შოვის ტრაგედიაზე ირაკლი კობახიძის განცხადებამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია
ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევია, რადგან, მისი განცხადებით, იმ ადგილზე ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
ჯელაძემ Facebook-ზე სტიქიის ზონიდან ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ მან და მისმა დისშვილმა, მაშომ გზა ერთი ნაპირიდან მეორემდე ერთად გაიარეს.
„ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა რატომ იყო საჭირო, ეს არ ვიცი, იმიტომ, რომ უფრო უსაფრთხო იმ ნაპირზე დარჩენა იყო. ჩვენ იმავე ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, ეს ყველაფერი გადასამოწმებელია. კიდეებში ღვარცოფული მასის სიმაღლე დაბალი იყო და იქიდან გამოსვლა შესაძლებელი იყო. მაგრამ, დიდ მასაში მოყოლილი ადამიანების გამოსვლა შეუძლებელი იყო. ამ ფოტოს დეტალები გასარკვევია“. – ამბობს კობახიძე.
ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია.
„იყო სპეკულაციები და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, თითქოს, ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ღვარცოფს ებრძოდა. ეს წარმოუდგენელი ტყუილია. უბრალოდ შეუძლებელია, რომ იქ პროცესები ასე განვითარებულიყო. სტიქია მყისიერი იყო და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც ღვარცოფული მასა მიწვდა, გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ. იმაზე საუბარი, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ ცარიელი ტყუილია“. – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის მოსაზრება გაიზიარა ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემაც. იგი აცხადებს: „თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, აი ამ ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი უბრალოდ, შეიძლება რამე კონკრეტული მიზეზი კიდევაც არსებობს“.
„დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა. ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე, არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ…” – განაცხადა სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ.
შოვში მომხდარი სტიქიისას მეწყერში მოყოლილმა მარიამ ბერიანიძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას უპასუხა, რომელშიც პოლიტიკოსმა სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს სამი საათი ებრძოდა.
„გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე… ტალღა რომელმაც დაგვარტყა 20-სანტიმეტრიანი კი არა, 3-მეტრიანი იყო. ამ ტალღამ კიდევ რამდენიმე მეტრი გვათრია. ტალახის კიდეზე კი არა მეწყერის შუაგულში ვიყავით 3 საათი!.. 3 საათი ვითხოვდით შველას, ვიფლობოდით მეწყერის 4 მეტრამდე ტალახში და განწირულები ვითხოვდით შველას. იქნებ, 112 ის ჩანაწერები მაინც შეამოწმოთ ჩვენი თუ არ გჯერათ… ჩვენ გადაგვიარა მეწყერმა და გადავრჩით, თურმე შესაძლებელი ყოფილა გადარჩენაც მაგრამ ამის აღიარება – არა“, – წერს 3 აგვისტოს ღვარცოფში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ფეისბუკში.
კობახიძის განცხადებამ საზოგადოების, პოლიტიკოსების და სტიქიით დაზარალებულების აღშფოთება გამოიწვია.
მოგვიანებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სინანული გამოხატა იმის გამო, რომ „გული ატკინა დათო ჯელაძეს, შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს“. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტელეფონით ესაუბრა და შემდეგ ჯელაძეს შეხვდა.
ოპოზიცია ვახტანგ გომელაურს შოვის სტიქიაზე სასაუბროდ პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს
ყველაზე დიდი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იბარებს . ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ინტერპელაციის წესით ვითხოვთ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსვლას საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უკვე პარლამენტს, რომელიც, შესაბამისად, ვალდებულია გადასცეს აღნიშნული კითხვები უწყებას, კონკრეტული კითხვებით“, – თქვა მან.
ფრაქციას აინტერესებს:
- “რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ აღნიშნულზე დაპირებას მრავალი წლის მანძილზე?”
- “რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი?”
- “რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნების დახმარება?”
- “რა მდგომარეობაშია სამაშველო აღჭურვილობა?”
ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეაც, თუმცა ამისთვის მას სჭირდება, ჯამში, 50 დეპუტატის ხმა, რისი მოგროვებაც შეუძლებელია სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების გარეშე.
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი, 7-ს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს.
„არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ. თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება უბრალოდ“, – თქვა მინისტრმა.
აშშ-ის ელჩი: 30 წელზე მეტია საქართველოსთან ერთად ვართ და არსად წასვლას ვაპირებთ
აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელსაც ამ პოსტზე თავისი საქმიანობის ვადა ეწურება, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ.
„ისინი [ხალხი] მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ, როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა თავის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან… აქ ვართ, საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის“, – ამბობს ელჩი.
საქართველოში საქმიანობის განმავლობაში კელი დეგნანი, აშშ-ს სხვა ელჩებთან შედარებით, ყველაზე ხშირად გამხდარა პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი. რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა, რა იყო, მისი შეფასებით, ამის მიზეზი.
„პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან – მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო – მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ სხვადასხვა დროს, იქნებოდა ეს 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ [The Killers-ის] კონცერტზე. სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს…
მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად – როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც“, – თქვა ელჩმა.