ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში ომის ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფრთოებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც 29-31 მაისს გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში ბრატისლავას სტუმრობს, დღეს თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

„ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ათასობით ადამიანი კვდება ყოველდღიურად“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე საუბრისას. მოდერატორის კითხვაზე – თუ რატომ დაიწყო რუსეთმა 2022 წელს ომი უკრაინასთან? – პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო „ნატოს გაფართოება“.

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი, ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს“, – ხაზი გაუსვა მან და აღნიშნა, რომ შედეგად უკრაინაში მიმდინარეობს „ბრუტალური“ ომი და „ვერ ვხედავთ რაიმე ძალისხმევას ან რაიმე ნებას რომელიმე მხრიდან, რომ ეს ომი გაჩერდეს“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კარგად აღჭურვილი ჯარი ჰყავს, ის „მაინც პატარა ქვეყანაა“. „ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრი, როდესაც არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ის ომი, არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ დამანგრეველი იყო ჩვენთვის“. „ჩვენ რომ მთავრობაში ვყოფილიყავით, ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, მაშინ ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი“, – ხაზი გაუსვა მან.

ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში საქართველოს რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად, 29 მაისს საქართველოს ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარშის მიზნით ეწვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვიცე-პრემიერთან რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის თაობაზე ძალიან „ღია და გულწრფელი“ საუბარი ჰქონდათ. „მე დამევალა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადამეცა ევროკავშირის პოზიცია – ევროკავშირის პოზიცია შეთანხმებულია 27 წევრი სახელმწიფოს მიერ ბრიუსელში“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მას საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა მოქმედი ელჩი ახლდა.

„ჩვენ მას [ლევან დავითაშვილს] ვუთხარით, რომ სინანულს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომ დათანხმებულიყო პირდაპირ ფრენებს რუსეთთან. ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებულ ერთობლივ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენა რუსეთში და რუსეთიდან და არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მათი ტერიტორიების თავზე გადაფრენა“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ვიცე-პრემიერმა მას მიაწოდა არგუმენტები, რომლებიც უკვე მოსმენილი აქვთ, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს სანქცირენული ავიახაზების ან თვითმფრინავების გამოყენებას“. „მაგრამ, სამწუხაროდ, ამას აკლია უფრო დიდი პოლიტიკური არსი – მინდა შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა ყველა ფრენის, ნებისმიერი თვითმფრინავის აკრძალვა რუსეთიდან და რუსეთში ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი 27-ივე წევრი ქვეყნისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, რათა ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე და შევცვალოთ მისი ქცევა უკრაინის მიმართ“, – ხაზი გაუსვა მან.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია გულწრფელი დიალოგი, იმ საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღეს აქტუალურია“, – განაცხად, თავის მხრივ, ლევან დავითაშვილმა და განმარტა, რომ შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი სწორედ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი იყო. „თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ“.

ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრაზე რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზეც იმსჯელეს. მისი თქმით, ლარსის გამშვებ პუნქტთან ერთად, ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტების სახით სამი ახალი დაკავშირების პუნქტი ექნება. „ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც“, – ხაზი გაუსვა ვიცე-პრემიერმა.

სოლომე ზურაბიშვილმა 26 მაისს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა გააკრიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლება რუსეთთან პოლიტიკის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ საქართველოს მთავრობას მართებს უკეთ აკონტროლოს როგორც რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელი ადამიანები, ასევე ის რიტორიკა, რომელსაც იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან და უკრაინასთან მიმართებაში.

სალომე ზურაბიშვილმა მთავრობა შეახსენა როგორც რუს დეპუტატ გავრილოვის ვიზიტი საქართველოში, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის ქალიშვილის ჩამოსვლა – იგი გასულ კვირაში იმყოფებოდა საქართველოში, „ყვარლის ტბაზე“ ქორწილში მონაწილეობისთვის.

„ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ. მაშინ, როცა მუდმივად აპელირებენ მშვიდობაზე და სიფრთხილეზე, ნუთუ ამ დროს ხელისუფლებაში ვერავინ დაინახა ესკალაციის საფრთხე?! გავრილოვის მაგალითი მაინც არ გვქონდეს!“

არ შეიძლება „ოკუპაციის კანონის“ და პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გაუთვალისწინებლობა, რადგან ამან, ერთი მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის შიგნით პროტესტი და, მეორე მხრივ, უთანხმოება ჩვენს უახლოეს და სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა შენივე ქვეყნის მმართველი ძალა ქსენოფობიას გაბრალებს. ჩვენს ისტორიას ასეთი ბრალდება არ ახსოვს. ბრალდება ქვეყნის მიმართ, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შემწყნარებლობით და სტუმართმოყვარეობით გაითქვა სახელი. ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსულითაა დამტკიცებული, ქართველ და ებრაელთა 26-საუკუნოვანი თანაცხოვრებით, არამედ დღესაც, როცა ოკუპანტი ქვეყნიდან უსიტყვოდ მივიღეთ და ვაცხოვრებთ 80 000-მდე იმიგრანტს და მთელი ამ დროის განმავლობაში არცერთი სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა. ეს ბრალდება ასევე სახიფათოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ყველამ კარგად ვიცით და გვახსოვს, რომ რუსეთი მეზობლებზე თავდასხმებს რუსულენოვანი ხალხის დაცვით ამართლებს”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით.

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი.“ ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა რუსეთთან საქართველოს პოლიტიკაზე საუბრისას ბოდიში მოუხადა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლების, გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს და თქვა, რომ შეურაცხყოფა, რასაც ისინი გრძნობენ, მთელი ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია.

ღარიბაშვილი: საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მაისს კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ძირითადი დრო საქართველოს მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე საუბარს დაუთმო და თქვა, რომ ამით ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვან ზარალს ნახავს. მანვე უკრაინაში მიმდინარე ომსა და პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს, ორმხრივს“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე დასმული კითხვის პასუხად და დასძინა, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არავის დაუწესებია.

„მსოფლიოში არავინ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა არის ასეთი, სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?“, – თქვა მან და დასძინა, რომ „ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს კვლავ რუსეთს“.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, თქვენი ინფორმაციისთვის და დარბაზის ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაიხადა 2022 წლამდე, რუსეთს გადაუხადა, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა“.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მლრდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან“, მაშინ როდესაც „ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვვაჭრობთ. ეს სასაცილოა ხო? რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში 0.3%-ია ჩვენი წილი და ლოგიკა არ არსებობს“.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე დასმული კითხვის პასუხად პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან“ და „ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს“. „ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია არც ერთი სანქცირებული ავიახაზები არ იფრენს საქართველოში“, – ხაზი გაუსვა მან.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე საუბრისას, პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ძალიან რთული დროა ნამდვილად“ და რომ ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“. „ამიტომ, ეს ომი ყველას გვეხება“. მანვე აღნიშნა, რომ „20% უკრაინის ტერიტორიისა არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ“ და „ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო“. „რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მემგონი არც არავინ იცის“.

„მე ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა“, – განაცხადა მან.

ღარიბაშვილის განცხადებები ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა.

დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის თქმით, „საქართველოს სახელმწიფოს წარმოჩენა როგორც რუსეთის მოკავშირე, ეს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის არის კატასტროფა. ქვეყნის, რომელიც ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიისწრაფვის… ძალიან მძიმეა ეს გზავნილები“.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ „ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას… სამწუხაროდ, იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერმინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი… ფაქტობრივად, მან მხარი დაუჭირა რუსულ მოდელს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გადაწყვეტის… მან ერთი-ერთში გაიმეორა დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა… იმდენად შოკის მომგვრელი იყო მისი განცხადებები“.

პუტინი ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე ქართველების რეაქციით უკმაყოფილოა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, 26 მაისს რუსული რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის „სრული მოულოდნელობა იყო ის რეაქცია, რომელიც ამას [საქართველოში] მოჰყვა. მეგონა ყველა იტყოდა, აი, მადლობა, კარგია“. პუტინმა ეს განცხადება „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს ქართული წარმომავლობის წევრის, რომან ბოკერიას მიმართვის შემდეგ განაცხადა, რომელმაც მას ამ გადაწყეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

„იქ [საქართველოში] ამ საკითხზე რაღაც სრულიად გაუგებარი ალიაქოთი ატყდა. ძალიან უცნაურია, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი. გვერდიდან რომ ვუყურებ, ვფიქრობ, სულ გაგიჟდნენ, რა ხდება იქ, გაუგებარია“, – აღნიშნა მან და დასძინა: „მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის ნორმალურად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“.

ამის შემდეგ, ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი დგამს „შემხვედრ ნაბიჯებს“ და ამას მომავალშიც განაგრძობს, „იმის მიხედვით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ ჩვენს პარტნიორებს ამაზე“. „ის, რაც ხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რა გზას უნდა გაიაროს საქართველომ, როგორ განვითარდეს და ა.შ.“, – დასძინა მან.

რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამზე დასმული კითხვის პასუხად, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის ნორმალურად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები, დღეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს მოუწოდა, რომ ნუ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში.

„ჩვენ არ გვქონია, ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება. ჩვენი ძალიან დიდი დიასპორის წარმომადგენელები ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ „თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა“.

„ჩემი განცდა, ასეთია, რომ, ალბათ, რუსეთის პრეზიდენტი გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას“, – დასძინა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.