30 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერს ქალაქ სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, გაგრძელდა 13 თვე და 13 დღე და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. კონფლიქტის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა აფხაზეთის რეგიონზე. კონფლიქტში საქართველომ 10 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა და ქვეყანაში გაჩნდა 300 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი, რომლებიც დღემდე ვერ ბრუნდებიან საკუთარ სახლებში. კონფლიქტის დასრულებიდან 30 წლის თავზე რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებს.

ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძის გამო სანქციების შესრულების წესი შეცვალა

19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება გამოსცა და ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. ეროვნული ბანკის განმარტებით, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხება თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ „საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად“, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების „პირველი პრეცედენტია“.

ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისივე მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიც.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, “ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით”.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ნათია თურნავას 3 მოადგილე გადადგა. თანამდებობა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოსა და პირადად მასზე „ზეწოლაში“ დაადანაშაულა.

თურნავამ განაცხადა, რომ მან საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება მიიღო და რომ საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო დაცულები იქნებიან, „თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს“.

სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ, რომ თურნავამ არ გაამართლა მოლოდინები, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მისთვის „ყველაზე ძლიერი საზომია“, რომ საზოგადოებას გაუმართლოს იმედები „ფასების სტაბილურობასთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით“.

თურნავას გადწაყვეტილებაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის წუხს „საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების“ გამო და დასძინა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან აშშ-ის მიერ რუსეთთან დაკავშირებული სანქციების ფარგლებში დასანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქციების რისკის ქვეშ აყენებენ.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე სცემეს

22 სექტემბერს თბილისში საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისის საკრებულოს წევრს „ნაიცონალური მოძრაობიდან”, ირაკლი ეძგვერაძეს.

როგორც ეძგვერაძემ თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარნაძის გვერდით იყვნენ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე. „იარაღით, როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში”, – აღნიშნა ეძგვერაძემ. 

მისი თქმით, მის სახლთან 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

ეძგვერაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების” დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ს წევრები აცხადებენ, სწორედ, ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.

პოლიციამ გლდანში მომხდარი დაპირისპირების დროს დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია. მელია და პარტიის სხვა წევრები მათი თანაპარტიელის, ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად, მას შემდეგ მივიდნენ, რაც თბილისის საკრებულოს წევრი საკუთარ სახლთან სცემეს.

მელიამ დაკავებამდე განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა.

23 სექტემბერს საკრებულოში ერთობლივ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კოლეგაზე თავდასხმაში მონაწილეებისა და ორგანიზატორების დაკავებას და სხვა ოპოზიციონერების – ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ზვიად კუპრავას გათავისუფლება მოითხოვეს.

23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია ექვსი პირი. მათ სამართალდამცავი უწყება საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ძალადობას ედავება.

სუსი: გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა

საქართველოს სახელმწიფო უსართხოების სამსახურმა განაცადა, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუსის ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

ამასთან სუს-ს მტკიცებით, დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა.

სუს-ი აცხადებს, რომ დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება.

სპეცსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოში „დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის“ მოწყობაში უკრაინის სავარაუდო როლზეც იყო საუბარი. უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ამგვარი ჩართულობა უარყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილი განაცხადა, რომ „რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად, რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული „ფე ეს ბეს“ გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. რუსეთის კიდევ ერთი ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის სახელმწიფო დაწესებულებებში რუსული გავლენების დასტური. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია“.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ “ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომო და საგაზაფხულო დაანონსება უბედურების, რომ ზუსტად იციან ვიღაც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს, იარაღით და უბედურებით მოემართება ვიღაც საქართველოში ან აქ აკეთებს ორგანიზებას და დღემდე ვერც ერთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი კონკრეტული ადამიანი, ვერც ერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავებმა გამოიძიეს. ატყდება ხოლმე ძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და ხელში შეგვრჩება ხოლმე მაქსიმუმ ქუჩაში შეხლა-შემოხლა მიტინგების დროს“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.