საქართველოს ვიცე-პრემიერი ჩინეთში ბანკეტს პუტინთან ერთად დაესწრო
ჩინეთში 18 ოქტომბერს გამართული “სარტყლისა და გზის ფორუმის” ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ღონისძიების ფარგლებში გამართულ ბანკეტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო. ამას გარდა, ცალკეული ჩანაწერიდან ჩანს, რომ ვიცე-პრემიერი, ჩინეთში საქართველოს ელჩთან ერთად, დაესწრო პუტინის სიტყვით გამოსვლასაც.
ამას გარდა, ღონისძიების სხვა ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ვიცეპრემიერი დავითაშვილი, ჩინეთში საქართველოს ელჩ არჩილ კალანდიასთან ერთად ფორუმზე პუტინის სიტყვით გამოსვლასაც უსმენდა.
რუსეთის მხრიდან, ვლადიმირ პუტინის გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვიც.
ამ საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა: „კონფერენციებს ახასიათებს, რომ მას ესწრებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. დისკომფორტი არის როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დისკომფორტი და უფრო მეტიც არის და იმისთვის ვშრომობთ, იმისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა გაძლიერდეს და მშვიდობიანად დაიბრუნოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები. ვფიქრობ, ამომწურავად გაგეცით პასუხი“.
თბილისის მერმა კახა კალაძემ კი განაცხადა, რომ „ეს არის თითიდან გამოწოვილი ჩვეულებრივი სისულელე, რასაც ცდილობთ თქვენ გააკეთოთ, მაგრამ არაფერი არ გამოვა. ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, რომ აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს დელეგაცია მიწვეული იყო [ისევე], როგორც სხვა დელეგაციის წევრები. შესაბამისად, საქართველომაც მიიღო მონაწილეობა“.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი: ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოს მიმართ მტრულადაა განწყობილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ო’ბრაიენის შეფასებები ყოველთვის მტრული იყო.
„მე ვფიქრობ, ო’ბრაიენის განცხადებები საქართველოს მიმართ ყოველთვის მტრული იყო და ახლაც არ მოველოდით, რომ რაიმე სიკეთეს იტყოდა. მით უმეტეს, ის ანდრეი ერმაკთან ერთად მუშაობს, რომელსაც თავად უკრაინელები რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაში ადანაშაულებენ […] ის თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, ო’ბრაიენისა და ო’ბრაიენების ინტერესებს არ შეესაბამება. ის ზუსტ შესაბამისობაშია იმ პოზიციასთან, რაც ზელენსკის გააჩნია“. – თქვა ვოლსკიმ.
ო’ბრაიენმა სენატში საქართველოზე საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, თუმცა, შეიძლება, ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენების მქონე გარკვეულ ჯგუფებს ერჩივნოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის რუხ ზონად დარჩენა. როგორც მაღალჩინოსანმა განმარტა, აშშ-მ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები სწორედ გარდამტეხი წერტილის მისათითებლად დააწესა.
„საკითხავია ბიზნესების მცირე ჯგუფები და სხვები, ვისაც პოლიტიკური გავლენა აქვს, ხომ არ სურთ იყვნენ რუხი ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის“. – თქვა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.
ვოლსკის განცხადება კრიტიკულად შეაფასა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ: „საკუთარი თავის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ნაცრისფერ ზონაში მოქცევის ერთ-ერთი ჭეშმარიტი გზაა, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი უწოდო“.
პაპუაშვილი: USAID და EED საქართველოში ექსტრემიზმს აფინანსებენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 24 ოქტომბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) წინააღმდეგ მორიგი ბრალდებები გააჟღერა და განაცხადა, რომ ზოგიერთი მათი პროგრამა „ექსტრემიზმსა“ და „პოლარიზაციას“ ახალისებს. მან აშშ-სა და ევროკავშირისგან „განმარტებების გაკეთება“ მოითხოვა იმ ფონზე, როცა მმართველმა პარტიამ და უსაფრთხოების სამსახურმა სამოქალაქო აქტივისტებზე ზეწოლა გააძლიერეს.
„უკვე მერამდენე სკანდალია, რომელშიც USAID ეხვევა და ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, რამდენიმე ჩინოვნიკი ადგილზე USAID-ში ასე უდიერად ეპყრობა იმ კეთილ სახელს, რომელიც ამერიკელი ხალხის დახმარებას აქვს საქართველოში“.
ამ კონტექსტში, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ USAID-ის მხრიდან დღემდე არ არის პასუხი, ერეოდა თუ არა ორგანიზაცია 2020 წლის არჩევნებში, თუმცა „ამ შემთხვევაში პასუხის არქონაც დადასტურება არის, რომ 2020 წლის არჩევნებში USAID ერეოდა არჩევნებში იმით, რომ მისი დაფინანსებული ორგანიზაცია [ISFED] ავრცელებდა ყალბ შედეგებს პარალელური დათვლისა [რაც ISFED-მა არაერთხელ უარყო], ხოლო თავად USAID-ის ჩინოვნიკებმა იცოდნენ ეს და უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას”.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული შეკრული წრეა. ერთი მხრივ, ხდება დატრენინგება ადამიანებისა, რომ მათ უფრო რადიკალური დღის წესრიგი ჰქონდეთ. შემდეგ ხდება მათი მხარდაჭერა, როდესაც რადიკალური აქციები ტარდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „საბოლოო ჯამში, ხდება მათი მფარველობა, როდესაც ისინი არღვევენ კანონს… ჯარიმების გადახდა არის კარტ-ბლანში მოძალადეებისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი“.
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ერინ მაქიიმ, 26 ოქტომბერს უარყო „ქართული ოცნების“ ბრალდებები, რომ USAID საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანაში „ექსტრემისტებს აფინანსებს“.
ელჩმა მაქიიმ განაცხადა, რომ „უპირველეს ყოვლისა, USAID მუშაობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა დემოკრატიული პროცესის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას დაეხმაროს“. მისი თქმით, წარმატებული დემოკრატიის საფუძველია თავისუფალი, სამართლიანი და უსაფრთხო არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოქალაქის ხმა გაგონილი იყოს. „ნებისმიერი მტკიცება, რომ შეერთებული შტატები USAID-ის მეშვეობით მხარს უჭერს რევოლუციას, ცალსახად მცდარია და გულწრფელად რომ ვთქვათ, დეზინფორმაციაა“, – აღნიშნა მან.