ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დათქმებით მინიჭების რეკომენდაცია გასცა

8 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ დასკვნაში ევროკომისიამ ბლოკის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

„კომისიის რეკომენდაციაა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, დათქმით, რომ მთავრობა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს რეფორმების კუთხით“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

მან აღნიშნა, რომ ევროკომისია მხარს უჭერს ქართველთა უმრავლესობის გულწრფელ სურვილს ევროკავშირში გაწევრებაზე. „კომისია აცნობიერებს, რომ გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები – ოპოზიციის ზედამხედველობა პარლამენტში გაიზარდა, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო“, – ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი. 

ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ, 2023 წლის დეკემბერში. 

კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაა.  

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

„ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გავაგრძელებ ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები“, – წერს პრეზიდენტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის შეფასებას ეხმაურება და ამბობს, რომ დღეს „სიმართლემ გაიმარჯვა“.

„მოგეხსენებათ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ იტყვიან, 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად, მკაფიოდ დადებითი და პოზიტიური. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროკომისიის გადაწყვეტილება შეაფასეს ოპოზიციიის წარმომადგენლებმა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაფასებულია ქართველი ხალხის ნება – ევროკავშირმა რუსეთთან პირისპირ არ დაგვტოვა!“ – აღნიშნა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„მინდა მივულოცო ქართველ ხალხს ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ევროკავშირი არის საქართველოს ერთგული მეგობარი. ამავდროულად, მინდა მივუსამძიმრო „ქართულ ოცნებას“. ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო დადებითი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“. – თქვა პარტია „ლელო – საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა. მე მინდა ეს პირველი წარმატება და ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს.” – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა.

„ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ქართველი ხალხის მრავალწლიანი უწყვეტი ბრძოლის შედეგია. საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეს ევროკომისიის რეკომენდაცია სხვაგვარი ყოფილიყო. საქართველოს მოქალაქეებმა ეს შანსი არაერთხელ გადაარჩინეს.” – ვკითხულობთ ოპოზიციური პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროას“ ერთობლივ განცხადებაში.

სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს 

6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს და საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი გაიტაცეს. 

„2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე“. – ნათქვამია განცხადებაში.

6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა სოფელ კირბალში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოკლულს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

„მე ვნახე, მე ჩავაცვი, მე ჩავაწვინე. 2 ტყვია აქვს მოხვედრილი… 2008 წელს მონაწილეობდა ომში წოდებით მაიორი იყო და როგორც ვიცი ეძებდნენ, როგორც ომის მონაწილეს და დაიჭირეს კიდევაც, მეტი არაფერი ვიცი“, – აღნიშნა მან.

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმარზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „კაგებე”-მ. დე ფაქტო ვერსიის თანახმად: „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გაფრთხილების მიზნით ისროლეს და კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანის საბურავებს”.  

თამაზ გინტური, რომელიც 6 ნოემბერს მოკლეს ოკუპანტებმა , 25 ოქტომბერს მთავარ არხთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ ოკუპანტები მოქალაქეებს კირბალის ლომისას სალოცავში ასვლის შესაძლებლობას არ აძლევნდნენ. 

„აკრძალული გვაქვს ლომისაზე ასვლა, ვერ ავალთ. ვიღაც რომ ავიდეს და დაიჭირონ იმათმა, მიჰყავთ ეგრევე“, – აღნიშნა გარდაცვლილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე საუბრისას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება გააკრიტიკა. ღარიბაშვილის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობა “არის შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც დამყარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ”.

„საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა და რომელმაც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მოვუწოდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრობას, მოახდინონ სათანადო რეაგირება მომხდარ დანაშაულზე. საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი!“ – დაწერა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა დაგმო.

ალიშერ უსმანოვმა ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ აშშ-ს მიერ სანქცირებული კომპანიის Metalloinvest-ის დამფუძნებელმა ალიშერ უსმანოვმა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ლიბერთი ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ქართულმა სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში ქართული იურიდიული კომპანია MKD LAW დაიცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მხარე სადავოდ ხდის აშშ-ს დაწესებული სანქციების  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხარვეზიან იმპლემენტაციას, რომლის შედეგადაც, ლიბერთი ბანკმა Metalloinvest-ის დამფუძნებელს მასთან განთავსებული რამდენიმე მილიონიანი ევროს რაოდენობის აქტივებზე წვდომა სრულიად შეუზღუდა.

წარმომადგენლის განმარტებით, ლიბერთი ბანკის მიერ ნორმატიული დოკუმენტი, რომელიც Metalloinvest-ისთვის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილების საფუძველი იყო, არ გამოქვეყნებულა და ლიბერთი ბანკი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილს დაეყრდნო. წარმომადგენლის პოზიციით, ლიბერთი ბანკმა მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფრო მეტი შეზღუდვა დაუწესა, ვიდრე ამას ამერიკული სანქცია ითხოვდა. აღნიშნულის შესახებ MKD LAW-ს წარმომადგენელმა სანდრო სამადბეგიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

კომპანია Metalloinvest-ი შვეიცარიაში რეგისტრირებული სამთო მოპოვების და მეტალურგიული კომპანიაა, რომელიც რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებში რამდენიმე ქარხანას ფლობს. კომპანიის აქტივები რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი დამფუძნებელი ალიშერ უსმანოვი აშშ-ს მიერ სანქცირებული პირია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.