„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
1 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა იწყება.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. შესაბამისად, კონსტიტუციის ტექსტი მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის მინიმალურ სივრცესაც კი არ ტოვებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება.
„მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ, მისი აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი.” – აღნიშნა მან.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ არ დაუჭერენ მხარს მმართველი პარტიის ინიციატივას სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე და ამბობენ, რომ თუ ვინმეს ლუსტრაცია მოხდება იმპიჩმენტის წამოწყების პროცესით, ეს „ქართული ოცნება“ იქნება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ თავის მიერ არჩეულ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უპირებს მხოლოდ იმის გამო, რომ მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა.
იმპიჩმენტს მხარს მთავარი ოპოზიციური ძალაც არ დაუჭერს. პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმპიჩმენტის საკითხი არის ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის ბინძური თამაში და მათ არ აინტერესებთ ეს საკითხი.
პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. გახარიამ მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ქართულ ოცნებას იმპიჩმენტისთვის საკმარისი 100 ხმა არ აქვს.
ქართული ოცნების ინიციატივა მკაცრად გააკერიტიკეს ევროპელმა პარტნიორებმა.
„შოკირებული ვარ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო“. – წერს ტვიტერზე ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა. მისი თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი სურს, იგი უნდა მიესალმებოდეს ამ მოლაპარაკებების და არ ეშინოდეს მათი შედეგის.
„ქართული ოცნება” ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს”, – წერს ტვიტერზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როტი. როტმა დასძინა რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას არა პრეზიდენტი არამედ მისი იმპიჩმენტის მცდელობა და ქართული ოცნების მიერ “საქართველოს ორბანიზაცია” ემუქრება.
სალომე ზურაბიშვილი ევროპაში შეხვედრებს მართავს
31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები სწორედ გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს უარი როგორც გერმანიაში, ისე უკრაინაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიაში, დანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბულგარეთში, ჩეხეთსა და ისრაელში დაგეგმილ ვიზიტებზე უთხრა.
1 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
ზურაბიშვილთან შეხვედრას შარლ მიშელი ტვიტერზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა მიშელი იმ ვალდებულებებს იხსენებს, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს: „საჭიროა შემდგომი რეფორმები – მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება“.
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დაემშვიდობა
საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანი 29აგვისტოს გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა.
„ჩემს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს, საქართველოში სამწელიწადნახევრის წინ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოვედი, რომ აქ აშშ-ის ელჩის რანგში ამერიკელი ხალხის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. საქართველო არის ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე იწრთობოდა. ეს არის ტრადიციებზე მდგომი უნიკალური კულტურის ქვეყანა, სულშიჩამწვდომი პოლიფონიით, ანბანის ნატიფი მონასმებითა და ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პროზითა და პოეზიით განთქმული. ეს არის ძლევამოსილი მდინარეების, თვალუწვდენელი ზურმუხტისფერი ველების, ჭალების, ტყეებისა და დამატყვევებელი მთის მწვერვალების ქვეყანა.
აქ ყოფნისას ვისწავლე, რომ ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა.
შთაგონებული ვარ შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობის პატივიც მხვდა წილად. ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში, რომ გაცოცხლებულიყო პრინციპები, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება დღეს თუ ასზე მეტი წლის წინ: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
„ძალა ერთობაშია” – მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის!“ – წერს ის.
აშშ-ს ელჩის პოზიციაზე კელი დეგნანს რობინ დანიგანი შეცვლის. სენატმა ის თანამდებობაზე 27 ივლისს დაამტკიცა.