რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენებზე აკრძალვა მოხსნა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცემული განკარგულებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.

ამასთან, 15 მაისიდან ასევე იხსნება აკრძალვა ფრენებზე საქართველოში. შესაბამის განკარგულებას პუტინმა დღეს მოაწერა ხელი. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 2019 წელს შეწყდა. ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა თბილისში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ ცალმხრივად მიიღო.

განკარგულებების გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აუქმებს რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემულ რეკომენდაციას, რომ თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში, ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის შემდეგ შეწყვიტა. 2008 წელს ფრენები რამდენიმე თვით განახლდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ისევ შეწყდა.

„მორიგი რუსული პროვოკაცია!“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ავიამომოსვლის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას.

„საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია!“, – ხაზი გაუსვა საქართველოს პრეზიდენტმა.

„ჰუმანიტარული თვალსაზრისით…, ყველაფერი და ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, – განაცხადა 11 მაისს ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა 11 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოსთან ფრენების აღდგენის თაობაზე მოსკოვის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა და დასძინა, რომ უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში ასობით ათასი რუსის შემოსვლით და „ახლა გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ პირდაპირი ფრენების განახლების შედეგად, შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს“.

ელჩის შეფასებით, პუტინს რომ სურდეს, აჩვენოს, რომ ზრუნავს საქართველოზე, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა 2008 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, გაუქმებდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას.

„ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტურ პარტიას ტოვებს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ დაუყოვნებლივ გაეგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება“, – თქვა 11 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მმართველი პარტიის გადაწყვეტილების მიზეზად ირაკლი კობახიძემ ბოლო წლებში ევროპის სოციალისტური პარტიის „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია“ დაასახელა და განმარტა, რომ ეს პარტია „სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს“. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.

ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ევროპის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა კრიტიკულად შეაფასეს ბუდაპეშტში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ ყოველწლიურ კონფერენციაში, „რომლის დევიზი იყო – ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. „მეტიც, მათი მხრიდან გაისმა ერთგვარი საჯარო მუქარა თანამშრომლობის გადახედვის შესახებ, რასაც წინ არ უძღოდა არავითარი ორმხრივი კომუნიკაცია. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ხელმძღვანელების ამგვარი ქმედება და დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია“.

ირაკლი კობახიძისვე განმარტებით, 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრია, ამ ჯგუფს „არ გაუკეთებია არცერთი ხმამაღალი განცხადება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად“. „მეტიც, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს“.

ამის მაგალითებად მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპის სოციალისტური პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მიერ იმ „აბსურდული“ რეზოლუციების მხარდაჭერა დაასახელა, „რომლებითაც ევროპარლამენტი ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებასა და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა“. სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია“.

„ევროპის სოციალისტური პარტიის” დატოვების მიზეზებზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა.

„იქ თან ბევრი გაუგებრობები მოხდა. იგივე, მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, CPAC-ზე, სადაც პრეზიდენტები დადიან ამერიკის და კონგრესმენები, ძალიან ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსი და დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე თურმე, თქვეს, რომ ანტი ლგბტ ფრაზები გამოიყენაო და ეროვნულ კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა“, – განაცხადა მან და დასძინა – „უკაცრავად, მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ, კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ“.

ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ განცხადებაში საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეებზე საუბრობს

„გავაკეთებთ ყველაფერს, ამ [„ქართული ოცნების“] რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციისა და რუსეთის მიერ თავისუფლებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფისაგან დასაცავად იმისთვის, რომ ისტორიის გზაგასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა შეუქცევადად დაადგეს დეოკუპაციის, ევროკავშირსა და ნატოში მიმავალ გზას“, – ნათქვამია 7 ოპოზიციური პარტიის მიერ 12 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების თქმით, „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი, კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ დააყენა და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისა და ოკუპანტი რუსეთის გავლენის სივრცეში დატოვების რეალური საფრთხე შეუქმნა, რითაც პირდაპირ გაზარდა მტრის ხელახალი თავდასხმისა და აგრესიის რისკები საქართველოს მიმართ“.

ამ კონტექსტში ისინი საქართველოსთან სავიჟო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოსკოვის გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ „საქართველოს მთავრობა ცრუობს, თითქოს, პუტინის რეჟიმთან ერთად, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის გასაძლიერებლად მიიღო“.

„სინამდვილეში, ეს სულაც არ არის უანგარო და უწყინარი გადაწყვეტილება, როგორადაც წარმოაჩენს ამას ხელისუფლების პროპაგანდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, საქართველოს აეროპორტებში მოქმედ კომპანიებს სანქციები ემუქრება“, – აღნიშნავენ ოპოზიციური პარტიები და დასძენენ – „ფაქტია, „რუსულმა ოცნებამ“ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებისა და რუსული ავტორიტარიზმის დამყარების ფინალური ეტაპი დაიწყო“.

ოპოზიციის თქმით, „ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი ასეთი რეალურია, ივანიშვილი კიდევ ერთხელ გვიყენებს საკითხს: ევროპა, თუ რუსეთი? მშვიდობა, კეთილდღეობა და დაცულობა ერთიან ევროპულ ოჯახში, თუ სიღარიბე, მონობა და უპერსპექტივობა დამარცხებულ რუსეთთან ერთად? საქართველოს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ, ერთიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა უნდა თქვას: არა მტერთან კოლაბორაციას, არა რუსულ მთავრობას, ერთად ევროპისკენ!“.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო საქართველოსთვის“; „სტრატეგია აღმაშენებელი“; „გირჩი-მეტი თავისუფლება“; „ევროპული საქართველო“; „ელენე ხოშტარია – დროა“; ,,კანონი და სამართალი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.