ლავროვის ნათესავებმა საქართველო დატოვეს

20 მაისს ტელეკომპანია „მთავარმა” და პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ეკატერინა ლავროვა მეუღლესთან, ალექსანდრ ვინოკუროვთან ერთად ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის” კომპლექსში იმყოფება, სადაც ეკატერინა ლავროვას მაზლის ქორწილია დაგეგმილი.

„მთავარის” ჟურნალისტმა სასტუმროში დარეკა და გაეცნო, როგორც ყვავილების მაღაზიის წარმომადგენელი. ჟურნალისტი სასტუმროს წარმომადგენელს ეუბნება: „მე ყვავილების მაღაზიის წარმომადგენელი ვარ და რაღაცის დაზუსტება მინდა. ჩვენთან, ეკატერინა ლავროვას სახელზე არის თაიგული შეკვეთილი. ყვავილები უკვე გამოვუშვით და გზაშია, თქვენ რომ მითხრათ, სტუმარმა მოასწრო ჩამოსვლა ადგილზე?“

სასტუმროს წარმომადგენელმა თავდაპირველად ინფორმაციის გადასამოწმებლად დრო ითხოვა, შემდეგ კი დაუდასტურა, რომ ყვავილების თაიგული სწორ მისამართზე გაგზავნეს.

მოგვიანებით, განცხადება გამოაქვეყნა „ყვარლის ტბის” ადმინისტრაციამ, რომელშიც უარყო სასტუმროში ეკატერინა ლავროვას სტუმრობა.

ეკატერინა ლავროვა ქმრის გვარს, ვინოკუროვას ატარებს. „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, ნეფე-პატარძლის ხელმოწერის ცერემონია თბილისში შედგა, სუფრა კი კახეთშია გაშლილი. ამას ადასტურებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიც.

საზოგადოების პროტესტის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 20 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ნათესავებმა საქართველო დატოვეს და ისინი ქვეყანაში უკვე აღარ იმყოფებიან.

„მივიღე პირობა, შს მინისტრისგან, რომ წასულები არიან ის ოჯახი და ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ დღეს ქორწილის გადახდას და ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება, როგორც თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა“.

ბრიფინგზე პრეზიდენტმა ხელისუფლებაც გააკრიტიკა და განაცხადა: „არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს, არ შეიძლება ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს“. მისი თქმით, „ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება და თავისი დამოუკიდებლობა“. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არავის სჭირდება საჩუქრები და „პირველ რიგში, იმ ქვეყნისგან, რომელიც მუდამ ოკუპანტი იყო“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ „არ შეიძლება, ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში ხელისუფლებამ ითამაშოს ხალხის ნერვებზე“, იმ პირობებში, როცა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე წელიწადი და სამი თვეა ომს აწარმოებს. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „საზოგადოების მიღწევაა, რომ ეს ხალხი დღეს წავიდა, მაგრამ საზოგადოებას ამაზე მეტი არ შეუძლია“. მისი თქმით, „ხელისუფლებას, მთავრობას თავისი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს.

თბილისში პირველი რუსული თვითმფრინავი პროტესტის ფონზე დაეშვა

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვიდან პირველი თვითმფრინავი ოპოზიციონერი პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე დაეშვა.

აეროპორტის ტერიტორიაზე შეკრებილმა დემონსტრანტებმა რუსეთთან პირდაპირი ფრენის განახლება საპროტესტო ბანერებით, სასტვენებით და ფრენების საწინააღმდეგო შეძახილებით გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 10-მდე პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ფრენების განახლება ევროინტეგრაციის კურსიდან გადახვევას ნიშნავს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ რუსული თვითმფრინავის თბილისში დაშვება აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მახლობლად რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის მე-7 წლისთავს სიმბოლურად დაემთხვა.

რუსული თვითმფრინავის მგზავრებს შორის პრორუსული ორინენტაციის ქართველი პოლიტიკოსები და ჟურნალისტებიც იყვნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი უკმაყოფილება Twitter-ზე გამოხატა და აღნიშნა, რომ „ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა მაინც განახორციელა არასასურველი ფრენა თბილისში“.

იმავე დღეს აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზეც ჩატარდა.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია

პარლამენტმა 17 მაისის პლენარულ სხდომაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილი (93 ხმით), გიორგი გზობავა (91 ხმით) და ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმით) აირჩია.

კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. ოპოზიციის გასვლის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი არამოსამართლე წევრის ადგილი ვაკანტური დარჩა, რადგანაც კენჭისყრის პროცესი შეჩერდა. ტექნიკური შესვენების შემდეგ, დარჩენილი კანდიდატებიდან საჭირო 90 ხმა ვერცერთმა მოაგროვა.

მალევე ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს მხარი საარჩენო ბლოკ „ენმ-ძალა ერთობაშიას“ სახელით შესულმა დეპუტატებმა – ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს.

განმარტებების შემდეგ ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, ასევე ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია „ენმ-ძალა“ ერთობაშია დატოვეს.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც სასამართლო თემატიკაზე მომუშავე 40-ზე მეტ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, უარყოფითად აფასებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიერ 17 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად ტრისტან ბენაშვილის, გიორგი გზობავას და ზურაბ გურასპაშვილის არჩევას.

„არამოსამართლე წევრები საბჭოში უნდა უზრუნველყოფდნენ სასამართლოს ანგარიშვალდებულებას საზოგადოების მიმართ“, არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ არჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებებმა აჩვენა, „ისინი ვერ ხედავენ სისტემაში არსებულ მთავარ გამოწვევებს. შესაბამისად, მათი არჩევა საბჭოში მოცემულობას ვერ შეცვლის და „კლანის“ პოზიციებს გაამყარებს. იმ პირობებში, როცა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობა კრიტიკულად დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანამდებობაზე არჩეულიყვნენ პირები, რომლებიც სწორად აიდენტიფიცირებდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას – კლანურ მმართველობას“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ საბჭოს წევრებად მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირების ფართო პოლიტიკური კონსესუსის საფუძველზე დანიშვნა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის ნაწილიცაა.

არასამთავრობოების შეფასებით, 17 მაისს პარლამენტის მიერ საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევამ „კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია კვლავ განაგრძობს „კლანის“ მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ძალაუფლების შენარჩუნებაში“. „სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მათ ოპოზიციის დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდათ“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.