ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს პირველ დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 01.II.2021 – 05.II.2021
პარტია „მოქალაქეებმა“ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას მიაღწიეს და პარლამენტში შევიდნენ
2021 წლის 29 იანვარს გავრცელდა პარტია მოქალაქეებისა და ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს შეთანხმების ტექსტი. შეთანხმების ძირითადი 4 პუნქტი ასეთია: (1) საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების შედეგად 2024 წლისთვის უნდა შეიცვალოს საპარლამენტო არჩევნებისთვის არსებული 5%-იანი ბარიერი; (2) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა შეიცვალოს მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების პროპორცია და პროპორციულად არჩეული წევრების რაოდენობა გაიზარდოს, ასევე სხვადასხვა ზომით დაიწევს ბარიერი დიდ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პროპორციით; (3) საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 წევრით და (4) განხორციელდება საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, სრული პროფესიონალიზაცია და ოპტიმიზაცია ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა შეუერთდნენ აღნიშნულ შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში. შეთანხმებას “მკვდრადშობილი” უწოდა გიორგი ვაშაძემ, რადგან აღნიშნული შეთანხმების რამდენიმე პუნქტის შესრულებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც 2 ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლით ვერ შედგება. კრიტიკული პოზიცია გამოთქვა პარტია ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებზე შეთანხმება უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. „მოქალაქეების” გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც, თინა ბოკუჩავას პოზიციაა, რომ ფართო-პოლიტიკური შეთანხმების არარსებობის პირობებში პარლამენტში შესვლა „ქართულ ოცნებაში” შესვლის ტოლფასია.
2021 წლის 4 თებერვალს, პარლამენტში შესვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ პარტია „მოქალაქეების” წევრი ლევან იოსელიანი ოპოზიციის კვოტით პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
საპარლამენტო უმრავლესობამ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუჩერა
სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება – “ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მათ უფლებამოსილება არ შეუწყვიტა, შესაბამისად ოპოზიცია ფორმალურად პარლამენტში რჩება. პარლამენტის სხდომამდე განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა: „მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ნებისმიერი კარის ნაადრევად დახურვისაგან, განსაკუთრებით ისეთი კარის, რომელიც, თუკი დაიხურა, სამუდამოდ დახურული დარჩება.” აშშ-ის საელჩო საქართველოში მიესალმა პარლამენტის გუშინდელ გადაწყვეტილებას ოპოზიციის დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნებასთან დაკავშირებით და მას „პოზიტიური ნაბიჯი“ უწოდა. პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, მისი თქმით, „სხვა არგუმენტებთან ერთად გათვალისწინებულ იქნა კარლ ჰარცელის მოწოდებაც”.
ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში თავს დაესხნენ
კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მაღაზიაში თავს დაესხნენ. ერთ-ერთმა მოქალაქემ, ბაქარ ადამიამ მას “მოღალატე” უწოდა და შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარი ფაქტი შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ: „იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს”, სპეციალურად ატარებენ ხალხმრავალ ადგილებში. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს ინციდენტი კარტოგრაფების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიისა და განცხადებების შედეგი და გამოხატულებაა და ამ ფაქტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები. ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ მელაშვილისთვის ტექნიკის მაღაზიაში მიყენებულ შეურაცხყოფაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
მედიის განვითარების ფონდმა (MDF) 1 თებერვალს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა აქტორები, მათ შორის, საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, კრემლისტური, ულტრანაციონალისტური აქტორები, ქლიქბაიტ-საიტები რუსეთში რეგისტრირებული IP მისამართებით, ერთდროულად, უმეტესად კოორდინირებულად მონაწილეობდნენ კარტოგრაფების სამშობლოს მოღალატეებად წარმოსაჩენად. კარტოგრაფების საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებად მიიჩნევს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი.
საქართველოს დემოკრატიის ინდექსი 2 პუნქტით გაუარესდა – The Economist
The Economist Intelligence Unit-ის 2020 წლის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 2019 წელთან შედარებით გაუარესებულია. ინდექსში საქართველო 165 ქვეყანას შორის 91-ე პოზიციაზეა. 2019 წელს ქვეყანა 2 პუნქტით ზემოთ იყო. გაუარესებულია საქართველოს საერთო ქულაც 10-ბალიან სკალაზე: ამჟამად ქვეყანას 5.31 ქულა აქვს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5.42-ს შეადგენდა, 2018-ში კი – 5.50-ს. ყველაზე ცუდი მაჩვენებელი, 3.57 ქულა, საქართველოს ისევ მთავრობის ფუნქციონირების კომპონენტში აქვს, თუმცა 2019 წელთან შედარებით ეს ციფრი მცირედით გაუმჯობესებულია. მაშინ ქვეყანას ამ კრიტერიუმით 3.21 ქულა ჰქონდა. ყველაზე კარგად (7.83 ქულა) კვლავ საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი შეფასდა. 6.11 ქულა აქვს საქართველოს პოლიტიკური თანამონაწილეობის კომპონენტში, 3.75 – პოლიტიკური კულტურის, ხოლო 5.29 – სამოქალაქო თავისუფლებების კომპონენტში. უკანასკნელ ორ კომპონენტში მდგომარეობა გაუარესებულია.
საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძეს 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც გასულ წელს დააკავეს, 12 წლითა და 6 თვით ე.წ. თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა). საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმო დე-ფაქტო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ის რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტრუქციული გეგმების რეალურ გამოხატულებად შეაფასა, რომლის მიზანიც საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნაა.
5 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც მოქალაქეები ქართული ოცნების „არგაღიზიანების პოლიტიკას” აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ მსგავს სიტუაციებში მმართველი გუნდი დუმს და არ იყენებს საერთაშორისო მექანიზმებს. კრიტიკული პოზიცია დააფისქირა მოძრაობა „სირცხვილიას” წევრმა ზუკა ბერძენიშვილმაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების წევრების გზავნილი, რომ „ქვეყანაში ომი არ არის და მოსახლეობა ამით კმაყოფილი უნდა იყოს” არის სიცრუე დ რომ „ომი გვაქვს, უბრალოდ ნელი ომია, რომელიც ივანიშვილის ქონებას არ უქმნის საფრთხეს”. განცხადება გააკეთა ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს საერთაშორისო ბერკეტებისა და წნეხის მეშვეობით მსგავსი პრობლემების გადასაჭრელად”, თუმცა ასევე დაამატა, რომ „ოკუპაციის პრობლემა მმართველ გუნდს ყოფილი ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ერგო და ხშირად მასთან ბრძოლა არის საკმაოდ ძნელი”.