ევროპულ-ქართული ინსტიტუტი იწყებს მიმდინარე კვირაში განვითარებული მოვლენების ორენოვანი მიმოხილვის პროექტს. პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის (SILC) მხარდაჭერით. გთავაზობთ ჩვენს მეათე დაიჯესტს. დაიჯესტის პერიოდია: 02.IV.2021 – 9.IV.2021
IRI-ს ახალი კვლევა
5 აპრილს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე მოქალაქეების აზრი თანაბრად იყოფა, ამასთან მოსახლეობა პარლამენტის ბოიკოტის შესახებ ოპოზიციის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა აშფოთებთ. გამოკითხულების 59% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება (2020 წლის ივნისი – 53%), 30% კი – ფიქრობს, რომ სწორი მიმართულებით (2020 წლის ივნისი – 38%).
კვლევის შედეგებით, საზოგადოება ყველაზე დადებითად – 89%-ით კვლავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აფასებს, მას 65%-ით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია (იგი მიმდინარე წლის 18 თებერვალს გადადგა), 54%-ით დედაქალაქის მერი კახა კალაძე, 52%-ით ევროპული საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, 42%-ით კი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მოსდევენ.
ინსიტიტუციებისადმი საზოგადოების ნდობით 82%-ით პირველ ადგილს ჯარი იკავებს, მას 79%-ით ეკლესია, 64%-ით ქართული მედია, 54%-ით პოლიცია, 52%-ით კი – პრემიერ-მინისტრის აპარატი მოსდევენ.
ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად გამოკითხულების 49%-მა და 16%-მა პირველ არჩევნად უმუშევრობა და ცხოვრების ხარჯები დაასახელა, 8% კი – სიღარიბე (რესპონდენტებს ორი შესაძლო ალტერნატივის მონიშვნა შეეძლოთ).
გამოკითხულების 39%-მა თქვა, რომ ის არ აიცრება, 20%-მა აღნიშნა, რომ ვაქცინას შესაძლებლობისთანავე გაიკეთებს, 24%-მა კი – აღნიშნა, რომ გარკვეული დროის მერე. 6% მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცრება, თუკი ეს კანონით სავალდებულო იქნება.
ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი სრულმა მხარდაჭერამ 2020 წლის ივნისთან შედარებით ორივე შემთხვევაში 3 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 59% და 67% შეადგინა.
ყველაზე სანდო ინფორმაციის წყაროდ გამოკითხულების 35%-მა ტელეკომპანია „იმედი“ დაასახელა, 19%-მა „მთავარი არხი“, 13%-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, 8%-მა „ტელეკომპანია პირველი“, 3%-მა კი – „საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეაფასეს სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ქართული ოცნების წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას „დახურული წრის და მედიის გარდა” საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ გააჩნია. „ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ კი თქვა, რომ „საველე სამუშაოები ჩატარებულია მთავარ საკვანძო მომენტამდე, რაც იყო გახარიას გადადგომა და მელიას დაკავება. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი და სიის პირველი ნომერი გადადგა, კიდევ უფრო ვალიდური გახადა ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების თაობაზე, იმიტომ, რომ მანდატი არ ჰქონია ღარიბაშვილს ოცნების მხარდამჭერებისგანაც კი.“
ევროკავშირი სასამართლო კანონში „ნაჩქარევ“ ცვლილებათა გამო საქართველოსთვის დახმარების შეჩერებაზე საუბრობს
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურისთვის „სახელდახელოდ შემუშავებული და მიღებული“ საკანონმდებლო ცვლილებები დაიწუნა. ევროკავშირის ორგანოს 7 აპრილის განცხადების თანახმად, „საქართველოსთვის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიცემის წინაპირობა“ უზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესების შესახებ ვენეციის კომისიისათვის დასკვნის თხოვნა და მისი გათვალისწინება იქნება.
განცხადების თანახმად, მართალია, ევროკავშირი, ზოგადად, მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებისათვის ინიციატივას, „იგი იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, სახელდახელოდ შეიმუშავა და მიიღო“.
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას ენგურში 4 გალელი დაიხრჩო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 7 აპრილის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, მდინარე ენგურში გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე დაიხრჩო. მოგვიანებით დადასტურდა, რომ გარდაიცვალა კიდევ ერთი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, მათ ენგურის გავლით გადმოსვლა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით გადაწყვიტეს. „აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგს“, – განაცხადეს სუს-ში.
საქართველოში აშშ-ს საელჩომ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. განცხადებაში ნათქვამია, რომ „აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ.” საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მთავრობას მიმართა იმსჯელონ გალიდან გადმოსულებისთვის 5-დღიანი კარანტინის მოხსნაზე, რადგან კარანტინი დამატებითი მოტივაციაა გალის მცხოვრებლებისთვის ენგურის გავლით გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
7 აპრილს მოძრაობა „სირცხვილიამ” ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთათვის 5-დღიანი კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართა. კარანტინი გააკრიტიკა „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ. მისი განცხადებით, „კარანტინის წესი არის შესაცვლელი. თუ, მაგალითად, ჩვენს მინისტრებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ სხვა ქვეყნებიდან და აცრის გარეშე, უბრალოდ ტესტებით, კარანტინით და შეზღუდვების გარეშე იყონ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩემი აზრით, იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს ოკუპირებული ტერიტორიებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე.”
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო და 13 აპრილს გაიმართება
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესი 13 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების შესახებ. ნიკა მელია წინა სასამართლო პროცესიდან გააძევეს, რის გამოც არ ჰქონდა სხდომებზე დასწრების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.