ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ
17 ივნისს პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებამ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ.
„ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში. საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრებ””, – წერს პარტიის წევრი ანა ყურაშვილი.
ხელისუფლების მხარდამჭერი მოძრაობა „აი იას” ლიდერი ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში თავდასხმა გამოეხმაურა.
„გორში „სმარტში” გაჩერდა, ერთი ქართველი კაცი მიუახლოვდა, თუ შეიძლება შუშას ჩაუწიე რაღაც მაქვს სათქმელიო… ჩამოწია გირჩმაც, იფიქრა მესალმებაო და ცვხირ-პირში მოხვდა, ეს იმისთვის ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას რომ შეურაცხყოფას აყენებო და წავიდა თავის გზაზე ის კარგი კაცი… ზურა დარჩა შარვალჩახდილი და მოუწია უკან თბილისში დაბრუნება”, – წერს შაქარიშვილი.
2017-21 წლებში შაქარაშვილი თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების წევრი იყო.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურა ჯაფარიძეზე თავდამსხმელი დაკავებულია. დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოქალაქე სოსო მაისურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.
იმავე დღეს, შაქარიშვილი და ხელისუფლების მხარდამჭერები ბორჯომში, ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს დაესხნენ თავს, სადაც ლექციის ჩატარებას ჯაფარიძე გეგმავდა. ხელისუფლების 50-ზე მეტი მხარდამჭერი სასტუმროსკენ ქვებს და წითელ საღებავს ისროდა.
ხელისუფლების მხარდამჭერების ქმედებები მკაცრად დაგმეს სახალხო დამცველმა, ოპოზიციის ლიდერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სტუდენტი აცხადებს, რომ თსუ-ში კობახიძის მხარდამჭერებმა სცემეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებმა იჩხუბეს. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურდათ საპროტესტო პლაკატები გაეშალათ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის მიმდინარეობის დროს.
„წინასააუდიტორე სივრცეში შევედით იმისთვის, რომ გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი, გამოვიდნენ მოძველბიჭო ელემენტები, “საქმეებს გვირჩევდნენ”, პლაკატები წაგვართვეს. 20-მდე კაცმა დაგვიწყო ცემა. კიბეებიდან დაგვაგორეს. ამ დროს დაცვა იქ არ იყო. მერე მოვიდა, როცა გვცემეს”, – იხსენებს ახალგაზრდა.
გავრცელებულ კადრებში ასახულია ფიზიკური დაპირისპირებისა და კიბეზე დაგორების ეპიზოდი.
მოგვიანებით, სტუდენტმა, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, განაცხადა, რომ საავადმყოფოში გამოუგზავნეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული იარაღიანი პირები, რომლებმაც სტუდენტს პირადი მონაცემები ჰკითხეს.
„საპროტესტო აქციას ვმართავდი და დამესივნენ კობახიძის ახალგაზრდული ფრთის და კობახიძის წარმომადგენლის ბავშვები. შეუძლოდ ვიგრძენი თავი იმიტომ, რომ თავში იყო ნარტყამი ბოთლები, წიხლები, მუშტები. გადმომიყვანეს საავადმყოფოში. მოდის ორი პიროვნება და ჩემს პირად მონაცემებს კითხულობს. ვკითხულობ, რომ ვინ ხართ, რას წარმოადგენთ, იმიტომ, რომ სამოქალაქო ფორმით არიან მოსულები, ვკითხულობ, ვინ ხართ, რას წარმოადგენთ და გარბიან. გამოვეკიდე, წამოდგომა მომიწია და იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია. ამ საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა და ახლა ამათ უნდათ, რომ ვენდო” – აცხადებს სტუდენტი.
ხეჩინაშვილის კლინიკაში იარაღიანი პირის გამოჩენაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
პირი, რომელსაც იარაღი ჰქონდა, პატრულმა ადგილიდან გაიყვანა. მედიაში გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ის სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული და იარაღს თვალსაჩინოდ, ბუდის გარეშე ატარებდა.
გაფიცული მაღაროელების საპროტესტო აქციები ჭიათურაში
ჭიათურაში ხელფასის 40%-ით გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ნეტგაზეთის ცნობით, დასაქმებულები ითხოვენ, რომ მათ ხელფასი მოპოვებული ნედლეულის ტონების მიხედვით გადაუხადონ.
გარდა ამისა, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების მოთხოვნაა: შრომის უსაფრთხოების დაცვა, აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება, სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა და ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.
დასაქმებულთა მოთხოვნებზე პასუხად „ჯორჯიან მანგანეზი“ ფეროშენადნობების ბაზარზე არსებულ კრიზისზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს კომპანიას პროდუქციის ექსპორტი არ განუხორციელებია.
როგორც კომპანია აცხადებს, დასაქმებულებს ხელფასს ბანკებიდან აღებული კრედიტებით უხდის.
კომპანიის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო, დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა.
15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებთან შესახვედრად ჩავიდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ის აქციის მონაწილეებს გაეცნო და უთხრა, რომ მზად არის ხელი შეუწყოს მედიაციის პროცესს, ერთი მხრივ, მათი პირობების გაუმჯობესებით და მეორე მხრივ, დამსაქმებლის ინტერესების გათვალისწინებით.
„გვექნება კავშირი თქვენს მედიატორთან და დამატებით მასთანაც გავარკვევთ, რა ეტაპზეა პირობების შეთანხმება. ყველა მიმართულებით ჩართული ვართ, რომ ეს სიტუაცია, რაც აქ არის, დარეგულირდეს და გადაწყდეს ისე, სადაც, ერთის მხრივ, თქვენი მოთხოვნები, მეორეს მხრივ, დამსაქმებლის ინტერესი იქნება გათვალისწინებული იმიტომ, რომ შეთანხმება ორმხრივ კომპრომისს ნიშნავს”, – მიმართა იოსელიანმა კარვებთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.