50-მდე ევროპარლამენტარი ხელისუფლებისგან სააკაშვილის სამკრუნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს

50-მდე ევროპარლამენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ.

Netgazeti-ს ცნობით, წერილის ადრესატები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ავტორებს შორის არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუშტრევიჩუსი, რაფაელ გლუკსმანი, მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარიამ ლექსმანი და ა.შ.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ შეშფოთებულნი არიან მიხეილ სააკაშვილის ვიზუალური მდგომარეობის გამო, რომელიც იხილეს სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოდან ჩართვისას. მათი თქმით, ეს ვიზუალური მდგომარეობა ცალსახად ასახავს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ და მკვეთრ გაუარესებას.

„ცხადია, რომ სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია, რასაც პოტენციურად საშინელი შედეგები და სიცოცხლის დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს“, — წერენ ევროპარლამენტარები წერილში, რომელიც 12 ივლისით არის დათარიღებული.

ევროპარლამენტარების თქმით, მათ მტკიცედ სჯერათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი სამედიცინო ჩარევები არ უზრუნველყოფს და არ ეხმარება მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფო ზომებია მისაღები მანამ, სანამ ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.

აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიმართოს „მორალურად გამართულ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას“: „გადაიყვანეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს აუცილებელი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებას“.

პრემიერი: უკრაინამ რუსეთი თუ დაამარცხა, NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს ვილნიუსის სამიტსა და უკრაინისთვის სამიტზე მიღებულ გზავნილებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში „გაუბედურებული ოპოზიციის ტელევიზიებში“ გასული სიუჟეტები სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არასწორედ წარმოაჩენდნენ. იგი აღნიშნავს: „თქვენ იცით, რომ… თავიდან სურათი წარმოაჩინეს, [რომ] რაღაც სასწაული მოხდა ნატოს სამიტზე… უკრაინამ დეოკუპაციაც მოახდინა უკვე, გაიმარჯვა, სასწაული მოხდა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა“.

მისი თქმით, რეალურად სიტუაცია სრულია განსხვავებულია.

„რა მოხდა რეალურად? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. კითხვა მაქვს, თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ, მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა?! NATO არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის NATO. სხვა უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა. მაგრამ ასევე მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, რომ გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო“. – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ოპოზიციამ ღარიბაშვილი ნატოს და ზოგადად, დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა.

Tbilisi Pride Fest 2023 ჩაიშალა

8 ივლისს თბილისში Tbilisi Pride Fest 2023 უნდა ჩატარებულიყო. ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები თბილისში შეიკრიბნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილისკენ გაემართნენ.

Tbilisi Pride-მა გაავრცელა ინფორმაცია , რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ, რადგან სამართალდამცველებმა „ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს“.

ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლისას, აგრესიულ ჯგუფებს პოლიციის წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრიათ. 

„დღეს განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს შორის“ – წერს Tbilisi Pride კვირეულის დასკვნითი ღონისძიების, PRIDE FEST-ის ჩაშლასა და მონაწილეების ევაკუაციაზე.

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, „მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის.“ მისი თქმით, „ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული“.

ფესტივალის ჩაშლას კრიტიკულად გამოეხმაურენ დიპლომატიური მისიების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეფასებით, Tbilisi Pride Fest 2023-ის ჩაშლის შედეგად საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ თავს ყველა უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ. მის საპასუოდ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით შეკვეთების მიცემა ელჩის საქმე არაა.

„სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, ასევე დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ“. – აღნიშნა მან.

„შეძრწუნებული ვარ, რომ მზადებისა და პრევენციული ზომების მიუხედავად, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი უზრუნველყოს, ვინც აგრესიული გზით მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას ხელი შეუშალა“. – თქვა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა.

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: „ამ ქვეყანაში პოლიცია იცავს ივანიშვილს, მის ძალაუფლებასა და ქვეყნის განვითარების ვექტორის მცოცავ ცვლილებას რუსეთისკენ. ამ ქვეყანაში ოცნება აერთიანებს სუს-ს, პოლიციას, მურუსიძის სასამართლოს, საპატრიარქოს მრევლს, კრიმინალურ სამყაროს, რომლებშიც გადაზელილია ის ორკების არმია, რომელიც დღეს ვიხილეთ. ამ ხალხზე დგას დღეს აქ რუსეთიც, ბიძინაც და მისი ნებისმიერი მონაც. არავინ მათ არ მოექცევა ისე, როგორც ექცევიან იმ ხალხს, ვინც რუსეთს/ბიძინას ებრძვის“.

პარტია სტრატეგია აღმაშენებელმა განაცხადა, რომ ძალადობა ქართული ოცნების მიერ იყო ორგანიზებული და წაქეზებული.

„ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ. არა ძალადობას, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“. – წერია პარტიის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.