რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

აშშ-ის ელჩი: ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს, რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი

საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საგარეო და შიდა პოლიტიკორი საკითხები მიმოიხილა.

დანიგანმა საქართველოს მოქალაქეებს მიულოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მისი თქმით, ეს “მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ვთვლი, რომ ეს აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის თვალსაზრისით.”

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ “ნატოს წევრებს სჭირდებათ დაინახონ სულ უფრო მეტად დასავლეთისკენ მომზირალი საქართველოს მთავრობა, რომელიც სულ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული დასავლეთში, გადადგამს პოლიტიკურ ნაბიჯს დემოკრატიის განსამტკიცებლად. და კვლავ, ამას სჭირდება ერთიანობა და ეს უნდა იყოს პროცესი, რომელიც ევროინტეგრაციის პარალელურად წარიმართება.”

ახალმა ელჩმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ “დემოკრატიაში უმნიშვნელოვანესია მოქალაქის ხმა იყოს გაგონილი და ეს ხმა იყოს სამართლიანად დათვლილი, რომ მათ შეძლონ აირჩიონ ხელისუფლება, რომელიც სურთ. შეერთებული შტატებიც ჩართული იქნება ამ პროცესში და უკვე არის კიდეც.”

დანიგანმა რუსეთის მიერ ოჩამჩირეში სამხედრო პორტის მშენებლობას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა უწოდა, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, ელჩმა ისაუბრა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე. მისი თქმით, “იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა.”

მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების განცხადებები USAID-ის რევოლუციაში ჩართულობის შესახებ იმდენად სასაცილოა, იმედი აქვს, მომავალში ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მოუწევს.

ელჩმა ასევე სასაცილო უწოდა  ქართული ოცნების რიტორიკას „გლობალური ომის პარტიაზე“, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევა სურს.

IRI-ის კვლევა: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 86% უჭერს მხარს  

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის [IRI] კვლევის თანახმად, საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს გამოკითხულთა 51%.

32% – აშშ-ს, 19% – აზერბაიჯანს, 17% – უკრაინას, 16% – თურქეთს, 9% – სომხეთს, 9% – რუსეთს და დიდ ბრიტანეთს, 7% – ისრაელს, 6% – ჩინეთს, 1% – ირანს. რესპონდენტებს რამდენიმე პარტნიორის დასახელება შეეძლოთ.

რაც შეეხება უმთავრეს ეკონომიკურ პარტნიორებს, 43% ასეთად მიიჩნევს ევროკავშირს, 31% – აშშ-ს, 28% – თურქეთს, 24% – აზერბაიჯანს, 16% – რუსეთს, 12% – უკრაინას. რესპონდენტებს რამდენიმე პარტნიორის დასახელება შეეძლოთ.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, გამოკითხულთა 44%-ის აზრით, უნდა იყოს სრულიად პროდასავლური [მარტში ასე 50% მიიჩნევდა]. 33% ამბობს, რომ პროდასავლური, თუმცა უნდა შენარჩუნდეს ურთიერთობა რუსეთთან. 8% – რომ პრორუსული, დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნებასთან ერთად. 3% მხარს უჭერს მხოლოდ პრორუსულ საგარეო პოლიტიკას.

ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ჯამში, 86%. მარტში ამას მხარს უჭერდა 89%. რესპონდენტთა, ჯამში, 74% ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას ნიშნავს. ეწინააღმდეგება – 17%. ცვლილებები მარტის კვლევასთან შედარებით, ფაქტობრივად, ცდომილების ზღვარშია.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, მთლიანობაში, ამას მოქალაქეთა 79% უჭერს მხარს.  

კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 77% საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს რუსეთს. 12% – თურქეთს, 9% – აშშ-ს.

ეკონომიკური საფრთხის მხრივ, რუსეთს უმთავრეს საფრთხედ ასახელებს 69%, თურქეთს – 11%. აშშ-ს – 6%, ჩინეთს – 5%.

რუსეთთან დიალოგს ემხრობა, ჯამში, 57%, არ ემხრობა – 40%. მომხრეთა ჯამური რაოდენობა მარტის კვლევასთან შედარებით გაზრდილია 4%-ით, მოწინააღმდეგეთა რაოდენობა შემცირებულია 1%-ით [ცდომილების ზღვარშია].

გამოკითხულთა 6% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულდა და ნაკლებსავარაუდოა, გაგრძელდეს. 16% ამბობს, რომ დასრულდა და სავარაუდოა, გაგრძელდეს. 73% მიიჩნევს, რომ აგრესია არ დასრულებულა.  

გარდა ამისა, გამოკითხულთა 73% არ ემხრობა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, ბიზნესის რეგისტრირება ან ქონების ყიდვა. 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 18 წელზე უფროსმა 1200-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევაში არ მიუღიათ მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრებს.  გამოხმაურების მაჩვენებელმა შეადგინა 73%. ცდომილების ზღვარი შეადგენს -+2,5%-ს. კვლევა დაფინანსებულია USAID-ის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.