აშშ-მა ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერ ალექსანდრ ონიშჩენკოს.
ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ონიშჩენკო „თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში“ დაეხმარა.
„ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით“. – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა.
ამავე ინფორმაციით, ფარცხალაძე საკონსულტაციო კომპანიებში MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION 50%-იან წილს ფლობს.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე იკავებდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, თუმცა არაფერი უთქვამს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ბოლო 10 წელია არავითარ თანამდებობას აღარ იკავებს საქართველოს მთავრობაში. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტში მოხვდა და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ, რასთან გვაქვს საქმე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ “საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს”.
ბოლო წერტილი იქნება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის სანქცირება, რისიც ყველაზე მეტად ეშინია, ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად“, – ასე ეხმაურება „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ყოფილი გენერალური პროკურორის დასანქცირებას.
ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო თვითმფრინავით კერძო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
9 სექტემბერს გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ აჩვენეს სიუჟეტი, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. ამ ინფორმაციას არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ.
ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.
რეპორტაჟის ავტორების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა:
„თვითმფრინავია მათია, „ჯორჯიან ეარვეიზი“ ემსახურება. პრემიერი არ მიკვეთავს, მიკვეთავს სამთავრობო დაცვა. ყოველთვის ჩუბინიძის უწყება მიკვეთავს. პრემიერ-მინისტრია, თქვენ რომელიმე ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?! ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება თვითმფრინავი მარტო, ყველგან გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა,“ – აცხადებს „ჯორჯიან ეარვეიზის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, გაიაშვილი ადასტურებს იმასაც, რომ სამთავრობო ბორტი ერთი კვირის განმავლობაში მიუნხენში იყო გაჩერებული, ეკიპაჟი კი 19 აგვისტოსვე უკან დაბრუნდნენ „ჯორჯიან ეარვეიზის“ სხვა რეისით. თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილის წამოსაყვანად რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მიუნხენში ჩავიდნენ, საიდანაც უკვე პრემიერ-მინისტრთან ერთად სამთავრობო თვითმფრინავით დაბრუნდნენ.
12 სექტმერბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა.
„შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია, იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც“, – ამბობს ჩუბინიძე.
ბოლო დეკლარაცია პრემიერმა 2022 წლის ოქტომბერში შეავსო, რომლის მიხედვითაც, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 45 ათასი ლარი იყო. ამავე დეკლარაციაში წერია ისიც, რომ მას მშობლებმა 150 ათასი ლარი აჩუქეს.
ჟოზეპ ბორელის ვიზიტი თბილისში
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი საქართველოს ეწვია და პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და ოპოზციის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის. ევროკავშირი მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, – განუცხადა ჟოზეპ ბორელმა 7 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს ბრიფინგზე. „მაგრამ ასევე უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სერიოზული პასუხისმგებლობაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაც ამა თუ იმ ქვეყანას დაუმსახურებლად ეკუთვნის. ის უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ ვთქვა, კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი“.
ჟოზეპ ბორელის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში ეს სამუშაოა ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია. „და ამ პრიორიტეტების შესასრულებლად ბეჯითად შრომა ბრიუსელის გულის მოსაგებად კი არ არის საჭირო, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, – მათი განუზომელი დასავლური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად“.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას.
12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ საუბრისას, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველომ სამი პრიორიტეტი შეასრულა, ხოლო დარჩენილ ცხრა პრიორიტეტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. „არ არსებობს მოკლე გზა. ევროკავშირში გაწევრიანება დაძაბულ მუშაობას, პოლიტიკურ ნებას და ევროკავშირის ღირებულებებისადმი მკაფიო ერთგულებას მოითხოვს“.
ამასთანავე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენ ასევე გვჭირდება თქვენი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული ომით, ამიტომ ევროკავშირი გააგრძელებს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას… რათა დაეხმაროს ქართველ ხალხს გააძლიეროს საკუთარი მედეგობა ინფორმაციით მანიპულაციის, მათ შორის დეზინფორმაციის მიმართ“.
„მეორე ფრონტის“ შესახებ განცხადებების საპასუხოდ, ბორელმა უარყო მოსაზრება, რომ ევროკავშირს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად სჭირდება და ამას „ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია“ უწოდა. მან მოუწოდა მოსახლეობას არ მოუსმინონ ამგვარ დეზინფორმაციას და ამგვარი მცდარი ნარატივების გავრცელება რუსეთის ინტენსიურ პროპაგანდას დაუკავშირა.
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბორელისგან განსხვავებული გზავნილები ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებულია, ხოლო რამდენიმე მათგანზე, მათ შორის დე-ოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე მუშაობა გრძელდება. მისი თქმით, მთავრობა ორ კვირაში სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელშიც რეკომენდაციის სულისკვეთება იქნება ასახული.
ღარიბაშვილმა საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში გატარებულ მნიშვნელოვან სასამართლო რეფორმებსაც გაუსვა ხაზი, რომელთა მიზანიც, მისი თქმით, სასამართლო სისტემის მეტი ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა. „ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან მაღალი საქართველოში და ზოგადად ევროპული სასამართლოების ნდობის თანაბარი მაჩვენებელი აქვს ჩვენს სასამართლოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის საქმეში ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობისა და ევროპული პერსპექტივის მიღებით.
ჟოზეპ ბორელთან შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ
8 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავის მხრივ. ამავდროს ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების და მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის სამწუხაროდ საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და სამწუხაროდ ზოგიერთი ევრო-პარლამენტარისგან და ევროპელი პოლიტიკოსისგან ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის ასეთი დამოკიდებულება“. – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა არ არის მრავალი მიმართულებით თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ჩამოთვალა კონკრეტული მაგალითები, როგორიც არის რუსეთთან ფრენების აღდგენა”.
პოლიტიკური ჯგუფი „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ „ბატონმა ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა. ჩამოვიდა აქ საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული. დანარჩენებზე სერიოზული მუშაობაა საჭირო, დრო საკმარისია… ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაწილი გაიგეს მემგონი, ნაწილზე იქეთ აუხსნეს როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რომ ის გახდეს ღირსი საქართველოსი.”
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ „საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო „ქართული ოცნებისთვის“. ეს იმიტომ, რომ ხაზი გაესვა რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას. ის ნარატივი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნიდა თითქოს ყველა რეკომენდაცია შესრულებულია კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამით ისინი ვერავის ვერ მოატყუებენ.
სალომე ზურაბიშვილი: ჩემს გადადგომაზე ოცნება მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს
7 სექტმებერს საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის არსად წასვლას აპირებს და მის გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს.
„დღეს, მინდა მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგანაც მე მხოლოდ თქვენს წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ვარ, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. მე ვიცი, რომ თქვენ ამირჩიეთ იმისთვის, რაც მე ვარ, რაც ვიყავი მთელი ცხოვრება, ანუ ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი. ეს არის ის მონაცემები, რის გამოც თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი და მე ამ არჩევნის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული.
მე ვიცი, თქვენ როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. მე ვიცი, რომ ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, ეს იქნება კორუფცია, ადამიანების გადინება ქვეყნიდან, რუსების სრულიად უკონტროლო შემოსვლა ამ ქვეყანაში, ეს ყველაფერი შეიძლება არ იქნება გადაჭრილი, მაგრამ იქნება მოგვარებული ნაბიჯ-ნაბიჯ, როცა ჩვენ შევუერთდებით ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა. ამიტომ მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორ საქართველოს პრეზიდენტის და ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
1 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.