსა და მნიშვნელობას, რაც ახალგაზრდებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ეფექტიანად გაგრძელებაში გვაქვს, ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენი ცოდნა, იდეები და ენერგია მივმართოთ ამ პროცესის ხელშეწყობისკენ. ამისათვის, გამოვთქვავთ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ინტეგრაციის მხარდამჭერი სპეციალური ახალგაზრდული ფომატის ამოქმედებისა და მისი საქმიანობის წარმართვაში. გვწამს, რომ ასე ჩვენი წვლილის შეტანა არა მხოლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის, არამედ ერთიანი ევროპული იდეის განმტკიცებაშიც შეგვეძლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.