უკრაინა საქართველოს ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათს აძლევს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს. შესაბამისი განცხადება ზელენსკის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა განცხადება სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვის შემდეგ გააკეთა.

როგორც ზელენსკის განცხადებაშია აღნიშნული, მან მიმართა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა უწყებამ შემდგომში საქართველოს ელჩი დაიბაროს და სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კიევის უკმაყოფილებაც დაუფიქსიროს.

“ზუსტად ახლა რუსეთი ქართული ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს შეაჩეროს ეს დაცინვა და მოვუწოდეთ, რომ მოხდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების შესახებ შეთანხმება.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

„დღეს მე დავავალე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუთქვან მას მკაფიო პროტესტი და შესთავაზონ დატოვოს უკრაინა 48 საათის განმავლობაში, რათა თბილისში კონსულტაციები გამართოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გადასცეს უკრაინას მისი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რათა მას ჩაუტარდეს საჭირო მკურნალობა და მიიღოს სათანადო მოვლა.” – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ივლისს „ღრმა შეშფოთება გამოხატა“ უკრაინის ხელისუფლების გადაწყევტილების გამო, კონსულტაციის მიზნით დროებით დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ეს ქმედება „დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას“ წარმოადგენს და „სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი ამ ნაბიჯს მიმართავს მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ“.

7 ივლისს, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია ილია დარჩიაშვილიც გამოეხმაურა: „უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების შეფასებისას, რომ ჩვენს ელჩს უკრაინის ტერიტორია დაატოვებინონ, რამდენიმე სიტყვას გამოვიყენებდი. ეს არის უსამართლო, უსაფუძვლო, არამეგობრული და არადიპლომატიური […] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩთან არანაირი კონსულტაციების გამართვას არ აპირებს”.

სააკაშვილის სასამართლოს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუც გამოეხმაურა. მან ტვიტერზე ღრმა შეშფოთება გამოხატა სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების გამო, რაზეც მიუთითებდა სასამართლოზე გადაღებული კადრები. სანდუმ საქართველოს ხელისუფლებას გადაუდებელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ესტონეთის პრემიერი: საქართველოს მთავრობას ნატოს წევრობის არ სჯერა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის თქმით, ევროპაში არსებული „რუხი ზონები“ კონფლიქტებისა და ომების წყაროა. ამ რეგიონების ნატოში გაწევრიანება გააქრობდა ასეთ ზონებს. ამის შესახებ კალასი ტალინში რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტს ესაუბრა.

კალასმა ერთ-ერთ ასეთ ზონად საქართველო დაასახელა. ამასთან, საქართველოზე საუბრისას მან თქვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თბილისისგან რეფორმების გატარებას მოელიან.

„რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის? ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უკრაინა იყო წლების წინ, როდესაც ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა, ასე რომ, ისინიც ფართოდ მიიჩნევენ საკუთარ მომავლად ევროპას [ევროკავშირს]. მაგრამ ეს ასევე მოითხოვს რეფორმებს მათი მხრიდან“, – თქვა კაია კალასმა.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ნატოსკენ მიმავალ გზაზე რატომ დაშორდნენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ, როგორც ჩანს, „საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა ამის [ნატოში გაწევრიანების] დიდად არ სჯერა“.

„ნატოს წევრობის რწმენას ვგულისხმობ. GLOBSEC-ის კონფერენციაზე [ბრატისლავა, 2023 წლის მაისი] საქართველოს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] ამბობდა, რომ ნატო არის დამნაშავე უკრაინის ომში. თუმცა ეს თავდაცვითი ალიანსია. ნატოს არაფერი გაუკეთებია. უკრაინას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მასზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება მოეხდინა. პრიგოჟინმაც კი თქვა, რომ ეს მცდარი ნარატივია, ის [ღარიბაშვილი] კი ისე მკაფიოდ ამბობდა ამას თავის გამოსვლაში, რომ იგრძნობოდა, რომ მათ ამის [ნატოს წევრობის] არ სჯერათ“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

8 ივლისს Tbilisi Pride Fest 2023 გაიმართება

8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023 გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თანასწორობისთვის, ხილვადობისთვის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის ბრძოლის ნაწილია.

„პრაიდის ფესტივალი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანებისა და თავისუფალი თვითგამოხატვის უნიკალური შესაძლებლობაა. ამოისუნთქე და დაისვენე უთანასწორო და უსამართლო გარემოსგან. ერთად გავატაროთ ფერადი, ბრჭყვიალა და დაუვიწყარი დრო Lisi Wonderland-ში”. – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Tbilisi Pride Fest 2023-ის ჩაშლის მცდელობებს ულტრამემარჯვენე მოძრაობა ალტ-ინფო აანონსებს. ალტ-ინფოს ლიდერმა კოკა მორგოშიამ განაცხადა, რომ 8 ივლისი 2021 წლის 5 ივლისს “დადგმულ კუბოზე” ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება.

„8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს, პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება”.-ამბობს მორგოშია.

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს ხელი არ შეუშალა.

7 ივლისს Tbilisi Pride-მა ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა. ორგანიზაციის განმარტებით, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ე.წ. გეი აღლუმი ტარდება.

Tbilisi Pride განმარტავს, რომ დაგეგმილი არ არის ქუჩის მსვლელობა და ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება.

პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. შსს-ს თანახმად, ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, „პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას“.

შსს მოუწოდებს „პრაიდის ფესტივალის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პ

პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.