სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ყირიმის პლატფორმის სამიტს დისტანციურად მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა:

„დღეს სამიტი კიდევ ერთხელ იკრიბება უკრაინის 18-თვიანი წინააღმდეგობის ფონზე, რუსეთის ბოლო სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. ეს ომი რუსეთის იმ უცვლელი მცდელობების გაგრძელებაა, რომელიც მეზობლების გაყოფის, ოკუპაციის, დაპყრობის, მუქარებისა და იმპერიული ძალების ისტორიულ რეალობას შეესაბამება.

ის, რაც დღევანდელ ევროპაში კანონით აკრძალული უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად ჩნდება და ამ ბარბაროსული ანაქრონიზმის წინააღმდეგ უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

ამ ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა რეგიონის გლობალური მნიშვნელობა – გააძლიერა არგუმენტი, რომ შავი ზღვა ნამდვილად ევროპული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია – ზღვა, რომელიც არ შეიძლება დაექვემდებაროს იმ ძალას, რომელიც მზადაა, საკუთარი მილიტარისტული ამბიციების გამო საზღვაო უსაფრთხოება, თავისუფალი ტრანზიტი და სურსათის გლობალური მიწოდება შეაფერხოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია, თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე – ლისაბონიდან თბილისამდე. ზურაბიშვილის თქმით, ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპირობაა, რომელიც რუსეთს უარს ათქმევინებს იმპერიულ ქცევაზე, რაც ერთადერთი სტაბილური საფუძველი იქნება ახალი და ჯანსაღი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის:

„ვინაიდან უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას გააგრძელებს, რასაც 2022 წლის თებერვლიდან აკეთებს.ეს ერთიანობა და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის და არანაკლებ გადამწყვეტია საქართველოსა და მოლდოვის მომავალი უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა ხალხმა, ზეწოლის, მუქარისა და მრავალმხრივი პროვოკაციების ახალი ტალღის ფონზე (რაც ჰიბრიდულ ომს უტოლდება), აჩვენა თავისი მკაფიო გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და დარჩეს თავისი ერთადერთი პერსპექტივის ერთგული“. – თქვა მან.

მედვედევი ოკუპირებული რეგიონების რუსეთთან მიერთებით იმუქრება 

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ასევე 2008 წლის ომზე ისაუბრა.

მედვედევის პროპაგანდა საქართველოში ომთან დაკავშირებით მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს ემთხვევა. კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ომი არ იქნებოდა “რომ არა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები”.

„2008 წელს ჩვენ შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას.

ისევ მიდის საუბარი საქართველოს NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო…. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს.

15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და დანაშაული ქმედებები. ოდიოზური სააკაშვილის რეჟიმმა მიიღო მკაცრი და სწრაფი პასუხი. მშვიდობა დამყარდა 2 მოძმე რესპუბლიკაში, სადაც ჩვენი ქვეყნის ათასობით მოქალაქე ცხოვრობდა“, – თქვა მედვედევმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დმიტრი მედვედევის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მედვედევის განცხადება წარმოადგენს „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გარძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის  მორიგ მცდელობას“. სამინისტრომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას „პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა  და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“.

26 აგვისტოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავი აღნიშნეს. ცხინვალში განაცხადეს, რომ, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 20-ზე მეტი ოფიციალური დელეგაცია უკვე ჩავიდა. ჩამონათვალში დასახელებულია რუსეთის დუმა, ფედერაციის საბჭო, ნიკარაგუა, დნესტრისპირეთი [მოლდოვის ოკუპირებული რეგიონი], აფხაზეთი, ჩრდილოეთი ოსეთი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა [უკრაინის ოკუპირებული ტერიტორია], ყირიმი [უკრაინის ანექსირებული ნახევარკუნძული], ყაბარდო-ბალყარეთი და სხვა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად სოხუმში ჩავიდნენ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ კოსაჩევი და თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის პირველი მოადგილე, ვლადიმირ ჩიჟოვი. 25 აგვისტოს რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს, შეხვდა.  

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე განსხვავებულად მიულოცეს 

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე განსხვავებულად მიულოცეს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 აგვისტოს ტვიტერზე დაწერა: „გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!“

განსხვავებული იყო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა.

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდითაა. ამ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს სურს თქვენთან ერთად იზეიმოს დამოუკიდებლობის დღე, რისთვისაც იბრძვით ასე მამაცურად წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს, ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე“, – თქვა მან.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე თბილისის მერმა კახა კალაძემაც მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენს მეგობარ უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი. უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას“, – წერს კახა კალაძე ტვიტერზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი ასეთი განცხადება გამოაქვეყნა: „საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. უკრაინის ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზგოადოებამ ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები გააკრიტიკეს, რადგან მართ უკრაინას გამარჯვება არ უსურვეს და აქცენტი მშვიდობაზე გააკეთეს

კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის წინააღმდეგ

ქართული ოცნება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში“.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის “სისრულეში მოყვანა შეუძლებელია”, თუმცა, “ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს”. ქართული ოცნების თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები უახლოეს დღეებში შეგროვდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგინება შევა.

„საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და დღეს ჩვენ არაერთელ აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა, შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მას აღსრულების პერსპექტივა არ აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. 

უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუვიის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასცა ჩვენ ვერ დავუშვებთ.

გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს ინტერესების, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული“ – თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულიაკანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი სტატუსის მიღებას უკავშირდება. კერძოდ, მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს.

ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით, დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.