„ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“ – ღარიბაშვილი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავზე იმეორებს, რომ რუსეთთან ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. გმირთა მემორიალს გვირგვინით შემკობის შემდეგ მან წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა.
„ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ვიცი რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორც ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მას ჟურნალისტმა დაუსვა დამაზუსტებელი კითხვა, როგორ შეიძლებოდა ომის თავიდან არიდება, რასაც პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა: „ძალიან გთხოვთ, ნუ მაწყვეტინებთ. თუ არ მისმენთ, მიბრძანდით აქედან, რომ აღარ შემაწყვეტინოთ“.
„ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და ჩვენს მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი. გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო, წაქცეული, გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა და ნახა მთელმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ“. – დასძინა მან.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები“.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე განცხადებები ოპოზიციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს.
„პუტინის რუსეთმა ტანკებით, ომით, იარაღით რაც ვერ შეძლო, ჩვენდა სამწუხაროდ, 15 წლის თავზე მიღწეული აქვს ბიძინა ივანიშვილის და რუსული ხელისუფლების ხელით და ეს არის ძალიან მძიმე“. – თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
„ეს საკვანძო საკითხი იყო ჩვენი მტრის პროპაგანდის, რომ ნაწილობრივ მაინც საქართველოსთვის დაებრალებინა ის, რაც მოხდა 2008 წელს აგვისტოში და ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რეჟიმი, რომელიც ამ საკითხშიც და უფრო ფართო კონტექსტშიც მთლიანად ჩვენი მტრის პროპაგანდის ნაწილი გახდა და თანაზიარი გახდა ამისი და ამაში ხედავს ძალაუფლების შენარჩუნების რეცეპტს თავისთვის, ეს არის ჩვენი სირცხვილი“. – აღნიშნა პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ.
„დღეს შესრულდა 15 წელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აქტიური სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან საქართველოში, რომელსაც მოჰყვა უამრავი მსხვერპლი. ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%. დღესაც ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დღესაც ჩვენი თანამოქალაქეები ვერ ახერხებენ დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრისებს. მაგრამ ეს უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მშვიდობიანი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით“. – თქვა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
დავითაშვილი: რა სისტემებიც არ უნდა გვქონდეს, მსგავსი ტიპის ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა
ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა. დავითაშვილის თქმით, საქართველოს რა სისტემებიც არ უნდა ჰქონდეს, მსგავსი ტიპის ტრაგედია მაინც გარდაუვალი იქნებოდა.
„ქვეყანას უსაფრთხოების რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცეების პრევენცია, თავიდან არიდება, ალბათ, შეუძლებელია ხოლმე. ასეთი რამ ხდება არა მხოლოდ საქართველოში, ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, მთლიანად ქვეყნები არიან უძლურნი სტიქიური უბედურებების პრევენციისა და აღკვეთის წინაშე. მას შემდეგ, რაც დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიურ საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ რა სისტემებიც არ უნდა გვქონდეს, გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინ არ არის […] სამწუხაროდ, რაც არ უნდა გაკეთდეს, შეიძლება უსუსურები ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და სპეკულირება ასეთი თემებით ყოვლად ამორალურია“. – თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ლევან დავითაშვილმა 2018 წელს, ჭუბერის ხეობაში მომხდარი სტიქიის დროს თქვა: „2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება. მნიშვნლოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა, ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“.
2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. შოვში ამ დროისთვის 24 ცხედარია ნაპოვნი. ბოლო მონაცემებით, კიდევ 9 ადამიანს ეძებენ.
სასამართლომ რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 20 პირი სამართალდამრღვევად ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულთა საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
მოსამართლემ, ჯამში, 23 პირის საქმე განიხილა, 20 პირი სამართალდარღვევად ცნო და დაკავებული აქციის მონაწილეები, 2000-2500 და 3500 ლარით დააჯარიმა. ერთი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, კიდევ ერთ დაკავებულს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო ერთის სასამართლო პროცესი სექტემბერში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ აქციაზე დაკავებულთა შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ლევან ანთაძის შვილი იყო, მის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე სხდომას სექტემბერში გამართავს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დაჯარიმებულთა შორის არის უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანიც, რომელსაც 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ „უმიზეზოდ და ახსნა-განმარტების გარეშე“ დააკავეს.
ჩობანიანი დაკავებულთა იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც წინა დღეების განმავლობაში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობდა, რაც, დაკავებულთა თქმით, როგორც დაკავებისას, ასევე, დაკავების შემდგომაც გაგრძელდა.
ამასთან, რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ აქციაში დაკავებული პირები აცხადებდნენ, რომ დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ისინი ამბობდნენ, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს.
რუსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში 31 ივლისს, შუაღამისას მას შემდეგ დაიწყო , რაც იქ პოლიციამ გემის შემოსვლამდე ბარიკადები აღმართა. პროტესტი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა და პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.