15 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან
7 აგვისტოს 15 წელიწადი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან. კონფლიქტმა ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათიათასობით ადამიანს კი საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.
ომის მიმდინარეობისას რუსეთის ფედერაცია შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. შედეგად 30 000 ადამიანზე მეტი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა, მათ შორის მიზანმიმართულად განადგურდა მათი საცხოვრებლები, შედეგად ისინი ამ დრომდე ვერ ახერხებენ შინ დაბრუნებას.
მიუხედავად იმისა, რომ 15 წელი გავიდა, ომის ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელია. ომის შედეგად საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 20% რჩება რუსული ოკუპაციის ქვეშ. ოკუპაციის თანმდევია ადამიანის უფლებათა სისტემატური შელახვა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა.
გვახსოვს რა აღნიშნული კონფლიქტის მსხვერპლთა დანაკლისი და დანაკარგი, მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უზრუნველყოფის მიზნით საქართველო მოელის სამართლიანობის აღდგენას და იმ ადამიანთა სახლებში დაბრუნებას, რომლებიც ესოდენ დაზარალდნენ ისტორიის ამ ტრაგიკულ მონაკვეთში.
მეწყერი რაჭაში – დაიღუპა 21 ადამიანი, დაკარგულთა ძებნა გრძელდება
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყერი ჩამოწვა. “საქართველოს ამბები” ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მთის დიდი ნაწილი მოწყდა და შოვში კოტეჯები და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად მოწყვიტა, გაანადგურა ან დააზიანა. შოვამდე მისასვლელი საავტომობილო გზაც ღვარცოფმა წაიღო.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში შუადღიდან ჩაერთნენ შვეულმფრენები და მაშველები. ვერტმფრენებმა მუშაობა დაღამებისას შეწყვიტეს.
შოვში, იმ ტერიტორიასთან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, სოფლის მცხოვრებლები და დაკარგული ადამიანების ნათესავები შეიკრიბნენ და ძებნის სამუშაოებში ჩართვა მოითხოვეს, თუმცა მათ ამაზე უარი უთხრეს.
4 აგვისტოს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, გუშინ და დღეს მშვიდობიან ადგილზე ვერტმფრენის საშუალებით 210 ადამიანის გადაყვანა მოხერხდა.
იმავე დღეს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რა მოხდა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში.
გაფრინდაშვილის თქმით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, შოვის ტერიტორიაზე, „ადგილი ჰქონდა, გეოლოგიური და ჰიდრო-მეტეოროლოგიური მოვლენების თანხვედრას, ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ლოკაციაზე“. მისი სიტყვებით, „დასავლეთ საქართველოში — არამარტო ამ ხეობაში — მსგავს სტიქიას ადგილი არასოდეს არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი (ხახიეთი) ჩაიმარხა“.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მწუხარება გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს მიუსამძმრა.
„სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.“ – აღნიშნა მან.
ონში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, შოვის სტიქიის გამო ორშაბათი გლოვის დღედ გამოცხადდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის რაჭის რეგიონში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ევროკავშირის, აშშ-ის, თურქეთის, შვედეთის, უკრაინის, წმინდა საყდრის და სამხრეთ კავკასიაში ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე, დანიის ისრაელისა და გერმანიის ელჩები საქართველოში.
ბოლო ცნობებით, სტიქიური უბედურების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა [9 აგვისტო, 14:30 საათის მონაცემებით]. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 12 ადამიანს ეძებენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთს ეწვია
27 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. მას ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.
28 ივლისს ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერს ლი ციანგს და „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის” პრეზიდენტს ძინ ლიქუნს შეხვდა. ის ასევე ეწვია Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს და პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
„საქართველო უაღრესად აფასებს ჩინეთის უმნიშვნელოვანეს როლს გლობალურ ეკონომიკაში და მის მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიოს ქვეყნების განვითარებასა და პროგრესში. ჩინეთის დინამიურმა ზრდამ, ინოვაციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობისადმი ერთგულებამ ის აქცია ძირითად პარტნიორად გლობალური გამოწვევების გადაჭრისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტ სის გლობალურ ინიციატივებს, როგორებიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა.“ – თქვა საქართველოს პრემიერმა.
მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს და ორმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება და სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის, ლი ციანგის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის საიმედო სავაჭრო პარტნიორია და საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მე-3 ადგილზეა. მხარეებმა განიხილეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული შედეგები, რამაც 2022 წელს 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ტრანსკასპიური და სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გავლით, საქართველო ჩინეთს ევროპასთან უმოკლეს დროში აკავშირებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში რეგიონული ინიციატივები, რომლებიც „გაზრდის სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესაძლებლობას, გახდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი“.
ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები ჩინეთში ღარიბაშვილის ვიზიტს კრიტიკულად აფასებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტი და ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დაწეყება კრიტიკულად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორებმა და საქართველოში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
„მაშინ, როცა ყველა დანარჩენი ცდილობს ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო სხვა გზას ირჩევს. რუსეთის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება ჩინეთთან, ეს ყველაფერი ჰგავს სწორ მიმართულებას ევროპისკენ (ეს ირონიით).“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის საქმეა, რა სახის ურთიერთობა სურს ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა ზურგს აქცევს ერთი სარტყლის და გზის ინიციატივას, ეს მას შემდეგ ხდება, რაც რამდენიმეწლიანი დაკვირვების შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არც ისეთი სასარგებლო იყო მათი ქვეყნებისთვის. თუ საქართველო გადაწყვეტს, რომ ეს ინიციატივა გამოიყენოს, იმედს ვიტოვებ, რომ ეს კარგ შედეგებამდე მიიყვანს.“ – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.
“პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს” – ასე გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთში ვიზიტს.
საქართველოს პრემიერის ჩინეთში ვიზიტი ოპოზიციის წარმოამდგენლებმაც შეაფასეს.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ილუზია, რომ ჩინეთთან კავშირები რუსეთის აგრესიისგან დაგვიცავს, ან თავის მოტყუებაა ან საზოგადოების ნაწილის მოტყუების უსინდისო მცდელობა. ტექსტი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველომ, პირდაპირ არის ის, რითიც ჩინეთი ამართლებდა და ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, თითქოს საერთო უსაფრთხოების წუხილები არსებობს და რუსეთს აქვს უფლება, სხვა ქვეყანას თავს დაესხას, თუ წუხილები გაუჩნდა. ეს პოტენციურად გამართლებაა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის“.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ “საქართველოს ძალიან დიდი პრივილეგია აქვს, რომ ვაჭრობის თავისუფალი შეთანხმება ჩინეთთანაც აქვს და ევროკავშირთანაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება. პირველი არის ის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა შემთხვევით ხომ არ დააზიანებს ჩვენს ურთიერთობებს უკვე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებთან – ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, რომლებთანაც ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობები კონსტიტუციით გვაქვს განმტკიცებული“.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა თამაზ დათუნაშვილმა თქვა, რომ “ეს არის ისევ საბოტაჟის მცდელობა ევროკავშირის კანდიდატის წევრობის და საბოტაჟი ჩვენი დასავლეთის კურსის… შეუძლებელია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა იმ ვითარებაში, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე… ჩინეთი არის მთავარი დამფინანსებელი რუსეთის ომის, რუსეთის სანქცირებას ერთ-ერთი ჩინეთი უშლის.”
ბათუმში რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
31 ივლისში მოქალაქეები ბათუმის პორტში შეიკრიბენნ და რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.
გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. დილის 9 საათის მდგომარეობით, გემიდან ხმელეთზე არავინ ჩამოსულა.
საკრუიზო გემზე იმყოფებოდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობდნენ.
არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პროპაგანდისტულ მარათონში „Zа Россию“, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა.
საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შემოსვლამდე მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა. წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით აქციის 5 მონაწილე დააკავეს. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შემოვიდა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აქცია პროვოკაციად შეაფასეს.
„ვინც შემოდის მანქანით, თვითმფრინავითა და გემით, ეს იქნება რუსეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, განსხვავება რა არის, ეს უნდა ახსნან. იმიტომ, რომ როდესაც შენ მიზეზზე ხარ, რომ როგორმე აქ პროვოკაცია მოაწყო, ეს მარტივად გასაშიფრია.“ – თქვა გურამ მაჭარაშვილმა, ხელისუფლების მიერ კონტროლირებული „ხალხის ძალის“ დეპუტატმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა: „დღეს სამშობლოს რა აქვს დასაცავი იმ კონკრეტული ხომალდისგან, რომელიც ბათუმში შემოვიდა? […] ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ფარისევლობა […] ჩამოვიდნენ, თანხები დახარჯონ. ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის. რეალურად, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს პროტესტი მიმართულია ისევ და ისევ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ“.