ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს თავს დაესხნენ
„ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.
მშვილდაძე ამბობს, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.
მშვილდაძის თქმით, თავდამსხმელმა მას უთხრა, „შენ პატრიარქს როგორ აგინებო“.
„უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია, თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.
შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები… ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი, „შენ პატრიარქს როგორ აგინებ“ თუ რაღაც მსგავსი“, – აცხადებს მშვილდაძე.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.
„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ, როგორც არსებით ნაბიჯს საქართველოში დეპოლარიზაციისკენ.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
„პირველ რიგში გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა. დავიწყებ იმით რაც მკითხეთ, პირველი შთაბეჭდილება – გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდი. მართალი გითხრათ, არ ველოდი გათავისუფლებას“, – აღნიშნა მან.
გვარამიას მიაჩნია, რომ ეს ზურაბიშვილს მისთვის არ გაუკეთებია და გადაწყვეტილება ქვეყნისთვის მიიღო. „თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად“, — აღნიშნა მან.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ისაუბრა წარსულში პრეზიდენტის მიმართ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებზეც და ბოდიში მოიხადა. “მე არ ვაპირებ, რომ გაჯიუტებული ვიყო ჩემს შეცდომაში. გულწრფელად გეტყვით, რომ ის ვიდეოები, რომელსაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ გამოიყენებენ ამ დღეების განმავლობაში მის წინააღმდეგ, მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა, მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას“.
გვარამიამ თქვა, რომ „არც პრეზიდენტი უნდა გაჯიუტდეს თავის შეცდომაში“ და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „კონსესუსის შენარჩუნების მიზნით“ ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, „რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა“.
„მოქმედი რედაქციით, დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს“.
ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.
100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს. ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება.
პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად”. – წერია განცხადებაში.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კოდექსის თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. ცვლილების ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები არიან.
მაღაროელებმა თბილისსა და ჭიათურაში პროტესტი შეწყვიტეს
მაღაროელებმა თბილისსა და ჭიათურაში პროტესტი შეწყვიტეს. მათი ცნობით, ჯორჯიან მანგანეზი პირველი ივლისიდან მუშაობას გააგრძელებს.
მაღაროელები ჯორჯიან მანგანეზთან ხელფასის 11.9%-იან მატებაზე შეთანხმდნენ და ასევე კომპანიისგან მიიღეს პირობა, რომ მოთხოვნების 14 პუნქტს შეასრულებენ.
ფეისბუქ გვერდზე „მაღაროელი“ გამოქვეყნებულ ვიდეოში, მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, რომ კომპანიასთან მოლაპარაკებების შემდეგ ფინანსურ საკითხებზე გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.
მისი თქმით, ზოგიერთი საკითხი მყისიერად გადაიჭრები, ნაწილი კი დროშია გაწერილი.
„ორდღიანი თათბირის და სჯა-ბაასის შემდეგ გადაწყდა, რომ ჯორჯიან მანგანეზი პირველი ივლისიდან განაახლებს მუშაობას. გარკვეული შეთანხმებები შედგა, კონკრეტულად ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით. არის საკითხები, რომლებიც მყისიერად იქნება გადაწყვეტილი, არის საკითხები რომლებიც დროში იქნება გაწელილი. ანგარიშვალდებულად მივიჩნევთ თავს, რომ ეს ყველაფერი თქვენ გაგაცნოთ“ – განაცხადა მიქაცაძემ.
მაღაროელები 18 დღეის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. მათი ნაწილი 12 დღე შიმშილობდა.
გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდა – ისინი პარლამენტის შენობასთან აქციებს მართავდნენ და ღამეს ათევდნენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და სოლიდარობა გამოხატეს.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვდნენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებული იყო.