საპროტესტო ბანერების გამო პოლიციამ პარლამენტთან აქტივისტები დააკავა
პოლიციამ 2 ივნისს, გვიან ღამით, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი მომიტინგეები დაშალა და რამდენიმე მათგანი, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საპროტესტო ბანერების ქონის გამო დააკავა.
აქტივისტების მცირე ჯგუფი პარლამენტის წინ, წინასწარ პატიმრობაში მყოფი ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბა. ბექა გრიგორიადისი, რომელიც საკუთარი შვილის დაპატიმრებას აპროტესტებდა, წინა დღეს, პარლამენტთან კარვის გაშლის აღმართვის მცდელობის გამო დააკავეს.
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს როგორ უახლოვდება პოლიცია აქციის მონაწილეებს, რომელთაც ქაღალდის ბანერები უკავიათ, ართმევს მათ და რამდენიმე აქტივისტს აკავებს. თვითმხილველების მონაყოლით, ზოგიერთი ხელში ცარიელი ფურცლის ჭერის გამო დააკავეს. მათივე თქმით, რამდენიმე ადამიანი შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.
სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას გუშინ გვიან ღამითვე ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) და „სამართლანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) და აღნიშნეს, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქმედება გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევაა და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს“. ორგანიზაციამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ პოლიციამ კარვის გაშლის უფლება ასევე „უკანონოდ შეუზღუდა“ ბექა გრიგორიადისს. „შემაშფოთებლად მიგვაჩნია შსს-ს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების თვითნებური და კანონსაწინააღმდეგო დაკავების ტენდენციური ხასიათი“.
„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე“, – აღნიშნა 20-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცალკე გავრცელებულ გაცხადებაში.
განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის ოფისმაც და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს – „იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა“.
4 ივნისს, წინასწარი პატიმრობისთვის განკუთვნილი მაქსიმალური დროის, 48 სთ-ის გასვლის შემდეგ, წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან 2 ივნისის აქციაზე საპროტესტო ბანერების ჭერის გამო დაკავებული უფლებადამცველები და აქტივისტები გაათავისუფლეს.
ყველაზე ბოლოს იზოლატორები ეტაპობრივად საბა ბრაჭველმა, ედუარდ მარიკაშვილმა და ნიკა რომანაძემ დატოვეს. მანამდე, აქტივისტი ლაშა ჯანჯღავა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი,- ლევან ნიშნიანიძე გაათავისუფლეს. 2 ივნისს დაკავებულთა შორის იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, რომელიც ხელწერილის საფუძველზე დაკავებიდან მალევე გამოუშვეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, რომელიც სამართალდამცველებმა სუფთა ფურცლის ჭერის გამო დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ აღნიშნა, რომ მისი დაკავება, ისევე როგორც იზოლატორში 48 სთ-ით მოთავსება იყო „სრულიად უკანონო“. მისი თქმით, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ „ის ძალაუფლება, რომლითაც ისინი თამაშობენ და ისინი თამაშობენ ადამიანის თავისუფლებით, მინიჭებული აქვთ ხალხისგან“.
საქართველოში ესკორტით ჩეჩენი ბიზნესმენი იმყოფებოდა
სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ბათუმსა და კიდევ რამდენიმე ადგილას რუსული სარეგისტრაციო ნომრებით G-კლასის მერსედესის (Gelendvagen) მანქანების კოლონა დააფიქსირეს. ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის ინსტაგრამის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში, სულ ცოტა, ერთი ასეთი მანქანაა დაფიქსირებული იმავე სარეგისტრაციო ნომრებით.
არსებული ცნობებით, ახმეტხანოვი ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
არსებული ცნობებით, ახმეტხანოვი, რომელსაც ნავთობკომპანია და სამშენებლო ბიზნესი აქვს, 2020 წელს კადიროვმა საჯაროდ გალანძღა მას შემდეგ, რაც მან კარანტინის წესების დარღვევით დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება გამართა. მოგვიანებით, ახმეტხანოვმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა, რის შემდეგაც გაუჩინარდა.
ცოტა ხნის შემდეგ, იგი კვლავ გამოჩნდა ვიდეოში, სადაც ოჯახთან ერთად რამადანს აღნიშნავდა. ამ ფაქტის შემდეგ, მიიჩნევა, რომ იგი კადიროვის მფარველობის ქვეშ მოქმედებს.
5 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასლანბეკ ახმეტხანოვის გარეცმოვა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მაისიდან იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მანქანებს ნომრებით – A777AC77, C777CE77, A777AK77 – ათობით ვიდეო ჯარიმა გამოუწერა. ჯარიმები გამოწერა 22 მაისიდანაა დაწყებული და ბოლო მათგანი 3 ივნისით თარიღდება. ჯარიმები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია გამოწერილი, მათ შორის, თბილისში, გრიგოლეთში, ლანჩხუთში, ქუთაისში, ხაშურში და ასე შემდეგ.
ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს
ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მწერალი და სატირისტი ვიქტორ შენდეროვიჩი, გუშინ, 1 ივნისს საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ შენდეროვიჩმა Facebook-ზე თავად დაწერა და დასძინა, რომ ბათუმსა და თბილისში დაგეგმილი მისი ღონისძიებები აღარ ჩატარდება.
„დღესასწაული გადაიდო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმური ჯგუფის მიერ. საქართველო ჩემგან დაიცვეს. ყოჩაღ“, – აღნიშნა მან და დასძინა: „ივანიშვილის პირობებში საქართველო პუტინის პროვინციად დასახელებას ვერ გავრისკავ, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარებს, ასე არ არის?“.
შენდეროვიჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2006 წელს, გაგანია „სამარცხვინო“ ანტიქართული კამპანიის დროს, იგი ასობით სხვა მოქალაქესთან ერთად, მოსკოვში, პუშკინის მოედანზე საპროტესტო მიტინგზე სამკერდე ნიშნით გამოდიოდა, რომელსაც ეწერა – „მე ქართველი ვარ“. „როგორც უკვე {თბილისიდან} ჩემი დეპორტაციით ირკვევა, საკმარისად ქართველი არ ვარ“.უმსა და თბილისში დაგეგმილი მისი ღონისძიებები აღარ ჩატარდება.
შენდეროვიჩი, რომელიც ცნობილია კრემლის ღია კრიტიკითა და რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ გამოსვლებით, თელ-ავივიდან თბილისში ისრაელის პასპორტით მიემგზავრებოდა, თუმცა იგი საქართველოს საზღვირდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.
2 ივნისს თბილისში მისი სპექტაკლი – „ერთი შენდეროვიჩის თეატრი“ უნდა გამართულიყო, ხოლო 4 ივნისს ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებაში – „მესიჯები და დიალოგები“ – უნდა მიეღო მონაწილეობა.
შენდეროვიჩი რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის აქტიური წევრი და კრემლის ქმედებების ღია კრიტიკოსია, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის კონტექსტში. ომისადმი მისმა წინააღმდეგობამ ბევრის ყურადღება მიიპყრო. 2021 წლის დეკემბერში, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შენდოროვიჩი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, რომ 2022 წლის იანვარში ქვეყანა დაეტოვებინა.
პრეზიდენტი ევროპარლამენტში: ჩვენი ერთობლივი მიზანია, რომ მეორე შანსი ხელიდან არ გავუშვათ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, 31 მაისს ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. მან რიგი საკითხები მიმოიხილა, მათ შორის, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში, საქართველოს ევროპული იდენტობა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ასევე ომი უკრაინაში და რუსეთთან ურთიერთობები.
გამოსვლის დასაწყისში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველები ისტორიულ მონაკვეთზე იმყოფებიან, რადგანაც მათ სურთ „საქართველო დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს“ მრავალსაუკუნოვანი სწრაფვის შემდეგ. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, არამედ „მორალური რწმენის“ გამო.
„ჩემი, როგორც პრეზიდენტის მიზანია, საქართველომ გადალახოს გამოწვევები და კანდიდატის სტატუსის მიღებით მყარად დადგას ფეხი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამისათვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს: საქართველოსთვის წლის ბოლომდე ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიცემა“, – განაცხადა მან.
ამის შემდეგ, მან ტოლერანტობის, კანონის უზენაესობის, გენდერული თანასწორობისა და ადამიანის უფლებების ღირებულებები გაიხსენა, რომლებიც ფესვგადგმულია საქართველოს ლიტერატურასა და ტრადიციებში და ამის მაგალითად ბოლო წელიწადნახევრის საქართველოს მიერ 80 00 რუსის მასპინძლობა დაასახელა. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ „ამას თან უნდა სდევდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას გაღიზიანებასა და ესკალაციას“.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პრიორიტეტი სრულად ჩვენი კულტურის, ღირებულებების და ჩვენი მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. „თქვენი რეკომენდაციები ჩვენთვის უცხო არაა… რასაც თქვენ ჩვენგან ითხოვთ, არის ის, რომ საქართველო ჩვენი იდენტობის ერთგული დარჩეს. რასაც თქვენ გვირჩევთ, არის ის, რომ საქართველომ ტოტალიტარული წარსულის ნარჩენები აღმოფხვრას და ხელახლა გაერთიანდეს თავის თავთან და თავის ევროპულ საწყისებთან“, – აღნიშნა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ჩვენმა ქვეყანამ „ევროპული მომავლის დასაცავად დიდი საფასური გადაიხადა“ და არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველომ სისხლი დაღვარა იმისათვის, რომ საბჭოთა მმართველობისგან დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა და ის უფლება, რომ გამხდარიყო დემოკრატიული და თავისუფალი სამყაროსა და მის მიერვე არჩეული ალიანსების ნაწილი.
ევროკავშირისგან „ისტორიული გადაწყვეტილების“ მოლოდინის ფონზე სალომე ზურაბიშვილმა ევროპისადმი ქართველი ხალხის მადლიერება გამოხატა და ხაზი გაუსვა, რომ „სწორედ ევროპულმა დახმარებამ და ევროპულმა ბაზარმა შეუწყო ხელი ქართველების ცხოვრების დონის ზრდას“. „ამის გათვალისწინებით, როდესაც მესმის, რომ ჩვენ რუსეთს უნდა ვუმადლოდეთ ჩვენი ეკონომიკის დახმარებას – ვფიქრობ, ეს არამხოლოდ ამორალური, არამედ მტკნარი სიცრუეცაა“.
„ევროკავშირი სტაბილურობის გარანტორია. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ როცა რუსული ტანკები საქართველოში შემოვიდნენ, ჩვენმა პარტნიორებმა მოახდინეს პრევენცია, რათა უკვე დამდგარი ტრაგიკული შედეგი, კიდევ უფრო მძიმე არ ყოფილიყო’, – დასძინა მან.
სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ სრულმასშტაბიან ომზე საუბარს დაუთმო და თქვა, რომ ის, რასაც უკრაინამ 2022 წელს მიაღწია, არის ის, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ 1992 და 2008 წლებში და რასაც უკრაინამ 2014-2015 წლებში ვერ მიაღწია. „მიაღწია იმას, რომ მსოფლიოს თვალი აუხილა და დაანახა რუსეთის ნამდვილი სახე; დაანახა, რომ მითები რუსული დამცირებისა და რუსული დაუცველობის შესახებ სწორედ, რომ მითებია აგრესიისა და ომების გასამართლებლად. მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გაიაზროს, რომ მასაც აქვს საზღვრები“.