პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

18 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ვერ შედგა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგი პარლამენტის 1 წევრი იყო.

კენჭისყრის შედეგების შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. კენჭისყრისას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრების გარდა, “ევროპელი სოციალისტები”, “გირჩის” წევრები და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა – 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.

სალომე ზურაბიშვილის წარუმატებელი იმპიჩმენტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინათიმ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „პროცესი საქართველოს პარლამენტში დასრულდა ივანიშვილის მარცხით, რადგან მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, რომ იმპიჩმენტი შემდგარიყო, თუმცა მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მიადგა ძალიან დიდი ზიანი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისთვის.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ „დღევანდელი დღე „ქართული ოცნებისთვის“ არის მარცხის დღე და ამ მარცხზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს კობახიძემ, რომელმაც წამოიწყო ქვეყნისთვის  ეს ძალიან დამაზიანებელი პროცესი და ასევე პარტიისთვის.”

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წარუმატებელ მცდელობას ევროპარლამენტარების შეფასებებიც მოჰყვა.

„საღი აზრის გამარჯვება, საქართველოს კონსტიტუციის გამარჯვება, საქართველოს ევროპული მომავლის გამარჯვება“. – წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე.

„დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო მედეგი აღმოჩნდა, ვიდრე ოლიგარქიული.“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.

საკონსტიტუცია სასამართლო: პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში 16 ოქტომბერს გამოცხადდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს დასკვნას, რომლითაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს, მხარი საკონსტიტუციოს 9 მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა. მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული  მოსაზრება დააფიქსირეს, არიან: ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში.

პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მიმართეს. მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა აქვთ წამოწყებული. თავად პრეზიდენტის პოზიციაა, რომ უცხოეთში ვიზიტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მართავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ახლა პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს, სადაც ამისათვის 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირეებს ამ ეტაპზე 100 მანდატი არ აქვთ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს „ელემენტარული ღირსება“ რომ ჰქონდეს შერჩენილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობიდან მყისიერად გადადგებოდა.

„თუმცა ისიც გვესმის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და ის ვერც გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებს იმ ძალების თანხმობის გარეშე, რომლებიც მას საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევისკენ უბიძგებდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი „ტრაგი-კომიკურად“ აფასებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მათ „რუსული შოუს“ გაგრძელებად აფასებს.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი „ნაკარნახევია რუსეთის მხრიდან“, ხოლო მმართველი პარტიის პოლიტიკა „ეფუძნება პუტინის ინსტრუქციებს“. მისი შეფასებით, „ოცნებას“ სურს მიაყენოს დარტყმა ინსტიტუტს, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლომ სწორედ მმართველი პარტიის სურვილი შეასრულა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში

10 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოვიდა. 11 ოქტომბერს ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირისპირ შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რასაც მოყვა მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია.

ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო „შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას“ და ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას“.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში მიღწეულ პროგრესზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და „მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული“. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობაზეც ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში“.

12 ოქტომბერს, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა თელავში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეს-კონფერენციას წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი სამიტი.

თავისი სიტყვის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ „ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება“, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში“. ღარიბაშვილის თქმით, „ეს მოიცავს რათქმაუნდა ჩვენი ქვეყნების სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძელია არ ავღნიშნო ბატონი  ვიქტორ ორბანის ღვაწლი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების  დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში, მე უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს გაუმართლათ, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“.

ღარიბაშვილმა მეფე ერეკლე მეორის შესახებაც ისაუბრა და მას „ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი“ უწოდა, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ევროპასთან დაახლოება იყო. პრემიერის თქმით, სამწუხაროდ მაშინ, ევროპელი მონარქების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს. „მაგრამ დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც არის ბატონი ვიქტორ ორბანი“.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მაღალ შეფასებას აძლევ საქართველოს ბრძოლას ქრისტიანობისთვის.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელასც რამდენიმე ასი წელია აწარმოებთ, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული სახელმწიფო. ჩვენ ვიცით, თუ რა ბრძოლაა, ჩვენი უნგრული ისტორიიდან ვიცი ეს, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც თავის რწმენას არ თმობდნენ“, – განაცხადა ორბანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ახალ „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა. თევზაძის თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მაინც მოაწერა, რადგან ის მნიშვნელოვან პრობლემებს აწესრიგებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „საქართველოს თავდაცვის კოდექსს“, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, „საყარაულო“ ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა.

ეროვნული თავდაცვის საბჭოს, „თავდაცვის კოდექსით“ განსაზღვრული უფლებამოსილება და საქმიანობის წესი იმ მოცემულობას არ ესატყვისება, რომელიც კონსტიტუციითაა დადგენილი, რის გამოც, გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას“, – განაცხადა თევზაძემ.

ახალ თავდაცვის კოდექსს კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური იყო ლიბერტარიანული პარტია “გირჩი,” რომელიც თვლის, რომ ახალი კოდქსის მიღება მის მიერ დაფუძნებული რელიგიური კონფესია “ბიბლიური თავისუფლების” წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის საშუალებითაც ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს ამბობდნენ.

აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელი გადასცა.

რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია, წარმოადგინოს ამერიკის პრეზიდენტი ბაიდენი. მისივე თქმით, ელოდება მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს პრეზიდენტთან, მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პრეზიდენტს გულთბილი მოკითხვა შემოუთვალა და მას და ქართველ ხალხს კეთილდღეობა უსურვა“, – აღნიშნა რობინ დანიგენმა.

12 ოქტომბერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც მათ შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა ყველა პრიორიტეტულ სფეროში, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ოთხივე მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა.

უწყება წერს, რომ რობინ დანიგენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე  საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების – ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.